ლეგიონერები | ნინიაშვილის წყვილმა ლელომ ‘ლიონი’ ნახევარფინალში გაიყვანა

ჩელენჯ ქაფის 1/4-ფინალში, დავით ნინიაშვილმა ‘გლაზგო ვორიორზს’ ორი ლელო გაუტანა, ‘ლიონს’ 35:27 მოაგებინა და ნახევარფინალში გაიყვანა.

განვლილი და მომავალი უქმეები ევროპის პროფესიული საკლუბო ტურნირების ფლეი ოფებს დაეთმო. ჩემპიონთა თასის 1/4-ფინალში ფრანგული დერბი შედგა. ‘ლა როშელმა’ ‘მონპელიეს’ უმასპინძლა და 31:19 დაამარცხა. სტუმართა შორის შეცვლაზე 55 წუთიდან ითამაშა გელა აფრასიძემ.

ჩელენჯ ქაფზე ‘ლიონი’ მასპინძელი იყო და დავით ნინიაშვილმა და ბექა საღინაძემ თამაში ძირითადში დაიწყეს. საღინაძემ მოედანზე 68 წუთი გაატარა, ამ პერიოდში ბურთით ხელში 7-ჯერ შეუტია და 15 მეტრი მოიგო, დაცვაში კი 11 ბოჭვა შეასრულა. ნინიაშვილი შეუცვლელად გაისარჯა, 6 შეტევით 86 მეტრი იარა, 5 ბოჭვა შეასრულა და 3-ჯერ გაახერხა თერნოვერი.

50-ე წუთისთვის ‘გლაზგო’ 14 ქულით დაწინაურდა (13:27) და თითქოს გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა ‘ლიონმა’ ბოლომდე იბრძოლა, 25 წუთში 22 უპასუხო ქულა აიღო და გამარჯვება იზეიმა. 61-ე წუთზე ნინიაშვილი ხაზით დაწყებულ შეტევას მარცხენა ფრთაზე მიყვა, პასის მიღების შემდეგ სისწრაფე აკრიფა და ალამთან ლელო გაიტანა, რითაც სხვაობა 2 ქულამდე დავიდა. 75-ე წუთზე ის ფეხით მოკლეზე გადაკიდებულ ბურთს შეყვა, აიტაცა და თავისი მეორე ლელო დაამიწა, გარდასახვის შემდეგ კი საბოლოო შედეგი დაფიქსირდა.

ნინიაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, მისი ლიონი კი, მომავალ უქმეებზე ნახევარფინალში ინგლისურ ‘უოსპსს’ უმასპინძლებს.

დღეს ჩელენჯ ქაფის ბოლო მეოთხედფინალური შეხვედრაა, რომელშიც ‘ტულონი’ ‘ლონდონ აირიშს’ მასპინძლობს. ფრანგული გუნდის მარქაფაში ბექა გიგაშვილია.

 

ფოტო: LOU Rugby