პირველი ლიგა | ავჭალურ „თრილერში“ გარე კახელებმა იმარჯვეს

პირველი ლიგის რეგულარული სეზონის მორიგი ტოპ-მატჩი ავჭალაში გაიმართა. ‘არმია’-‘პატარძეულს’ შორის ხელმოცარულ გუნდს დიდი 10-ის საგზურის პირდაპირ მოპოვების შანსი მკვეთრად უმცირდებოდა…

მატჩის მნიშვნელობით გამოწვეულმა მღელვარებამ შეხვედრას გარკვეული დააღი დაამჩნია. ორივე გუნდის მხრიდან ოვალის ხშირად წინ ვარდნამ და რიგ ეპიზოდებში ზედმეტმა მონდომებამ თამაშის ხარისხი დააკნინა, თუმცა ბოლო წუთამდე მოედანზე შენარუნებულმა დაძაბულობამ და გარდამავალმა უპირატესობამ ქომაგი არ მოაწყინა. ‘ლეონსიოს’ ბიჭებმა ტაიმი მგეზავ ვიტო კირინის კინკილა ჯარიმით 3:0 მოიგეს. გუნდებს რამდენიმე ხელსაყრელი პოზიციიდან დასარტყამი ჯარიმა გაუცუდდათ. მეორე ტაიმის დასაწყისში ‘ვეფხვების’ ჰავბეკმა შაქრო სუხაშვილმა ჯარიმით ანგარიში გაათანაბრა, რასაც გარე კახელთა კაპიტან მურაზ გიორგაძის ლელოც დაერთო. ზვიად ცუხიშვილისა და ზურა ამონაშვილის ბიჭებმა მეტოქეს ოვალი ცენტრში ჩაუჭრეს და ‘ჯარმა შუამარბ გიორგაძის შეჩერება ვერ მოახერხა. ‘არმია’ დროულად ‘გამოფხიზლდა’ და გასინბინებული მოთამაშის შედეგად რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენის მიუხედავად, ანგარიშში უპირატესობის დაბრუნება მოახერხა. მარქაფადან ჩართულ ლევან ძნელაძის გატანილი ლელო კირინმა გარდასახა 10:8.

შეხვედრის ბოლო 5 წუთი კი ზედრამატული გამოდგა. სუხაშვილმა და კირინმა გატანილი ჯარიმებით თავიანთი გუნდები რიგრიგობით დააწინაურეს. მატჩის ბოლო წუთზე კი სუხაშვილმა რთული პოზიციიდან, მოედნის კიდის სიახლოვეს დანიშნული ჯარიმა ზუსტად დაარტყა, გარე კახელებს უმძიმეს ბრძოლაში 14:13  გამარჯვება მოუტანა და ‘არმიას’ სეზონში მეორე მარცხი აგემა. პატარძეულმა ცხრილში მეორე ადგილი განიმტკიცა, ‘არმიას’ 4 ქულით გაუსწრო და პირველობის ლიდერ ‘არესს’ კვლავ 4  ქულით ჩამორჩება. თავის მხრივ სხვაობა ‘არმიასა’ და ‘არესს’ შორის 8 ქულამდე გაიზარდა.

‘არესმა’ სეზონში მიჯრით მეცხრე გამარჯვება ‘ყაზბეგთან’ საშინაო დაპირისპირებაში გაიფორმა, გოჩა ჩქარეულის შეგირდებს მოგებათა 6-მატჩიანი სერიაც შეაწყვეტინა, თუმცა დაგეგმილი პრემიის აღება ვერ მოახერხა.

მატჩის სანახაობრივი მხარე ძლიერმა ქარმა სრულად დააკნინა. გუნდების პივოტთა კარში დარტყმულ ჯარიმებს ქარი მიმართულებას მკვეთრად უცვლიდა. რამდენჯერმე მორაგბეებს აბრაგანი საკუთარ ნახევარზე დაუბრუნდათ. მეტოქეებს ისღა დარჩენოდათ, რომ აქცენტი სტატიკაზე გაეკეთებინათ. შექმნილ ვითარებაში თავიდან უკეთ მასპინძლები გაერკვნენ. გარემარბ შაკო შაშიაშვილისა და შუამარბ ამირან შვანგირაძის ლელოთაგან, მგეზავმა ბონდო აბაშიძემ ერთი გარდასახვა გამოიყენა და შესვენებაზე ‘ომის მრისხანე ღმერთი’ 12-ქულიანი უპირატესობით წავიდა. მოხევეები დანებებას არ აპირებდნენ და მეორე ნახევარში ‘ყაზბეგის’ მთავარი მწვრთნელის გოჩა ჩქარეულის თანაშემწემ და გუნდის მგეზავმა ლადო ქიზიყურაშვილმა თავისივე გატანილი ლელო გარდასახა და სტუმრებს მატჩის გადარჩენის შანსი შეუნარჩუნა. ‘არესმა’ უპირატესობა დაიბრუნა და მარბიელ ნიკა სირაძის ლელოთი რთული გამარჯვება მოიპოვა 17:7. მართალია, ‘არესმა’ ბოლო წუთებზე კიდევ ერთი ლელოს გატანა მოახერხა, თუმცა ბოლო მომენტში ოვალის წინ ვარდნის გამო, მსაჯმა ლელო მართებულად გააუქმა და ‘არესიც’ პრემიის გარეშე დარჩა.

სამცხე-ჯავახეთის ‘ტაომ’ მიჯრით 5 განცდილი მარცხის შემდეგ ქომაგი აღარ გააწბილა და ცხრილში ტოლსწორად მყოფი ‘ბაგრატი’, ასპინძაში პრემიის თანხლებით  38:5 დაამარცხა.

მესხები პირველივე წუთებიდან დომინირებდნენ და თან მალხაზ ჭეიშვილის შეგირდებმა რიონისპირელებს მთავარი ‘კოზირის’-სტატიკაში უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობა არ მისცეს. ხელდახელ, გაშლილ და სწრაფ თამაშში კი მასპინძლები საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ, რაც მესხების მხრიდან 6 გატანილ ლელოში აისახა. პირველი ნახევარი ‘ტაომ’,  ბურჯების: ალექსი მელიქიძისა და გიორგი მანჩხაშვილის, ფრთა ნიკა ჯანელიძის ლელოთა მეოხებით 17:0 მოიგო. მეორე ტაიმის დასაწყისში ‘ბაგრატმა’ გაიბრძოლა და გამოცდილი მარბიელის თემურ ყიფიანის ლელოთი ანგარიშში სხვაობა მცირედით შეამცირა, თუმცა დარჩენილ დროში ‘ტაომ’ უპირატესობა დაიბრუნა და რიონისპირელებს კიდევ 3 ლელო გაუტანა. მალხაზ ჭეიშვილის ბიჭები სატურნირო ცხრილში 18 ქულით მეხუთე ადგილზე დამკვიდრნენ.

უხნესმა ქართულმა გუნდმა ‘დინამომ’ მიჯრით მესამე შეხვედრა მოიგო და ამჯერად ავჭალაში ‘დევები’ პრემიის თანხლებით  39:5  დაამარცხა.  ლევან რამიშვილის შეგირდებმა მიმდინარე სეზონში სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზე პირველად აინაცვლეს და მეექვსე პოზიციას ‘არწივებს’ მხოლოდ უარესი პირისპირ ბალანსის გამო უთმობენ. ‘დევები’ კი სეზონში მეშვიდე მარცხის შემდეგ პლეი აუტის ადგილზე, მეცხრე პოზიციაზე დაქვეითდნენ.

დებიუტანტმა’ დევებმა’ მეტოქეს ჯეროვანი წინააღმდეგობა მხოლოდ მატჩის საწყის მონაკვეთში უწიეს და ჰუქერ ნიკა მეტრეველის ლელოთი ერთი ხანობა ანგარიშში დაწინაურებაც მოახერხეს. ‘დინამო’ აქცენტს შერკინებაზე აკეთებდა და წარმატებასაც აღწევდა. პირველ ნახევარში ლელოს გატანა მესამეხაზელმა შოთა ქავთარაძემ, მღლეტელმა თენგიზ ელიკაშვილმა და თავად დინამოელთა დამრიგებელმა ლევან რამიშვილმა მოახერხეს. ‘დინამომ’  თამაში მეორე ტაიმშიც ჩვეულ სტილში განაგრძო და მონაგარს კიდევ  3 ლელო წაუმატა. ისიც აღსანიშნავია, რომ ‘დინამო’ დაცვაშიც საიმედო თამაშით გამოირჩა და მიმდინარე სეზონშიც თავის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა.

ოზურგეთის ‘არწივებმა’ 6-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს და სეზონში მესამე გამარჯვება ფოთში, აუტსაიდერ ‘ივერია ვარკეთილთან’ უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვეს.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარმართა. გურულები მეტოქეს ხაზს იოლად უჭრიდნენ, სანაცვლოდ ‘ივერია’ სტატიკაში ფლობდა უპირატესობას და მატჩის მიწურულს 7-ქულიანი სხვაობით დაწინაურებაც მოახერხა. ‘არწივების’ ახალწვეულმა შუამარბმა ბაჩო ჩაჩავამ თავისივე გატანილი ლელო გარდასახა და ანგარიშიც გაათანაბრა. ბოლო წუთებზე ვარკეთილელთა ფულბეკმა ლაშა სირაძემ ჯარიმით ‘ივერია’ კიდევ ერთხელ დააწინაურა, თუმცა კახა მაჩიტიძის გუნდის პრაქტიკულად ბოლო შეტევა ფრთა მირზა შაინიძემ ლელოთი დააგვირგვინა  29:27. აღსანიშნავია, რომ ‘არწივებმა’ მეტოქეზე  ორით მეტი, მთლიანობაში 5 ლელო გაიტანეს. ‘ივერია’ სეზონში მესამე ნუგეშ-ქულას დასჯერდა. მოუგებლად მყოფმა ვარკეთილელებმა პირველი წრე 3 ქულით, ბოლო ადგილზე ჩაამთავრეს.