პირველი ლიგა | ‘არმიამ’ პირველი წრე დაუმარცხებლად განვლო

პირველი წრე ‘არმიამ’ დაუმარცხებლად განვლო. ბექა სხულუხიას ბიჭებმა 9-ვე შეხვედრაში იმარჯვეს, თუმცა მდევარი ‘არწივები’ გადადებულ შეხვედრაში ‘ტაოსთან’ წარმატების შემთხვევაში, ჩამორჩენას მინიმუმამდე შეამცირებენ.

აღსანიშნავია, რომ „არმიელები“ მეორე წრეს ‘ტაოსთან’ და დიდი 10-ის საგზურის ჭიდილში უშუალო კონკურენტ ‘არწივებთან“ მატჩებით დაიწყებენ. მესხებს მოგებათა ფეიერული სერია ‘ხვამლმა’ შეაწყვეტინა. მუხიანელები ‘ტაოს’ ცხრილში გაუტოლდნენ და უკეთესი პირისპირ ბალანსის ქონის გამო პირველი წრე მესამე ადგილზე ჩაამთავრეს. ‘ხვამლს’, მესხების მსგავსად გადადებული შეხვედრა რჩება გასამართი ( ‘ბორჯომთან’). ლიგაში დარჩენაზე მებრძოლ ცხრილის ბოლო სამეულს (‘ბორჯომი’, ‘ჯიქი’, ‘ჭადარი’) შორის კი მდგომარეობა უცვლელი დარჩა.

პირველი წრის დასკვნით ტურში ‘არმიამ’ აუტსაიდერ ‘ჭადართან’ 42 უპასუხო ქულით, მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა. კახელებმა ლიდერს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და მატჩის მიწურულს თავიანთი უბერებელი, 35 წლის მგეზავის თენგიზ ცისკარიშვილის გატანილი ლელოთი მხოლოდ „მშრალი“ ანგარიშით მარცხისგან თავის დაღწევა მოახერხეს.

მეტოქეთა კლასში არსებული სხვაობა თამაშის პირველივე წუთებიდან გახდა თვალშისაცემი. „არმიელები“ სისწრაფეზე ხაზს იოლად ჭრიდნენ და კახელებს სტატიკაშიც ჯაბნიდნენ. ბექა სხულუხიამ შეგირდებს ვარჯიშზე რამდენიმე დამუშავებული კომბინაციის სისრულეში მოყვანაც დაავალა, რასაც „არმიელებმა“ თავი კარგად გაართვეს. ‘არმიამ’ მთლიანობაში 9 ლელო გაიტანა. მარბიელმა დავით ივანოვმა და ფრთა გიორგი ბრაჭულმა „დუბლი“ მიითვალეს. უნარიანი თამაშით გამორჩეულმა „არმიელთა“ ჰავბეკმა გიორგი ბოხუამ 6 გარდასახვის შესრულება ითავა და ხშირად მახვილი კუთხეებიდან დარტყმის მიუხედავად, ყველა ჯერზე ოვალი ძელებს შორის გაატარა – 61:5. 2 ნუგეშ-ქულის მქონე, მონაწილეთა შორის ერთადერთმა მოუგებლად მყოფმა ‘ჭადარმა’ პირველი წრე ბოლო ადგილზე ჩაამთავრა და პლეი აუტის ადგილზე მყოფ ‘ჯიქს’ 3 ქულით ჩამორჩება.

ლიდერის მდევარ ‘არწივებს’, პირველობის დებიუტანტი ‘ბორჯომი’ ოზურგეთში ესტუმრა და გარკვეული წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია, თუმცა მხოლოდ მგეზავ ირაკლი გოდერძიშვილის გატანილ ეულ ჯარიმას გამორჩა. მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა თორელთა მხტომელმა ნიკა მჭედლიძემ პრესტიჟის ლელოს გატანაც მოახერხა. მასპინძლებმა კი პირველ ნახევარში გატანილ 3 ლელოს, მეორე ტაიმში 4 ლელო წამატეს და დაგეგმილი ბონუსით – 47:8 იმარჯვეს.

გურულები სტატიკაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ და ლელოთა დიდი ნაწილი სწორედ მასპინძელ მორკინალთა აქტიური თამაშის შედეგად იქნა გატანილი. მატჩის გამორჩეული მოთამაშე გივი ცინცაძე გახლდათ. ‘არწივების’ შუამარბმა 7 ცდიდან 6 გარდასახვა გამოიყენა და საწყის წუთებზე გატანილი ლელოთი საკუთარი გუნდის წარმატებას სათავე დაუდო.

ტურის გამორჩეული შეხვედრა მუხიანში გაიმართა. „ხვამლი არენაზე“ ცხრილის მოწინავე კვარტეტში მყოფნი ‘ხვამლი’ და ‘ტაო’ დაუპირისპირდნენ. ტაიმზე ოდნავ მეტი დროის განმავლობაში უკეთ მესხები ირჯებოდნენ. დაცვაში საიმედო თამაშთან ერთად ‘ტაო’ შეტევაშიც აქტიურობდა რაც ანგარიშშიც აისახა. ბურჯ საბა ბუხრიკიძის ლელო მესხების მგეზავმა ოთარ ტალახაძემ გარდასახა, 2 ჯარიმაც მიაყოლა და საკუთარი გუნდი – 13:3 დააწინაურა, თუმცა ამის შემდეგ ‘ტაო’ „აიჭრა“.

მესხებს უპირატესად პრობლემები მოლში გაუჩნდათ. სტუმართა არაერთმა თამაშგარემ მუხიანელებს ხელ-ფეხი გაუხსნა. დავით ცხვედიანის ბიჭებმა ჯარიმების ხარჯზე მოპოვებული სივრცის უპირატესობიდან მაქსიმუმი გამოადნეს და დარჩენილ დროში მღლეტელ ბექა არველაძის, ჰავბეკ ფრიდონ წიკლაურისა და შუამარბ ლუკა ცხვედიანის გატანილი 3 უპასუხო ლელოთი მესხები სამატჩო ქულის გარეშე დატოვეს – 21:13.

დიდი 10-ის ყოფილი ბინადრების ‘არმაზისა’ და ‘ვეფხვების’ შეხვედრა დაძაბული და უხვქულიანი გამოდგა. ქომაგმა 2 განსხვავებული ტაიმი იხილა. ქვემო ქართლელები პირველ ნახევარში მეტს უტევდნენ, გარე კახელები კი უმეტეს ყურადღებას დაცვას უთმობდნენ. შედეგად, ‘არმაზმა’ 3 გარდასახული ლელოს მეშვეობით ტაიმი – 21:3 მოიგო.

მეორე ტაიმში პატარძეული საგრძნობლად გააქტიურდა. გარე კახელებმა უკეთესი ფიზიკური კონდიციების, მეტი სარაგბო კომუნიკაციისა და მწყობრი შეტევების წყალობით 5 უპასუხო ლელოს გატანა მოახერხეს და ბონუსით მოგებამდე მცირედი დააკლდათ – 39:21 მოიგეს. სტუმართა კვაჭმა გოჩა დიასამიძემ „დუბლი“ შეასრულა. მატჩის ყველაზე შედეგიანმა მოთამაშემ, ‘ვეფხვების’ მგეზავმა ლაშა ბრეგვაძემ კი 4 გარდასახვასა და 2 გატანილ ჯარიმას, ბოლო წუთებზე ლელოც წაუმატა და სეზონში საკუთარი გუნდის მეხუთე გამარჯვება დააფიქსირა, რამაც ზვიად ცუხიშვილის ბიჭებს ცხრილში მეხუთე ადგილზე დამკვიდრების შესაძლებლობა მისცა. ქვემო ქართლელებმა კი პირველი წრე მეშვიდე პოზიციაზე ჩაამთავრეს.

გორის ‘ჯიქი’ კვლავ პირველობის სადებიუტო შეხვედრის მოგების ამარა რჩება. შიდა ქართლელებმა მიჯრით მერვე მარცხი ამჯერად საკუთარ არენაზე, ჭალის დასახლებაში ქუთაისის ‘ბაგრატთან’ შეხვედრაში იწვნიეს. რიონისპირელებმა 4-მატჩიანი მარცხიანი სერიის შემდეგ ბონუსით იმარჯვეს და პირველი წრე მეექვსე ადგილზე დაასრულეს.

‘ჯიქმა’ წინა ტურის შეხვედრის მსგავსად, ამჯერზეც კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა მწირმა მარქაფამ ნიკო ჭავჭავაძის ბიჭებს პოზიტიური შედეგის მიღწევის შესაძლებლობა არ მისცა. ფიცხელ ბრძოლაში გადამწყვეტი უპირატესობა რიონისპირელებმა გამოცდილებისა და ოდნავ უკეთესი სტატიკის ქონის ხარჯზე მოიპოვეს და თან მასპინძლებს მატჩის მიწურულს დაღლა აშკარად დაეტყოთ.

‘ბაგრატის’ წარმატებას სათავე ბურჯ ალეკო გიგაშვილის მოლით დადებულმა ლელომ დაუდო. ბოლო წუთებზე კი შერკინებიდან ფრთაზე ჩატანილი ოვალი, სტუმართა მარბიელმა თორნიკე იობიძემ ლელოდ აქცია, რამაც ‘ბაგრატს’ ბონუს-ქულაც არგუნა – 38:18. ‘ბაგრატმა’ მთლიანობაში მასპინძლებზე სამით მეტი, 5 ლელოს გატანა მოახერხა და სეზონში მეოთხე მოგებაც გაიფორმა.