მაღალი დონის 8 თამაში სამი მსაჯისთვის

2020 წლის პირველ ორ თვეში, სამი ქართველი მსაჯი, სამ სხვადასხვა ტურნირზე 8 საერთაშორისო, მაღალი დონის თამაშს მოემსახურება.

სასიხარულოა, რომ ნიკა ამაშუკელისა და შოთა თევზაძის კვალდაკვალ, საერთაშორისო ასპარეზზე მესამე ქართველი მსაჯის – საბა აბულაშვილის დებიუტი შედგება. ის რაგბის ევროპის „ალაფაზე“ იმსაჯებს. ამაშუკელს წილად ჩელენჯ ქაფისა და 20-წლამდე მორაგბეთა ექვსი ერის ორ-ორი შეხვედრა, ასევე რაგბი ევროპის ჩემპიონატის ცენტრალური შეხვედრა ერგო. 20-წლამდელთა ექვსი ერისა და რაგბი ევროპის თითო-თითო შეხვედრას მოემსახურება თევზაძე, რომელიც ასევე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზეც იქნება წარმოდგენილი.

ქართველი მსაჯების წინსვლით და მაღალი დონის დანიშვნებით კმაყოფილია მსაჯთა კორპუსის ხელმძღვანელი დავით შუბითიძე:

„ქართული რაგბის წინსვლისა და შემდგომი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია ქართველი მსაჯები უფრო მაღალ სივრცეებს რომ იპყრობენ. ეს ბიჭები თვალსა და ხელს შუა იზრდებიან, რასაც კარგად ხედავენ მსოფლიო რაგბსა და რაგბი ევროპაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მიერ წარდგენილი მსაჯებიდან არცერთის ასაკი არ აღემატება 25 წელს და ფაქტობრივად, ყველაფერი წინ აქვთ. როგორც წესი, ასეთ საპასუხისმგებლო თამაშებს 30 წელზე ნაკლები ასაკის მსაჯებს არ ანდობენ, რადგან დიდია წნეხი და პასუხისმგებლობა, თუმცა მსოფლიო რაგბსა და რაგბი ევროპაში ხედავენ, რომ ამ ბიჭებს თამაშის მართვა შეუძლიათ“.

„ეს წარმატება ქართულ რაგბში ჩართული ყველა ადამიანის დამსახურებაა. მათ წინსვლაში უდიდესი როლი მიუძღვის ჩვენი მსაჯების მასწავლებელ დევიდ მაკქიუს, რომელიც უმოკლეს დროში მნიშვნელოვან წინსვლაში დაგვეხმარა. სწორედ მისი დამსახურებაა ჩვენმა მსაჯებმა ექვსი ერის კარი რომ შეაღეს. ფაქტობრივად, ყველა ტურნირის ყველა თამაშის შემდეგ, ჩვენი მსაჯები საუკეთესო შეფასებას იღებენ და ქართველი მსაჯების მიმართ ნდობა იზრდება. მე ველოდები, რომ უახლოეს პერიოდში საერთაშორისო არენაზე კიდევ ერთი ქართველი მსაჯი გამოჩნდება“.

ექვსიდან 5 ტურში ჩელენჯ ქაფზე

ჩელენჯ ქაფის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ორ ტურში იმსაჯებს ნიკა ამაშუკელი. მას ქართულ ბრიგადასთან ერთად უკვე ნამსაჯი აქვს სამი შეხვედრა. ამრიგად, მიმდინარე სეზონის ექვსი ტურიდან, მას ხუთში ექნება ნამსაჯი.

11 იანვარს ის პარიზში, „სტად ჟან ბუენზე“ ფრანგული ‘სტად ფრანსესა’ და იტალიური ‘ზებრეს’ შეხვედრას განსჯის, ხოლო 18 იანვარს კარდიფში, მასპინძლებისა და იტალიური ‘კალვიზანოს’ მატჩს განსჯის. ორივე შემთხვევაში ნიკას კიდეებიდან შოთა თევზაძე და საბა აბულაშვილი დაეხმარებიან.

„პარიზში, „სტად ჟან ბუენზე“ მსაჯობა ყველას ოცნებაა და მოხარული ვარ ეს ოცნება რომ ამიხდება. თამაში ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ფორმაში არ არიან და თავდაჯერების ასამაღლებლად ორივეს გამარჯვება ჭირდება. გარდა ამისა, ‘ზებრეს’ მთავარი მწვრთნელი მაიკლ ბრედლია, რომელიც ბორჯღალოსნებში მუშაობდა. ერთ კვირაში კარდიფში, ‘კარდიფისა’ და ასევე იტალიური ‘კალვიზანოს’ შეხვედრას განვსჯი. ეს შედარებით მარტივი თამაშია და მასპინძლებს იტალიელების დამარცხება არ უნდა გაუჭირდეთ. მატჩი უელსის ნაციონალური არხით გადაიცემა“ – ამბობს ამაშუკელი.

 

 

ორი მსაჯით 20-წლამდე ექვს ერზე

ერთი წლის შემდეგ, ქართველები კვლავ გამოჩნდებიან 20-წლამდელთა ექვს ერზე, ამჯერად უკვე ორი ცენტრალური მსაჯით და ჯამში სამ თამაშს განსჯიან.

შარშანდელ ტურნირზე ნიკა ამაშუკელმა ინგლისისა და იტალიის ნაკრებების შეხვედრა იმსაჯა, წელს კი მას ორი ცენტრალური შეხვედრა ანდეს. პირველ ტურში, 1 თებერვალს, ის გრენობლში საფრანგეთისა და ინგლისის ნაკრებების შეხვედრას განსჯის, რომელიც ტურნირის არაოფიციალური ფინალია. 7 თებერვალს ის უკვე ირლანდიისა და უელსის ნაკრებების პრინციპულ შეხვედრაში იქნება მთავარი მსაჯი. ორივე შემთხვევაში ნიკას კიდეებიდან ირაკლი ჭანუკვაძე და საბა აბულაშვილი დაეხმარებიან.

„ზაფხულში, 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ძალიან კარგი შეფასება მქონდა და ტურნირის სამ საუკეთესო მსაჯს შორის მოვხვდი, რასაც მოყვა დანიშვნები ჩელენჯ ქაფზე და გასული ოთხი ტურიდან სამში ვიმსაჯე. ამ შეხვედრებსაც ძალიან კარგი გამოხმაურება მოყვა და უფრო მნიშვნელოვანი თამაშებით დამტვირთეს“ – ამბობს ამაშუკელი და განაგრძობს:

„1 თებერვალს ალპებში, 20-წლამდელთა ექვსი ერის გახსნის და ამავდროულად, ალბათ გადამწყვეტ შეხვედრას ვიმსაჯებ, რომელმაც სავარაუდო ჩემპიონი უნდა გამოავლინოს. ძალიან გამიხარდა ტურნირის ორი ყველაზე ძლიერი გუნდის თამაში და პრინციპული შეხვედრა რომ მანდეს. ერთ კვირაში ირლანდიის დამოუკიდებლობის პარკში კიდევ ერთ პრინციპულ შეხვედრას განვსჯი. ვფიქრობ, ორივე ეს თამაში რთული და დაძაბული იქნება“.

დიდი ალბათობით, ზაფხულში ნიკა ამაშუკელს კვლავ მიიწვევენ 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რათა მოხდეს პროგრესის გაზომვა.

შარშანდელი ექვსი ერის მატჩის მსვლელობისას, ამაშუკელს წარბი გაუსკდა და მისი ადგილი 17 წუთით შოთა თევზაძემ დაიკავა, რომელიც იმ შეხვედრაში გვერდითი მსაჯი იყო. ამჯერად შოთას 20-წლამდელთა ექვსი ერის მეოთხე ტურის შეხვედრა ანდეს და მოედნის მსაჯად მისი დებიუტი ირლანდიის დამოუკიდებლობის პარკში, ირლანდიისა და იტალიის ნაკრებების შეხვედრაში შედგება. მას კიდეებიდან ნიკა ამაშუკელი და შოთა ცაგარეიშვილი დაეხმარებიან.

„20-წლამდელთა ექვს ერში ორი მსაჯით ჩართვა ძალიან დიდი მიღწევაა. ვიმედოვნებ, რომ მალე ამ ტურნირის კარს საქართველოს ნაკრებიც შეაღებს. ამ დონეზე 17 წუთი მაქვს ნამსაჯი, როდესაც ნიკას წარბი გაუსკდა, თუმცა წელს ამ დანიშვნას არ ველოდი და ორმაგად გახარებული ვარ. როგორც ჩანს, სადაც საჭიროა იქ თვლიან, რომ მზად ვარ და ეს ნდობა უნდა გავამართლო, რათა შემდგომში კიდევ უფრო მაღალი დონის შეხვედრები მანდონ“ – აცხადებს თევზაძე, რომელიც ასევე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზეცაა მიწვეული, რომელიც ამავდროულად 20-წლამდელთა მსოფლიო „ალაფის“ შესარჩევი ტურნირია.

 

 

რაგბი ევროპაზე სამი მსაჯით

თებერვალში სტარტს აიღებს 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი და თევზაძესა და ამაშუკელს უკვე კაცთა ნაკრებების მატჩებში ვიხილავთ. 8 თებერვალს შოთა თევზაძე ბრიუსელში ბელგიისა და რუსეთის ნაკრებების შეხვედრას განსჯის და მას კიდეებიდან თორნიკე გვირჯიშვილი და შოთა ცაგარეიშვილი დაეხმარებიან.

„ერთია 20-წლამდელთა ჩემპიონატი და მეორე კაცთა რაგბი, ეროვნული ნაკრებების დონეზე. აქ გუნდებს განსხვავებული მიზნები აქვთ და თამაში თავისებური სირთულით გამოირჩევა. განსაკუთრებული ინტერესით ველოდებით გაცვლითი პროგრამებით დანიშვნას საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დე2-ში. ეს ძალიან რთული ტურნირია და თავის გამოცდა საინტერესო იქნება, მით უმეტეს, რომ იქ ქართველ მორაგბეებთანაც მოგვიწევს შეხვედრა“ – ამბობს თევზაძე.

22 თებერვალს ბოტოსანში ნიკა ამაშუკელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრას, რუმინეთისა და ესპანეთის მატჩს განსჯის. მას კიდეებიდან შოთა ცაგარეიშვილი და თორნიკე გვირჯიშვილი დაეხმარებიან:

„ეს იქნება პრინციპული მეტოქეების დაპირისპირება. ორივე გუნდი მსოფლიო თასზე მოსახვედრად იბრძოდა და საბოლოოდ ყველა ერთად სკანდალში გაეხვა. რუმინეთს სახელის აღდგენა უნდა, თუმცა რეგრესი აქვს, ესპანეთი კი პირიქით, ვითარდება. ახლა მათ მოედანზე, ერთმანეთთან მოუწევთ სიძლიერის დამტკიცება. ორივე ნაკრების მსაჯობა გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული და სასიხარულოა ასეთი დონის თამაში რომ მანდეს“.

საერთაშორისო დონეზე მოედნის მსაჯი პირველად იქნება საბა აბულაშვილი. სადებიუტო შეხვედრაში ის რაგბი ევროპის ალაფაზე 29 თებერვალს, გერმანიისა და შვეიცარიის თამაშს განსჯის. მას კიდეებიდან სულხან ჩიხლაძე და გელა ლემონჯავა დაეხმარებიან. ეს გუნდები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ასასვლელად იბრძვიან. ორი თამაშის შემდეგ შვეიცარია 6 ქულით მეორე ადგილზეა, გერმანია კი 4 ქულით მეოთხეა.

აბულაშვილი 19 წლამდე რაგბს ‘ლელო-სარასენსში’ თამაშობდა, მაგრამ ტრავმებმა გატანჯა და რადგან რაგბზე უარი ვერ თქვა, მსაჯობა დაიწყო. ის უკვე 7 წელია ამ საქმეს ემსახურება და საერთაშორისო არენაზეც გავიდა:

„ქართული რაგბის და სამსაჯო კორპუსის დიდი წარმატებაა, საქართველოდან ევროპის სხვადასხვა, მაღალი დონის თამაშებზე ამდენი ქართველი მსაჯი რომ ინიშნება. ჩემთვის ეს საინტერესო გამოცდილებაა და იმედი მაქვს, ახალი გზის დასაწყისი იქნება. გერმანია და შვეიცარია თანაბარი დონის გუნდები არიან, ამ თამაშს ორივე ნაკრებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და საინტერესო შეხვედრის მოლოდინში ვარ. ვფიქრობ, ორივე ეცდება ხელით მეტი ითამაშოს და დიდი 10-ისგან განსხვავებული შეხვედრა იქნება. ვეცდები ღირსეულად წარვადგინო ქართული რაგბი და სამსაჯო კორპუსი“.