მსოფლიო რაგბის მეორე დონის სამედიცინო სემინარი

რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის უფროსმა და ბორჯღალოსნების მთავარმა ექიმმა ნუცა შამათავამ, სანაკრებო ვერტიკალის სამედიცინო სამსახურის პერსონალისთვის ორი 2-დღიანი, მსოფლიო რაგბის მეორე დონის სემინარი გამართა.

შამათავამ ამა წლის იანვარში, ქუთაისში, მსოფლიო რაგბის სწავლა-განათლების „სუპერ კვირის“ ფარგლებში, სამედიცინო კუთხით მსოფლიო რაგბის ტრეინერის ლიცენზია აიღო, რითაც უფრო მაღალი დონის სემინარების ჩატარების უფლება მიიღო. მასთან ერთად ქუთაისში შესაბამისი სასწავლო კურსი გაიარა და ედუკატორის ლიცენზია მიიღო რაგბის კავშირის სამედიცინო დეპარტამენტის 6-მა სპეციალისტმა.

„ნუცა შამათავას დახმარებით, სანაკრებო ვერტიკალის სამედიცინო სამსახურში 12 ისეთი სპეციალისტი გვეყოლება, რომლებსაც უკვე აქვთ მეორე დონის ლიცენზია, რის შემდეგაც მსოფლიო რაგბის სტანდარტების შესაბამისად, სრულფასოვანი და კვალიფიციური სამედიცინო „სტაფი“ გვეყოლება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გვყავს საკმაო რაოდენობის ედუკატორები, რაც მოგვცემს საშუალებას გადავამზადოთ სპეციალისტები ყველა დონეზე, რათა ყველა გუნდს ყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალი“ – აღნიშნავს რაგბის კეთილდღეობის დირექტორი ნონო ანდღულაძე.

ორი 2-2 დღიანი სამედიცინო სემინარი „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე გაიმართა. პირველ ჯგუფში იყვნენ ‘შავი ლომისა’ და უმცროსი ბორჯღალოსნების სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლები, მეორე ჯგუფში კი ჩართული იყვნენ 7-კაცა და 7-ქალა, ასევე 18-წლამდელთა ნაკრების ექიმები.

მიმდინარე და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ნუცა შამათავა ამბობს:

„ყველა სპეციალისტს ჭირდება ცოდნის გაღრმავება და ჩვენი სემინარი სწორედ ამას ემსახურება. რადგან ‘შავი ლომი’ ურუგვაიში მიემგზავრება, ხოლო 20-წლამდელთა ნაკრები შეკრებაზე შედის, პირველ ჯგუფში ამ გუნდის წარმომადგენლები გვყავდა და ყველა მათგანმა კურსი წარმატებით გაიარა. ახლა სანაკრებო ვერტიკალის მეორე ჯგუფის გადამზადება მიდის და საერთაშორისო სტანდარტების მეტი სპეციალისტი გვეყოლება“.

„ჩვენი მიზანია, რომ ყველა დონეზე, საქართველოს ჩემპიონატს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი ემსახურებოდეს. მეორე დონის სემინარი პირველი დონის გაღრმავებული ვარიანტია და სპეციალისტებისთვის მისი გავლა აუცილებელია. რაგბი ევროპამ ამ სემინარის გასამართად სპეციალური აღჭურვილობა გამოგვიგზავნა, რამაც პრაქტიკული სამუშაოები მნიშვნელოვნად გაგვიადვილა“.

„უკვე დაგეგმილი გვაქვს და აპრილში ჩვენი ედუკატორები პირველი დონის სამედიცინო სემინარს გამართავენ, რომელშიც ჩართული იქნებიან როგორც ქართული კლუბების წარმომადგენლები, ასევე საფესტივალო და სასწრაფო დახმარების ექიმები – ყველა, ვისაც რაგბთან რაიმე შეხება აქვს სამედიცინო კუთხით“.