მსოფლიო თასი 2023 | ბილეთები, ქალაქები და მატჩების განრიგი

2023 წლის მსოფლიო თასის საორგანიზაციო კომიტეტი, 15 მარტს, ევროპის ცენტრალური დროით 12 საათზე ბილეთების გაყიდვას დაიწყებს.

მე-10, საიუბილეო მსოფლიო თასზე სარეკორდო რაოდენობის, 2,6 მილიონი ბილეთი გაიყიდება. გულშემატკივრებისთვის, რომლებიც სპეციალურ პორტალზე – 2023 Family, 13 მარტს 23:59 საათამდე (ცენტრალური ევროპის დროით) დარეგისტრირდებიან, სპეციალური შეთავაზება იმოქმედებს და ყველაზე ადრე შეძლებენ სასურველი მატჩების ბილეთების შეძენას. ექსკლუზიური შეთავაზება 15 მარტიდან 5 აპრილამდე იმოქმედებს.

მსოფლიო თასის ბილეთები მხოლოდ ამ გვერდზე გაიყიდება: tickets.rugbyworldcup.com

6 აპრილს, ცენტრალური ევროპის დროით 18 საათზე დაიწყება ბილეთების პაკეტების გაყიდვა გუნდების და ქალაქების მიხედვით. 18 მარტიდან გულშემატკივრებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სპეციალური, ტურისტული შეთავაზებები. ინდივიდუალური მატჩებისთვის ბილეთები 2022 წლიდან გაიყიდება.

განსხვავებული ვადებით

2023 წლის მსოფლიო თასი წინამორბედებისგან განსხვავებული იქნება.

ერთი კვირით გაიზრდება ტურნირის ჩატარების ვადები, რაც გუნდებს დასვენების და მომდევნო თამაშებისთვის უკეთ მომზადების საშუალებას მისცემს.

მსოფლიო რაგბის აღმასრულებელმა კომიტეტმა, მსოფლიო თასის მმართველმა საბჭომ და 2023 წლის მსოფლიო თასის საორგანიზაციო კომიტეტმა, საერთაშორისო მორაგბეთა ჩართულობით, მოთამაშეთა უსაფრთხოების პრინციპით, ნოვატორული პაკეტი შეათანხმეს, რომელიც მატჩების განრიგის დამტკიცების მთავარი საფუძველი გახდა.

პირველად მსოფლიო თასების ჩატარების ისტორიაში, გუნდებს მომდევნო თამაშისთვის მოსამზადებლად მინიმუმ ხუთი დღე ექნებათ, რაც ტურნირის ჩატარების ვადას ერთი კვირით გაახანგრძლივებს. ამრიგად, რაგბის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებული მსოფლიო თასი 8 სექტემბერს დაიწყება, ფინალური შეხვედრა კი 28 ოქტომბერს შედგება.

გარდა ამისა, მე-10 მსოფლიო თასზე გუნდებს განაცხადში 31-ის ნაცვლად 33 მოთამაშე ეყოლებათ. მსოფლიო რაგბში ფიქრობენ, რომ ამით ტურნირი უფრო მაღალი ხარისხის გახდება, რადგან ეს ცვლილებები დაეხმარება მოთამაშეებს, გულშემატკივრებს, მასპინძელ ქვეყნებს და ქალაქებს, რათა უკეთ მოემზადონ მომავალი თამაშებისთვის.

ამ ცვლილებების შედეგად შემცირდება მოთამაშეთა დატვირთვა, რაც მათ უსაფრთხოებას და კეთილდღეობას უზრუნველყოფს, ეს კი მსოფლიო რაგბისთვის მთავარი პრიორიტეტია.

როდის ითამაშებენ ბორჯღალოსნები?

ბორჯღალოსნები 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპს 6 მარტს ლისაბონში, პორტუგალიასთან მატჩით იწყებენ. 2021 და 2022 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯამური შედეგის მიხედვით, ევროპა1 „გ“ ჯგუფში უელსის, ავსტრალიის, ფიჯისა და საკონტინენტთაშორისო ფლეი ოფის გამარჯვებულებთან ითამაშებს.

პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში, საქართველო საფრანგეთში პირველ მატჩს 9 სექტემბერს, „სტად დე ფრანსეზე“ ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს; 23 სექტემბერს ტულუზში საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულს ერკინებიან; 30 სექტემბერს ბორდოში ფიჯის ეთამაშებიან; 7 ოქტომბერს ნანტში უელსს დაუპირისპირდებიან.

ბორჯღალოსნების მიზანი მსოფლიოზე სწორედ ევროპა1-ის სახელით გასვლაა, თუმცა აქვე ვთქვათ, რომ ევროპა2 „ბ“ ჯგუფში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან, ირლანდიასთან, შოტლანდიასთან და აზია-წყნარი ოკეანის ფლეი ოფის გამარჯვებულთან მოხვდება.

ევროპა2-იც მსოფლიო თასს 9 სექტემბერს, ბორდოში ირლანდიასთან მატჩით იწყებს; 17 სექტემბერს ასევე ბორდოში სამხრეთ აფრიკას ეთამაშება; 30 სექტემბერს ლილში შოტლანდიას ერკინება; ჯგუფურ ეტაპს კი 8 ოქტომბერს ლილში, აზია-წყნარი ოკეანის ფლეი ოფის გამარჯვებულთან ასრულებს.