მსოფლიო რაგბმა რუსეთი და ბელორუსი მოკვეთა

მსოფლიო რაგბმა რუსეთისა და ბელარუსის რაგბის კავშირები საკუთარი რიგებიდან გარიცხა, მათ ნაკრებებსა და კლუბებს კი საერთაშორისო მატჩებში მონაწილეობა აეკრძალათ.

„მსოფლიო რაგბის აღმასრულებელმა კომიტეტმა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთისა და ბელარუსის რაგბის კავშირების მიმართ სანქციები დაამტკიცა.

მსოფლიო რაგბი გმობს რუსეთის აგრესიას და ბელარუსის მხრიდან მათ მხარდაჭერას. მსოფლიოს სარაგბო ოჯახი თანაუგრძნობს ყველას, ვისაც ეს ომი შეეხო და რუსეთს მშვიდობის აღდგენისკენ მოუწოდებს.

ოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაციების გათვალისწინებით, მსოფლიო რაგბის აღმასრულებელმა კომიტეტმა დაუყოვნებლივი ზომები მიიღო – რუსეთისა და ბელარუსის სრული იზოლაცია საერთაშორისო ტურნირებიდა, როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო დონეზე.

რუსეთის რაგბის კავშირი გარიცხულია მსოფლიო რაგბის რიგებიდან. გადაწყვეტილება მიღებულია რაგბის ფასეულობების შესაბამისად, როგორებიცაა სოლიდარობა, სამართლიანობა და პატივისცემა“ – წერია მსოფლიო რაგბის ოფიციალურ განცხადებაში.