ლევან მაისაშვილი – იფიქრეთ იმაზე, ეს თამასა კიდევ უფრო მაღლა ავწიოთ

„ეს გამარჯვება უმნიშვნელოვანესი იყო, პირველ რიგში საკუთარი თავის რწმენისთვის. შეკრების დაწყების პირველ დღეს ბიჭებს ვუთხარი – იტალიასთან მოგებით თქვენ თამასა მაღლა აწიეთ, ახლა იფიქრეთ იმაზე, რომ ის კიდევ უფრო მაღლა ავწიოთ“ – განაცხადა უელსთან 13:12 მოგების შემდეგ ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა:

„ძლიერი გუნდები თავიდანვე ცდილობენ ეფექტის მოხდენას და ქულების აღებას. ხშირ შემთხვევაში ასეც ხდება, თუმცა ჩვენი გეგმა იყო, რომ საწყის წუთებზე თავად მოგვეხდინა ეფექტი და ეს გამოგვივიდა კიდეც. დებიუტშივე შეგვეძლო ლელოს გატანა, ავიღეთ პირველი ქულები, მაგრამ დაშვებული შეცდომების შემდეგ მდევრის როლში აღმოვჩნდით. ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ჩვენი გეგმის მიმართ რწმენა ბოლომდე შეინარჩუნეს“.

„პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშში მცირე სხვაობა იყო რამაც მოგვცა მოტივაცია და შესაძლებლობა. ჩვენ დაველოდეთ საკუთარ შანსებს და ეს შანსები მივიღეთ კიდეც. დიდი ძალა შემოიტანეს შეცვლაზე შემოსულმა ბიჭებმა. მეტოქე მთელ რიგ კომპონენტებში დავჩაგრეთ და შეცდომები დავაშვებინეთ. მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული. ალბათ კიდევ ერთხელ დავწერეთ ისტორია!“.