პირველად დიდ 10-ში – ორი ფიჯელი ქუთაისის ‘აიაში’

ნასენგე ლისალა ჰუგავოუ და ნაჰოლო მელი ნაკუბუ პირველი ფიჯელი მორაგბეები არიან, რომლებიც დიდ 10-ში ითამაშებენ.

უკანახაზელები საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა მიმდინარე სეზონის ბოლომდე დაიმატა. მელი ნაჰოლო „ოლ ბლექსელი“ ვაისაკე ნაჰოლოს უმცროსი ძმაა შუამარბად და ფრთაზე თამაშობს, ხოლო ლისალა ნასენგე ფულბეკია და შუამარბადაც თამაშობს.

ორივე მათგანს აქვს ახალ ზელანდიაში, ‘ტარანაკში’ თამაშის გამოცდილება, ბოლოს კი სამშობლოში იმყოფებოდნენ, მაგრამ 2020 წელი კოვიდ-პანდემიის გამო გაუცდათ.

‘აიას’ მთავარი მწვრთნელი ლევან შარვაშიძე იმედოვნებს, ფიჯელები კარგად მოერგებიან გუნდს და დიდ 10-ს დამატებით ხიბლს შესძენენ:

„ფიჯელებს აგენტის მეშვეობით დავუკავშირდით. ჩვენი კლუბის პრეზიდენტს გია გორგასლიძეს დიდი ხანია კუნძლელების ჩამოყვანა სურდა. გასული სეზონის შემდეგ, გუნდმა დიდი დანაკლისი განიცადა და გვაქვს იმედი, რომ ლეგიონერები გაგვაძლიერებენ. ორივე ხაზის მოთამაშეა და ვფიქრობ, ისინი ქართულ შიდა რაგბს უფრო სანახაობრივს გახდიან. ფიჯელებს ბურთაობა უყვართ, რაც ჩვენი სათამაშო სტილია და ისინი გუნდს კარგად უნდა მოერგონ. კარგი იქნება თუ ლეგიონერებს სხვა კლუბებიც ჩამოიყვანენ. ეს ჩემპიონატს დამატებით ინტერესს შესძენს და კონკურენციაც გაიზრდება“.

მელი ნაჰოლო: „ვიცით, რომ ‘აია’ დიდი ისტორიის მქონე, ჩემპიონი გუნდია. აქ ჩამოსვლა იმის გამო გადავწყვიტეთ, რომ ახალ კულტურას ვეზიაროთ და გამოცდილება შევიძინოთ. გუნდში ძალიან კარგი სიტუაციაა. ‘აიას’ საწვრთნელი პროცესი დიდად არ განსხვავდება იმ ვარჯიშებისგან, რაც ფიჯისა და ახალ ზელანდიაში გვქონდა“.