მერაბ შარიქაძე – სამხრეთ ამერიკაში განსხვავებულ გამოცდილებას შევიძენთ

„ჩვენი მიზანია ხარისხიანი სათამაშო პრაქტიკა მივიღოთ, ასევე გამოვცადოთ საკუთარი თავი სხვა ფორმატისა და შესაძლებლობების ტურნირში. რაგბი ევროპის სუპერ თასზე მასიური, ფიზიკურობაზე ორიენტირებული გუნდები თამაშობენ, სამხრეთ ამერიკაში კი უფრო ლაღი და სწრაფი თამაში მიდის. სწორედ ამ სტილზეა მორგებული მსაჯობაც და საინტერესო გამოწვევა გველის“ – ამბობს ‘შავი ლომის’ კაპიტანი მერაბ შარიქაძე სამხრეთ ამერიკულ ტურნეზე გამგზავრების წინ, რომლის ფარგლებში ჩვენი გუნდი 8 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით 5 თამაშს გამართავს.

ტურნეს ფარგლებში ჩვენი მეტოქე ორი არგენტინული გუნდი, ჩილესა და ურუგვაის ნაკრები, ასევე სუდამერიკის წვეული გუნდი იქნება.

„გუნდები, რომელთაც სამხრეთ ამერიკაში ვეთამაშებით, ჩვენი ინფორმაციით სწრაფი რაგბის მიმდევრები არიან. შარშან ზაფხულში, არგენტინა XV-ს ქუთაისში რომ ვეთამაშეთ, იმ შემადგენლობაში მყოფი მორაგბეების 90% ამერიკის სუპერ ლიგას თამაშობს და ჩვენი თვალით ვნახეთ რამდენად ხარისხიანი მორაგბეები არიან“ – აღნიშნავს შარიქაძე.

‘შავ ლომს’ სამხრეთ ამერიკაში ბორჯღალოსანი მიხეილ ნარიაშვილი შეუერთდება, რომელმაც კოჭისა და მუხლის ოპერაციის შემდეგ, რეაბილიტაციის პროცესი დაასრულა:

„ჩვენთვის უსაყვარლესი და ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე, მიხეილ ნარიაშვილი შემოგვიერთდა, რომელმაც ტოპ 14-ში არაერთხელ გამოიჩინა თავი და წლების განმავლობაში საუკეთესო პირველი ნომერი იყო. უმძიმესი ტრავმის შემდეგ მან ფაქტობრივად შეუძლებელი შეძლო და წარმოუდგენელი სიტუაციიდან დაბრუნდა. ასეთ რამეს მხოლოდ მიშა თუ შეძლებდა და დიდი იმედი მაქვს ის ეროვნულ ნაკრებშიც დაბრუნდება“.