მეტოქეები | ვიწყებთ ამერიკა1-ით – ურუგვაი

2022 წლის ნოემბრის ტესტ-მატჩებს ბორჯღალოსნები 6 ნოემბერს, ურუგვაისთან მატჩით იწყებენ, რომელმაც 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ტურნირში აშშ-ს სძლია და საფრანგეთში ამერიკა1-ის სახელით მიემგზავრება.

ურუგვაის ნაკრებმა, რომელსაც „ლოს ტეროსის“ სახელით იცნობენ პირველი თამაში 1948 წელს ჩილეს წინააღმდეგ გამართა. მას ყველაზე დიდი სხვაობით 2011 წელს პარაგვაი ყავს დამარცხებული (102:6), თავად კი 2005 წელს სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა (3:134).

„ტეროსს“ ოთხ მსოფლიო თასზე აქვს ნათამაშები – 1999, 2003, 2015 და 2019 წლებში, თუმცა მიზანს აქამდე ამერიკა2-ის, ან რეპეშაჟის საშუალებით აღწევდა, 2023 წლის მსოფლიო თასზე კი პირველად მოხვდა ამერიკა1-ის სახელით (ორი მატჩის ჯამში აშშ 50:34 დაამარცხა) და ა ჯგუფში ახალ ზელანდიასთან, საფრანგეთთან, იტალიასთან და ნამიბიასთან ითამაშებს.

ურუგვაელთა ბოლოდროინდელი წარმატებები გარკვეულწილად ამერიკის სუპერ ლიგას უკავშირდება, რომელიც 2020 წელს დაარსდა და წელს მისი გამარჯვებული ურუგვაის ფრენჩაიზი ‘პენაროლი’ გახდა. აღსანიშნავია, რომ ურუგვაელებს წარმატებები აქვთ 7-კაცა რაგბიშიც და წელს მათ მსოფლიო სერიებზე თამაშის უფლება მოიპოვეს, ეს კი მათი ისედაც სწრაფი უკანა ხაზისთვის დიდი სარგებლის მომტანი იქნება.

მოცემული მომენტისთვის ურუგვაი მსოფლიო რეიტინგში მე-18 ადგილს იკავებს. ის მცირედით ჩამორჩება რუმინეთს და ასევე მცირედით უსწრებს აშშ-სა და პორტუგალიას.

  ჩვენ და ურუგვაი

ბორჯღალოსნებს ურუგვაის წინააღმდეგ 6-ჯერ უთამაშიათ და მათთან დადებითი ბალანსი აქვთ – 4 მოგება 2 მარცხის წინააღმდეგ. ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია ჩვენთვის პირველ, 2003 წლის მსოფლიო თასიდან იღებს სათავეს. მაშინ სამხრეთ ამერიკელმა მეტოქემ მსოფლიო თასზე პირველი გამარჯვება არ დაგვანება – 24:12. ერთი წლის შემდეგ ურუგვაის მონტევიდეოში ვეწვიეთ და ამ შემთხვევაშიც გამარჯვება მეტოქეს დარჩა.

მას შემდეგ ზედიზედ ოთხი თამაში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. 2008 წელს მეტოქეს რუმინეთში, ბუქარესტის ერთა თასზე 20:18 ვძლიეთ, 2013 და 2015 წლებში სამხრეთელებს თბილისის თასზე ვუმასპინძლეთ და შესაბამისად, 27:3 და 19:10 მოვუგეთ, 2019 წლის მსოფლიო თასზე კი იაპონიაში, კუმაგაიაში 33:7 დავამარცხეთ.

ბოლო პერიოდში ურუგვაიში რაგბი მნიშვნელოვნად განვითარდა. ერთი წლის წინ სამხრეთელები იტალიას ეწვივნენ და მხოლოდ ერთი გარდასახული ლელოს ფარგლებში, 10:17 დამარცხდნენ. ამა წლის ივნისში ურუგვაი ორჯერ შეხვდა იაპონიას (15:34 და 7:43), ხოლო ივლისში ასევე ორჯერ ეთამაშა რუმინეთს და პირველ მატჩში 22:30 მარცხის შემდეგ, მეორეში რევანში აიღო – 26:20.

წელს ნოემბერში, საქართველოს შემდეგ ურუგვაი რუმინეთს და ტონგას ეთამაშება.