ნიკა ამაშუკელი ტოპ 14-სა და ჩემპიონთა თასის ფლეი ოფში

პირველად ქართული რაგბის ისტორიაში – ეს სიტყვები კიდევ ერთხელ უნდა ვახსენოთ ქართველი რეფერის, ნიკა ამაშუკელთან მიმართებაში.

ამჯერად მან დანიშვნები საკლუბო ტურნირებიდან მიიღო და 2 აპრილს საფრანგეთის ტოპ 14-ის 22-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრას (ბორდო – ლა როშელი) განსჯის, 10 აპრილს კი ჩემპიონთა თასის 1/8-ფინალში ‘კლერმონისა’ და ‘ლესთერ თაიგერსის’ შეხვედრას მოემსახურება.

ნიკა ამაშუკელი: „ძალიან საინტერესო მომენტია, ჩახვიდე ისეთ ელიტარულ სარაგბო ქვეყანაში, როგორიც ექვსი ერის „გრანდ სლემით“ მომგები საფრანგეთია და ვფიქრობ, ყველამ კარგად იცის რას წარმოადგენს ფრანგული რაგბი. მანდეს ტურის ცენტრალური მატჩის განსჯა, ‘ბორდოსა’ და ‘ლა როშელს’ შორის, რომელიც დერბი-ატლანტიკა და სატურნირო თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი დაპირისპირებაა. ‘ბორდო’ მეორე, ხოლო ‘ლა როშელი’ მეოთხე ადგილზეა და არ მახსენდება შემთხვევა, ესოდენ მნიშვნელოვანი თამაში უცხოელი მსაჯისთვის მიენდოთ“.

„ჩემთვის ეს განსხვავებული გამოწვევაა. ტოპ 14-ს თავისი, დამახასიათებელი ნიშა გააჩნია და განსხვავებულ გარემოსთან ადაპტირება საინტერესოა. გარდა ამისა, ფრანგების მხრიდან, მსოფლიო რაგბსა და ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბთან ერთად, ეს დიდი დაფასებაა. ვესაუბრე საფრანგეთში მოთამაშე ქართველ ლეგიონერებს და ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ საფრანგეთში ეს ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრაა. ეს არის კიდევ ერთი შანსი, დავიჭირო ის სტანდარტი, რამაც ამ დონემდე მომიყვანა“.

„რაც შეეხება მომდევნო კვირას, ჩემპიონთა თასის 1/8-ფინალში ვიმსაჯებ ძალიან მაგარ თამაშსფრანგულ ‘კლერმონსა’ და ინგლისურ ‘ლესთერ თაიგერსს’ შორის. აქ არის 8 თამაში და შესაბამისად, 8 მსაჯი. სიტყვებით შეუძლებელია იმ ემოციის გადმოცემა, რომელიც ასეთი ნდობის შემდეგ დამეუფლა. აქ სხვა აქცენტებია, რადგან ფრანგული გრანდი ეთამაშება ინგლისურ გრანდს და ყველამ იცის, რაოდენ დიდია ამ ქვეყნების ნებისმიერი სარაგბო დაპირისპირება“.

27 თებერვალს ნიკა გახდა პირველი რეფერი ტიერ2-ის ქვეყნებიდან, რომელმაც ექვსი ერის შეხვედრა იმსაჯა – ირლანდიასა და იტალიას შორის (57:6). პირველ ტაიმში იტალიელი მორაგბის წითელი ბარათით გაძევებას, სარაგბო სამყაროში დიდი გარჩევები მოყვა, თუმცა ამაშუკელის მსაჯობამ მსოფლიო რაგბისგან კარგი შეფასება მიიღო და სწორედ ამის გამოძახილია მორიგი მაღალი დონის დანიშვნები:

„ექვს ერზე ძალიან რთული თამაში გამოვიდა და ჩემმა გადაწყვეტილებებმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, თუმცა მინდა ავღნიშნო, რომ მსოფლიო რაგბმა გარჩევისას ძალიან კარგი შეფასება მომცა. ჩემთვის იდეალური იქნებოდა, თუ საერთოდ არ მომიწევდა ბარათის გამოყენება, თუმცა მსოფლიო რაგბისგან მთელ რიგ დარღვევებზე გვაქვს მკაცრი დირექტივები და პროფესიულ განვითარებას გულშემატკივრების რეაქციის გამო ეჭვქვეშ ვერასდროს დავაყენებ. სწორედ ამ შეფასების ლოგიკური გაგრძელებაა ის დანიშვნები, რომლებიც ახლა მივიღე. აპრილში კიდევ ველი მაღალი დონის დანიშვნებს, ამჯერად პრო 16-ში“.