მაკრონი საქართველოს რაგბის კავშირის სპონსორი გახდა

სპორტული ეკიპირების წამყვანი იტალიური მწარმოებელი მაკრონი (MACRON) საქართველოს რაგბის კავშირის სპონსორი გახდა.

5-წლიანი ხელშეკრულების თანახმად, მაკრონი საქართველოს რაგბის კავშირს ყოველწლიურად უფასოდ მიაწვდის სრულ სანაკრებო ეკიპირებას (ღირებულება300 ათას ევროს შეადგენს) და ტექნიკურ საშუალებებს ეროვნული, ასაკობრივი, 7-კაცა და 7-ქალა ნაკრებებისთვის და პირველი ქართული ფრანჩაიზისთვის. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პირობები რაგბის კავშირს აქამდე არასდროს ქონია.

შეთანხმებას ხელი რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ბაჩო ხურციძემ და მაკრონის სპორტული მარკეტინგის მენეჯრემა მიკელე ბეჩიუმ მოაწერეს.

„მაკრონი ყველაზე მზარდი და ხარისხიანი კომპანიაა სპორტულ ბაზარზე და მათთან უმნიშვნელოვანეს შეთანხმებას ვაფორმებთ. მაკრონის ეკიპირება ექვსი ერის სამ გუნდს – უელსის, შოტლანდიის და იტალიის ნაკრებს აცვია, ასევე  კანადას, რუმინეთს, პორტუგალიას და გერმანიას“.

„ის, რომ მაკრონი დაგვიკავშირდა და ასეთი შეთავაზება გაგვიკეთა, ქართული რაგბის მნიშვნელობასა და როლზე მეტყველებს. გარდა ამისა, აღსანიშნავია მაკრონის ეკიპირების ხარისხი და ის, რომ კომპანიას ყველა ქვეყანასთან ინდივიდუალური მიდგომა აქვს. დიზაინზე უკვე მიდის მუშაობა, რომელიც ყოველ წელს განახლებადი იქნება. ხელშეკრულება 5-წლიანია, რაც სტაბილურობის გარანტიას იძლევა“ – განაცხადა ბაჩო ხურციძემ.

პირველი ქართული გუნდი, რომელიც ამ შეთანხმების თანახმად მაკრონის მიერ წარმოებული ეკიპირებით ითამაშებს, პირველი ქართული ფრანჩაიზი იქნება, რომელიც ევროტურნირებში სექტემბრიდან ჩაერთვება. ხურციძის თქმით, თუ რომელიმე ქართულ კლუბს მოუნდება ამ კომპანიის ეკიპირების შეძენა, მას დღეს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად 60%-იანი ფასდაკლება ექნება, ხოლო მერჩენდაიზის ფასდაკლება 65% იქნება. აღსანიშნავია, რომ მაკრონის ეკიპირებით უკვე ორი წელია ქუთაისის ‘აია’ თამაშობს, რომელიც 26-წლიანი შესვენების შემდეგ, წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა.

მიკელე ბეჩიუ: „წლების განმავლობაში გვსურდა საქართველოს რაგბის კავშირთან ჩვენი დაკავშირება და მოხარულები ვართ, რომ შეთანხმება შედგა. ურთიერთობის დაწყების პირველივე დღიდან ცხადი გახდა, რომ მაკრონისა და ქართული რაგბის კავშირი იდეალური იქნებოდა. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და ძლიერი ნაკრებია და ჩვენთვის დიდი პატივია მასთან სპონსორული შეთანხმების გაფორმება“.

„საქართველოზე ჩვენი ცენტრალური ოფისი, „მაკრონ-ბოლონია“ იმუშავებს. პარტნიორობის ფარგლებში სპეციალურად ქართულ რაგბზე მორგებულ ეკიპირებას და ინდივიდუალურ პროდუქციას შევქმნით. მიმაჩნია, რომ სასპონსორო ხელშეკრულებაში სერვისი და ურთიერთობა უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ჩვენი დიზაინერები და რაგბის კავშირი ერთობლივად ვმუშაობთ სათამაშო ეკიპირების შექმნაზე და ყურადღება ექცევა ყველა დეტალს, რათა საქართველოს ყველა ნაკრების სათამაშო ეკიპირება იყოს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებული, ინსივიდუალური და ექსკლუზიური. ვფიქრობთ, რომ ეს ხელს შეუწყობს საქართველოს რაგბის კავშირს, როგორც ბრენდის, კიდევ უფრო მეტად განვითარებას“.

„შეთანხმება ითვალისწინებს სპეციალურად ქართველი გულშემატკივრებისთვის პროდუქციის დამზადებას 65%-იანი ფასდაკლებით. ასევე გვსურს, რომ ვიყოთ წარმოდგენილი ადგილობრივ კლუბებთან, რომლებისთვისაც იმოქმედებს 60%-იანი ფასდაკლება. დარწმუნებული ვარ, რომ მაკრონი და საქართველოს ნაკრები ერთად მიაღწევენ დიდ გამარჯვებებს“.