ლეგიონერები | დებიუტანტები ტოპ 14-ში და აფრასიძის 3 ქულა

საფრანგეთის პირველი ელიტარული დივიზიონის, ტოპ 14-ის პირველ ტურში, მოედანზე 16 ქართველი გავიდა. რამდენიმე მათგანს ელიტურ დივიზიონში, ან ახალ კლუბში დებიუტი ჰქონდა, გელა აფრასიძემ კი, ჯარიმით გუნდს 3 ქულა შესძინა.

ტოპ 14-ში დაბრუნებულმა ‘ბიარიცმა’, პირველ ტურში ‘ბორდო’ მიიღო და 27:15 გაიმარჯვა. ბასკები ბონუს-ქულის აღებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ დასკვნით 6 წუთში ორი ლელო გაუშვეს და მხოლოდ 4 საცხრილო ქულა მიიღეს.

მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო თორნიკე ჯალაღონია, რომელსაც ტოპ 14-ში დებიუტი ჰქონდა და შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. 32-ე წუთზე მის მიერ მოგებულ დერეფანს მოლი და ‘ბიარიცის’ მეორე ლელო მოყვა. ჯალაღონია 75-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძელთა რიგებში შეცვლაზე 64-ე წუთიდან ითამაშა უშანგი ჭეიშვილმა.

ორი ქართველი იყო ‘ბორდოს’ შემადგენლობაშიც. თამაში ძირითადში დაიწყო ლექსო ყაულაშვილმა და ის 58-ე წუთზე ლაშა ტაბიძემ შეცვალა.

‘ბრივმა’ ‘პერპინიანს’ ოთხი ქართველის დახმარებით 36:15 სძლია. სასტარტო 15-ში იყო ლუკა ჯაფარიძე, რომელმაც მოედანზე 53 წუთი გაატარა და ის სოსო ბეკოშვილმა შეცვალა. თამაშში 59-ე წუთიდან ჩაერთო ვასილ ლობჟანიძე, ხოლო ვანო კარკაძე შეცვლაზე 70-ე წუთზე შევიდა. ‘პერპინიანის’ რიგებში დებიუტი ჰქონდა გიორგი თეთრაშვილს, რომელიც მოედანზე პირველივე წუთებიდან გავიდა და 49-ეზე შეცვალეს.

‘კასტრმა’ ‘პოს’ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 16:12 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში შეცვლაზე 50-ე წუთიდან ითამაშა ლევან ჩილაჩავამ, რომელიც გუნდს გასული სეზონის მიწურულს შეუერთდა. ‘პოს’ შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა ბექა გორგაძეს. მან ფლანკერის პოზიციაზე თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, შესვენებისას შეცვალეს, 58-ე წუთზე კი კვლავ მოედანზე დაბრუნდა.

პარიზულ დერბიში ‘სტად ფრანსე’ ‘რასინგ 92’-ს დაუხვდა და 21:36 დამარცხდა. ‘სტად ფრანსეს’ სასტარტო შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს ვასილ კაკოვინი.

ფრედ, 24:24 დასრულდა ‘ტულონისა’ და ‘მონპელიეს’ შეხვედრა. ტულონელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა ბურჯმა ბექა გიგაშვილმა. სრულად გაისარჯა სტუმართა 9 ნომერი გელა აფრასიძე, რომელმაც 71-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა და სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა. ‘მონპელიეს’ რიგებში შეცვლაზე 67-ე წუთიდან ითამაშა მიხეილ ნარიაშვილმა.

ტოპ 14-ში სადებიუტო მატჩი ჩაატარა ბექა საღინაძემ, რომელიც ‘ლიონში’ ‘ორიაკიდან’ გადავიდა. მისმა გუნდმა ‘კლერმონს’ 28:19 სძლია. ქართველმა მესამეხაზელმა მოედანზე 80 წუთი გაატარა. ‘ლიონის’ მარქაფაში იყო დავით ნინიაშვილი, მაგრამ მას მოედანზე შესვლა არ მოუწია და მისი დებიუტი გადაიდო.

 

ფოტო: bo-pb