პირველი ლიგა | ‘არმიამ’ ლიდერთან სხვაობა შეამცირა

ოზურგეთის ‘არწივებმა’ პირველობის მე-12 შეხვედრაც თავის სასარგებლოდ დაასრულა, თუმცა ამ ჯერზე ბონუსის გარეშე იმარჯვა, რამაც მდევარ ‘არმიას’ ლიდერ გურულებთან ჩამორჩენა 4-ქულამდე შეამცირებინა. ‘ტაო’ და ‘არმაზი’ მხოლოდ ნუგეშ-ქულას დაჯერდნენ. ცხრილში ტოლ-სწორად მყოფ მეტოქეთა ჭიდილში მესხებმა მესამე პოზიცია უკეთესი საერთო ბურთების სხვაობის ქონით შეინარჩუნეს. ‘ვეფხვებმა’ მეხუთე ადგილი გაიმყარეს და პლეი ოფისკენ მძლავრი ნაბიჯი გადადგეს.

‘იუნკერებმა’ 5-მატჩიანი მარცხიანი სერია დაასრულა, რამაც კიკეთელებს პლეი ოფის ზონაში ანაცვლების შესაძლებლობა მისცა. ზედიზედ 2 მოგებით ‘გორი’ პლეი აუტის ადგილიდან მე-7 პოზიციაზე დამკვიდრდა და კიკეთელებს კვლავ 1 ქულით ჩამორჩება. შიდა ქართლელებს 2 ქულით ‘მათე’ ჩამორჩა, რომელიც მდევარ ‘ბაგრატს’ 1 ქულით უსწრებს. რიონისპირელებმა ცხრილში პლეი აუტის ადგილზე ჩაინაცვლეს და ბოლო, გასავარდნ ადგილზე მყოფ ‘ბორჯომს’ კვლავინდებურად 13 ქულით უსწრებენ.

ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონზე ‘არწივები’-‘არმაზის’ შეხვედრა დაძაბული და უხვქულიანი გამოდგა. პირველ წრეში, საშინაო 48-ქულიანი მარცხის შემდეგ გვარიანად მოღონიერებულმა ქვემო ქართლელებმა გურულებს ჯეროვანი წინააღმდეგობა უწიეს და მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში მყოფებმა, მიჯრით 2 გარდასახული ლელოთი ანგარიშში ჩამორჩენა ჯერ 9-ქულამდე შეამცირეს, ბოლო წუთებზე კი გამოცდილი მგეზავის ბახვა კობახიძის გატანილი ჯარიმით ნუგეშ-ქულასაც გამორჩნენ – 40:34. ‘არწივებმა’ მიმდინარე სეზონში ბონუსის აღება მესამე შეხვედრაში ვერ შეძლო.

გია ამირხანაშვილის შეგირდები უპირატესობას სტატიკურ ფაზებში ფლობდნენ, მეტოქეს დერეფანსა და მოლში აღემატებოდნენ, რაც მასპინძელთა 6 გატანილ ლელოში აისახა. ‘არწივების’ უკანა ხაზსა და ცენტრის რგოლში არსებული პრობლემებით კი ‘არმაზმა’ კარგად ისარგებლა, კონტრშეტევებზე, არეულ თამაშში გურულებს 4 ლელო დაუდო. სტუმართა ფულბეკმა გიორგი ნავროზაშვილმა „დუბლი“ შეასრულა.

ლიდერის მდევარმა ‘არმიამ’ ქუთაისის ‘ბაგრატს’ „რაგბი პლატოზე“ საშინაო მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაუწყვიტა და დაგეგმილი ბონუსიც უპრობლემოდ აიღო. ლევან ობოლაძის ბიჭები მეტოქეს რაგბის ყველა კომპონენტში აღემატებოდნენ და 5 უპასუხო გატანილი ლელოთი შესვენებაზე 33-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ. მეორე ტაიმში გუნდებს დიდი ბრძოლით თავი დიდად აღარ გამოუდიათ. „არმიელთა“ შუამარბმა გიორგი ხარშილაძემ „დუბლი“ გაიფორმა, ვინაც მატჩის პირველი და ბოლო ლელოს ავტორი გამოდგა – 38:0.

‘ვეფხვები’-‘ტაოს’ ტურის გამორჩეულ შეხვედრას რუსთავის „ხარები არენამ“ უმასპინძლა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და გამარჯვებული ბოლო წუთებზე გაირკვა. მართალია, სტატიკაში უკეთ ‘ტაო’ გამოიყურებოდა, თუმცა ჩინებულად ირჯებოდა გარე კახელთა უკანა ხაზი. ‘ვეფხვების’ მღლეტელმა მამუკა ბაქრაძემ „დუბლი“ შეასრულა, ხოლო ნომინალური მასპინძელის მგეზავმა ლაშა ბრეგვაძემ თანაგუნდელთა დადებული სამივე ლელო გარდასახა და 4 ჯარიმაც ძელებს შუა ზუსტად გაატარა.

‘ტაომ’ მხოლოდ 2 ლელოს გატანა მოახერხა და ანგარიშში ბოლოს ლეგენდარული ბორჯღალოსანის გოშა შკინინის ლელოთი მეორე ტაიმის შუაწელს დაწინაურდა, თუმცა დაცვაში დაშვებული შეცდომების შედეგად მესხები მხოლოდ ნუგეშს გამორჩნენ. ‘ტაოს’ მგეზავმა გიორგი ჯღამაიამ თავის მეხუთე გატანილი ჯარიმით საკუთარ გუნდს ქულა მოუპოვა – 33:27.

ჭიათურას ‘მათე’ გორის ‘გორს’ საკუთარი ქალაქის ცენტრალურ არენაზე დაუხვდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მეტოქეებმა 2-2 ლელოს გატანა მოახერხეს. ანგარიშში მდევრის როლში მყოფი ზემო იმერლები მატჩის მიწურულს მხტომელ ირაკლი წივწივაძის ლელოთი მინიმალური სხვაობით დაწინაურდნენ, თუმცა დარჩენილ დროში შიდა ქართლელთა ფრთა მიხეილ ჩადუნელმა თავისი მეორე დადებული ლელოთი ნიკო ჭავავაძის გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუპოვა – 21:17. აღსანიშნავია, რომ გორელთა დამრიგებლის ვაჟმა, შუამარბმა გიორგი ჭაჭავაძემ ზუსტ გარდასახვას, 3 გატანილი ჯარიმაც დაურთო და საკუთარი გუნდის მიჯრით მეორე გამარჯვებაშიც დიდი წვლილი შეიტანა.

ტურის დასკვნით შეხვედრაში ‘იუნკერებმა’ აუტსაიდერ ‘ბორჯომს’ „ხვამლი არენაზე“ უმასპინძლა. კიკეთელები წარმატების შემთხვევაში პლეი ოფის ზონაში ინაცვლებდნენ, თორელებს კი ლიგაში დარჩენის გარკვეულ შანსს მხოლოდ გამარჯვება უნარჩუნებდა. პირველი ტაიმი კიკეთელთა კარნახით წარიმართა. ‘იუნკერების’ ბურჯ გიორგი შამათავას ლელოს, მეტოქის მხრიდან მოლის მრავალჯერადი ჩაქცევისთვის დანიშნული ტექნიკური ლელოც მოჰყვა და გიორგი ნოზაძის ბიჭები შესვენებაზე 16-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ.

მეორე ნახევარში თორელები გააქტიურდნენ. მარბიელ შაკო ჯავახიასა და ბურჯ ზურაბ აფციაურის ლელოთა წყალობით ანგარიშში ჩამორჩენა 9-ქულამდე შეამცირეს, თუმცა ‘იუნკერები’ უსიამოვნებისგან შუამარბ ლევან თომაძის ჩუბინობამ იხსნა. თომაძემ ზუსტ გარდასახვას, 5 გატანილი ჯარიმაც დაურთო და მატჩის ბოლო წუთზე საკუთარი გუნდის რთული გამარჯვება დააფიქსირა – 29:17.