ბიზნესი ქართული კლუბების მხარდასაჭერად

კომპანია „სვანიძის ზეთისხილი“ დედოფლისწყაროში რაგბის მხარდამჭერი ხდება. მისი დამფუძნებელი გიორგი სვანიძე ზემო ქედს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობასთან ერთად ეწვია და ბავშვთა გუნდ ‘მიმინოს’ მწვრთნელებსა და მოთამაშეებს შეხვდა, დაასაჩუქრა და პირობა დადო – როდესაც რეგიონს კაცთა გუნდი ეყოლება, მისი გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდება.

კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ რთულ პირობებში რაგბის ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა კლუბის წარმომადგენლებს, ასევე გიორგი სვანიძეს, რომელიც პირველი გამოეხმაურა კახეთის რეგიონის ადგილობრივი კლუბების მხარდაჭერის ინიციატივას.

ტყემალაძემ მას სამახასოვროდ ბორჯღალოსნების სათამაშო კვართი და ავტოგრაფებით დამშვენებული ბურთი გადასცა. მან და დავით კაჭარავამ საჩუქრები გადასცეს კლუბს და მის მწვრთნელებს.

შეხვედრას იოსებ ტყემალაძესთან ერთად ესწრებოდნენ რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე დავით კაჭარავა, ვიცე-პრეზიდენტები – თორნიკე გოგებაშვილი და ნიკა ალავიძე, რეგიონალური განვითარების ხელმძღვანელი გაიოზ მონიავა, გამგეობის წევრი გიორგი კობახიძე და ბავშვთა რაგბის განვითარების ხელმძღვანელი, ვეტერანი ბორჯღალოსანი გია ლაბაძე.

ქედში სტუმრობამდე რაგბის კავშირის წარმომადგენლობითმა დელეგაციამ, 100 მოედნის პროექტის ფარგლებში, შეხვედრები საგარეჯოში, სიღნაში, გურჯაანსა და დედოფლისწყაროში გამართა.

ვიზიტი მაჟორიტარ დეპუტატთან, დავით სონღულაშვილთან კოორდინირებით და ჩართულობით დაიგეგმა. ის რაგბის კავშირის ხელმძღვანელობას ოთხივე მუნიციპალიტეტში ახლდა და ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან ერთად, სტადიონების მშენებლობის დაგეგმარებაში აქტიურად იყო ჩართული. ოთხივე მუნიციპალიტეტში გათვითცნობიერებული აქვთ, რაოდენ მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და სპორტის, ამ შემთხვევაში რაგბის პოპულარიზაცია.