ლეგიონერები | ბრეგვაძის და ლობჟანიძის ლელოები

ზე-რაგბის იაპონური ფრანჩაიზის, ‘სანვულვზის’ ბორჯღალოსანმა კვაჭმა ჯაბა ბრეგვაძემ, მიმდინარე სეზონის სტარტზე, ზედიზედ მეორე მატჩში შეძლო ლელოს გატანა.

გასულ კვირაში ‘სანვულვზმა’ ახალ ზელანდიურ ‘ჩიფსს’ უმასპინძლა და 17:43 დამარცხდა. ჯაბა სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მიწურულს, 5-მეტრიანი დერეფნის შემდეგ, მოლი ლელოთი დაასრულა, რის შემდეგაც ანგარიში 12:24 გახდა. ბრეგვაძემ მოედანზე 62 წუთი გაატარა, დერეფანში ყველა ბურთი უშეცდომოდ ააგდო, საიმედო იყო დაცვაში და აქტიურობდა შეტევებში.

ტრავმა მოიშუშა და მოედანს დაუბრუნდა ბურჯი ზურაბ ჟვანია. მან ინგლისის პრემიერშიფის მე-10 ტურში შეცვლაზე 31-ე წუთიდან ითამაშა. ‘უოსფსი’ სტუმრად ‘ლესთერ თაიგერსს’ შეხვდა და 9:18 დამარცხდა.

ინგლისის ჩემპიონშიფის მე-13 ტურში, სტუმრად ‘ემფთილთან’ 5:13 დამარცხდა ‘ლონდონ სქოთიში’. სტუმართა მარქაფაში იყო მეორეხაზელი ნოდარ ჭეიშვილი.

 

ტოპ 14

ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონში პირველი ლელო გაიტანა ბორჯღალოსანთა 9 ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ. მას მიმდინარე სეზონში ‘ბრივის’ მაისურით უკვე ჰქონდა გატანილი 4 ლელო, ოღონდ ჩელენჯ ქაფზე, ამჯერად კი თავი საფრანგეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში, ‘ტულონთან’ გამოიჩინა. 23 წლის მორაგბე ‘ბრივში’ 2016 წლიდან თამაშობს და ტოპ 14-ში ლელო მეორედ (პირველი 2017 წელს ‘ლიონთან’) გაიტანა.

რაც შეეხება განვლილ შეხვედრას, ლობჟანიძე სტუმრად მოთამაშე ‘ბრივის’ შემადგენლობაში მოედანზე 58-ე წუთიდან გამოჩნდა, 4 წუთში თანაგუნდელთან ერთად მეტოქეს ფეხით თამაშისას დაუფარა და ლელოში შესულ ოვალთან პირველი გაჩნდა. ამ მომენტში სხვაობა 10 ქულამდე შემცირდა, თუმცა ‘ტულონმა’ მალე კიდევ ერთი ლელო გაიტანა და 34:17 იმარჯვა.

სტუმართა რიგებში ასევე შეცვლაზე 53-ე წუთიდან ითამაშა კახა ასიეშვილმა. ‘ტულონის’ განაცხადში იყო ბექა გიგაშვილი, რომელიც მოედანზე 46-ე წუთიდან გამოჩნდა.

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, ლიდერთა ჯახში, ‘ბორდომ’ ‘ლიონი’ 37:19 დაამარცხა, ბონუსიც აიღო და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. მასპინძელთა რიგებში 49-ე წუთიდან ითამაშა ლექსო ყაულაშვილმა.

‘მონპელიემ’ და ‘ბეიონმა’ ერთმანეთს 4-4 ლელო გაუტანეს, თუმცა სტუმრებს ერთი გარდასახვა გაუცუდდათ და ‘მონპელიემ’ 31:29 იმარჯვა. მასპინძელთა განაცხადში ერთბაშად 5 ქართველი ლეგიონერი იყო. შეუცვლელად ითამაშა ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ. მის მარქაფაში ლუკა აზარიაშვილი იყო, თუმცა მოედანზე შესვლა არ მოუწია.

სასტარტო შემადგენლობაში იყო მიხეილ ნარიაშვილი, რომლის ნაცვლად 61-ე წუთზე მოედანზე უშანგი ჭეიშვილი გამოჩნდა. ასევე ძირითადში იყო და 43 წუთი ითამაშა მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ.

აუტსაიდერმა ‘აჟენმა’ უშუალო კონკურენტ ‘კასტრს’ უმასპინძლა და 24:43 დამარცხდა, რითაც სიტუაცია გაირთულა. მასპინძელთა რიგებში პირველი 40 წუთი ითამაშა გიორგი თეთრაშვილმა.

 

პრო დე2

პრო დე2-ის მე-20 ტურის პირველ, ცენტრალურ მატჩში, ‘გრენობლმა’ ‘პერპინიენს’ უმასპინძლა და 20:10 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის პირველიდან 53-ე წუთამდე ითამაშა დუდუ ქუბრიაშვილმა.

‘ანგულემმა’ ‘ვალანსი’ მიიღო და უხვქულიან მატჩში 36:34 დაამარცხა. ორივე გუნდის შემადგენლობაში 53-ე წუთიდან ითამაშეს ლუკა გოგინავამ (ანგულემი) და მირიან ბურდულმა (ვალანსი).

ქართველების ‘ორიაკი’ ‘ბეზიეს’ ეწვია და მცირედი სხვაობით მარცხისთვის ბონუსს დასჯერდა – 12:16. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში სამმა ჩვენებურმა ითამაშა. შეუცვლელად გაისარჯა გიორგი ცუცქირიძე, მოედანზე 47 წუთი გაატარა ბურჯმა ჯემალ შათირიშვილმა, ხოლო მეორეხაზელი გიორგი ჯავახია 57-ე წუთზე შეცვალეს.

სტუმრად ‘კარკასონთან’ მცირედით დამარცხდა და ბონუსი აიღო ‘მონ-დე-მარსანმა’ (35:37). სტუმართა ძირითადში იყო და შესვენებისას შეცვალეს ლაშა მაჭარაშვილი, რომელმაც მე-8 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო გელა მურუსიძე.

ერთ-ერთ ლიდერ ‘ოიონასთან’ სტუმრად 23:22 იმარჯვა ‘რუანმა’, რომელიც ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. სტუმართა შორის დასკვნითი 10 წუთი ითამაშა თამაზ მჭედლიძემ.

ტურის დასკვნით შეხვედრაში ‘კოლომიემ’ ‘ნევერი’ მიიღო და 39:24 დაამარცხა. სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად სამი ქართველი ბურჯი იყო. ‘კოლომიეს’ რიგებში 48 წუთი ითამაშა ბექა შეყლაშვილმა, სტუმართა შორის კი, შესვენებაზე შეცვალეს თორნიკე მატარაძე და ილია კაიკაციშვილი.