ლეგიონერები | 25 ქულა ჩელენჯ ქაფზე

გასულ უქმეებზე ევროპის წამყვანი კლუბები 2019/2020 წლების ევროთასებში ჩაერთვნენ და ის ქართველი ლეგიონერებისთვის წარმატებული გამოდგა. უმაღლეს დონესა თუ ახალ კლუბებში, რამდენიმე ჩვენებურის დებიუტი შედგა. სამმა ქართველმა მორაგბემ ლელოს გატანა მოახერხა, ხოლო თედო აბჟანდაძემ შესანიშნავი სადებიუტო მატჩი ჩაატარა და 10 ქულაც მიითვალა.

წლევანდელი ევროტურნირების, კერძოდ ჩელენჯ ქაფის პირველი ტური, ქართული რაგბისთვის სხვა მხრივაც იყო გამორჩეული. პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, ქართველ მსაჯთა ბრიგადამ ინგლისურ-ფრანგული დაპირისპირება იმსაჯა. „ველფორდ როუდზე“ ადგილობრივი ‘ლესთერ თაიგერსისა’ და ‘პოს’ მატჩი ნიკა ამაშუკელმა იმსაჯა და მას ასისტენტობას შოთა თევზაძე და საბა აბულაშვილი უწევდნენ. შეხვედრას 15250 მაყურებელი დაესწრო და ინგლისელებმა მეტოქე 41:20 დაამარცხეს.

„დიდი პატივი და პრესტიჟია ისეთი გუნდის მატჩის მსაჯობა, რომელსაც 139 წლიანი ისტორია აქვს. ‘ლესთერის’ ქომაგებმა სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო შექმნეს. გუნდებთან თავიდანვე მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა და მთელი მატჩის განმავლობაში, მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. თამაშის ტემპი იყო მაღალი და ყველანი ნასიამოვნები დავრჩით. შეხვედრას ჩვენი მასწავლებელი დევიდ მაკქიუც დაესწრო და მასგან კარგი შეფასება მივიღეთ“ – თქვა ამაშუკელმა.

ქართველი მსაჯები ინგლისში რჩებიან და ერთ კვირაში, 23 ნოემბერს, ‘უოსფსისა’ და ‘აჟენის’ შეხვედრას განსჯიან. აღსანიშნავია, რომ ინგლისური კლუბის ღირსებას ზურაბ ჟვანია, ხოლო ‘აჟენისას’ ანტონ ფეიქრიშვილი და გიორგი თეთრაშვილი იცავენ და არაა გამორიცხული, ისინი მომავალ შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ წარსდგნენ.

 

აბჟანდაძე – 10; ლობჟანიძე, გიორგაძე და მესხი – 5 

ჩემპიონთა თასის მესამე ჯგუფში, ფრანგულმა ‘კლერმონმა’ ინგლისურ ‘ჰარლექუინზს’ უმასპინძლა, 7 ლელო გაუტანა და ბონუსით, 53:21 დაამარცხა. ვეტერანი ბურჯი დავით ზირაქაშვილი თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო და ტრადიციულად საიმედოდ ითამაშა.

მეხუთე ჯგუფში ‘მონპელიე’ ‘კონახტს’ ირლანდიაში ეწვია და სარაგბო კუთხით მინიმალური სხვაობით დამარცხდა – 20:23. ბორჯღალოსანმა მიხეილ ნარიაშვილმა თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, მოედანზე 55 წუთი გაატარა, ბურთით ხელში 3-ჯერ შეუტია და ერთი მეტრი მოიგო, ხოლო დაცვაში 8 ბოჭვა შეასრულა.

უკვე ვწერდით, რომ ჩელენჯ ქაფზე, ახალ გუნდებში რამდენიმე ქართველი ლეგიონერის წარმატებული დებიუტი შედგა. მე-4 ჯგუფში ‘ბრივმა’ ‘სტად ფრანსე’ პარიზში, „სტად ჟან ბუენზე“ სწორედ ჩვენებურთა შესანიშნავი თამაშის წყალობით 27:11 დაამარცხა. 20 წლის მგეზავ თედო აბჟანდაძისთვის ეს ‘ბრივის’ პირველ გუნდში სადებიუტო მატჩი იყო და გუნდს 10 ქულა შესძინა. გარდა ამისა, მან დაცვაშიც შესანიშნავად ითამაშა და ერთ ეპიზოდში გუნდი 100%-იანი ლელოსგან იხსნა, მოედანზე გატარებულ 62 წუთში კი, სულ 11 ბოჭვა შეასრულა და ერთხელ თერნოვერი გაახერხა.

ძირითადში იყვნენ და მოედანზე 55-55 წუთი გაატარეს ვასილ ლობჟანიძემ და ოთარ გიორგაძემ. ორივე მათგანმა ლელოს გატანაც მოახერხა – ლობჟანიძე ხელდახელ შეტევას ტაიმის შუაში მიყვა, ხოლო გიორგაძემ მოლი ლელოთი შესვენების წინ დააგვირგვინა. ლობჟანიძემ ბურთით ხელში 3-ჯერ შეუტია, ერთხელ სუფთად გაჭრა ხაზი და ჯამში 24 მეტრი იარა. მის ანგარიშზეა 5 ბოჭვა. გიორგაძემ 8 შეტევით 12 მეტრი მოიგო და 9 ბოჭვა შეასრულა.

53-ე წუთზე სტუმართა პირველ ხაზში ცვლილება მოხდა და ‘ბრივის’ შემადგენლობაში ერთბაშად სამი ქართველი გამოჩნდა. ვანო კარკაძისა და ლუკა ჯაფარიძისთვის, ეს ამ დონეზე სადებიუტო შეხვედრები იყო. მათ ბურთით თითო-თითოჯერ შეუტიეს და 3-3 ბოჭვა შეასრულეს. 5 ბოჭვაა გამოცდილი კარლენ ასიეშვილის ანგარიშზე.

‘სტად ფრანსეს’ შემადგენლობაში პირველიდან 55-ე წუთამდე ითამაშა გიორგი მელიქიძემ, რომელმაც ბურთით ხელში 7-ჯერ შეუტია და წინ ჯამში 6 მეტრით წაიწია, ხოლო დაცვაში 7 ბოჭვა შეასრულა.

დავით მესხის მიერ 63-ე წუთზე გატანილმა ლელომ ვერ უშველა ‘ენისეის’, რომელმაც ინგლისურ ‘ვუსტერს’ უმასპინძლა და 14:57 დამარცხდა. მან მოედანზე 65 წუთი გაატარა, ბურთით ხელში 4-ჯერ შეუტია და ჯამში 32 მეტრი მოიგო, ხოლო დაცვაში 9 ბოჭვა შეასრულა. მოედანზე 71 წუთი გაატარა ნიკა ხატიაშვილმა, 3 მიძალებით 6 მეტრი მოიგო და 7 ბოჭვა შეასრულა. მატჩში ყველაზე მეტი, 14 ბოჭვა მიხეილ გაჩეჩილაძის ანგარიშზეა, რომელმაც ორჯერ თერნოვერიც გაახერხა. მან ‘ენისეის’ რიგებში ყველაზე მეტჯერ, 14-ჯერ წაიღო ბურთი და 44 მეტრი მოიგო.

‘ტულონის’ შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა ბურჯ ბექა გიგაშვილს. ის ‘ბეიონთან’ მატჩში მოედანზე 47-ე წუთზე გამოჩნდა, ბურთი 4-ჯერ მიიღო და 1 მეტრი მოიგო, დაცვაში კი 9 ბოჭვა შეასრულა და ორჯერ თერნოვერი გაახერხა. შეცვლაზე მეორე ხაზში 33 წუთი ითამაშა მამუკა გორგოძემ. ‘ტულონმა’ მეორე ჯგუფის პირველ შეხვედრაში ‘ბეიონი’ სტუმრად 20:13 დაამარცხა.

მესამე ჯგუფში ‘ბორდომ’ ინგლისურ ‘უოსფს’ უმასპინძლა და 40:30 დაამარცხა. მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში, შერკინებებში ქართული დუელი იმართებოდა. მასპინძელთა შორის 58-ე წუთამდე ითამაშა ლექსო ყაულაშვილმა, რომელმაც ბურთით 3-ჯერ შეუტია და ის წინ 16 მეტრით წაწია, ხოლო დაცვაში 6 ბოჭვა შეასრულა. სტუმართა შორის შესვენებისას შეცვალეს ზურაბ ჟვანია, რომლის ანგარიშზე 10 ბოჭვაა.