ლეგიონერები | შალვა მამუკაშვილი 24 აგვისტოს მოლოდინში

ბორჯღალოსანთა კვაჭი შალვა მამუკაშვილი ლესთერში ჩავიდა და ორკვირიანი თვითიზოლაციის შემდეგ, გუნდს 24 აგვისტოს შეუერთდება.

29 წლის მორაგბემ ინგლისის პრემიერშიფის ‘ლესთერ თაიგერსთან’ 2-წლიანი კონტრაქტი მარტის დასაწყისში, ჯერ კიდევ მაშინ გააფორმა, სანამ პანდემიის გამო მსოფლიო გაჩერდებოდა. სწორედ COVID-19-ით გამოწვეული გართულებების გამო, მას ინგლისში ჩასვლა დაუგვიანდა და გუნდსაც 24 აგვისტომდე ვერ შეუერთდება.

„ლესთერში 10 აგვისტოს ჩამოვედი და წესების თანახმად, ორკვირიანი თვითიზოლაცია მომიწევს. ლესთერი პატარა, წყნარი ქალაქია და სახლიც ოჯახურ ატმოსფეროს სრულად მიესადაგება“- ამბობს მამუკაშვილი, რომელსაც ეს ორი კვირა სულაც არ მოუწევს უქმობა და დღეში ერთხელ მოედანზე გასვლის საშუალება ექნება:

„დღეში ერთხელ უნივერსიტეტის მოედანზე გავალ, რომელიც ჯერჯერობით დაკავებული არაა და ინდივიდუალურად მოვემზადები. ვირბენ გაწერილი პროგრამის მიხედვით. გარდა ამისა, სახლში მომიტანენ ინვენტარს და ეზოში ფიზიკური ვარჯიშების შესრულების შესაძლებლობა მექნება. რა თქმა უნდა ეს სრულფასოვანი ვარჯიში არაა, თუმცა ეს ორი კვირა ფორმის შენარჩუნებაში დამეხმარება“.

ინგლისში გამგზავრებამდე მამუკაშვილმა ბორჯღალოსნებთან ერთად ორთვიანი მომზადება გაიარა და მიიჩნევს, რომ ამ ეტაპისთვის კარგ ფორმაშია:

„საკმაოდ კარგი 9-კვირიანი მომზადება გვქონდა, რომელსაც ნაკრების დანარჩენი წევრები ახლაც განაგრძობენ. ვემზადებოდით 3-3 კვირიანი ციკლით, შუალედში ერთი კვირა დასვენებით და დატვირთვებს ნაბიჯ-ნაბიჯ ვუმატებდით. ნაყოფიერად ვიმუშავეთ და ნაკრების ყველა მორაგბე კარგ ფორმაშია, ისეთში, როგორშიც ამ პერიოდისთვის უნდა იყოს“.

ინგლისის პრემიერშიფის 2019-2020 წლების სეზონი 14 აგვისტოს განახლდება და ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.

მამუკაშვილი ინგლისის პრემიერშიფში 2014/2015 წლებში, ‘სეილ შარქსში’ თამაშობდა. მას ასევე პრო 14-ის ‘გლაზგო უორიორსში’, ტოპ 14-ის ‘მონპელიესა’ და ‘ტულონში’ და პრო დე2-ის ‘კარკასონში’ უთამაშია.

 

ფოტოები: ლევან ვერძეული და Jan Perlich