ლეგიონერები | აფრასიძემ, ნინიაშვილმა და გორგაძემ სანაკრებო მატჩებამდე გაიტანეს

2022 წლის პირველი სანაკრებო შეკრების დაწყებამდე, გელა აფრასიძემ, დავით ნინიაშვილმა და ბექა გორგაძემ საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-16 ტურში ლელოები გაიტანეს, რითაც თავ-თავიანთ გუნდებს მოაგებინეს.

‘მონპელიე’ ‘ლა როშელს’ ეწვია და 29:23 დაამარცხა. მიხეილ ნარიაშვილი სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენების მერე შეცვალეს. თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო გელა აფრასიძე, 68-ე წუთზე, დერეფნის შემდეგ ხაზიდან ამოვარდნილი მცველი შენიშნა, ცრუმოძრაობის შემდეგ სწრაფად გაჭრა ხაზი, ბურთი ფეხით გადაიკიდა, მიყვა და ცალი ხელით დაამიწა, რითაც ანგარიში 29:16 გახადა. აფრასიძისთვის ეს მიმდინარე სეზონში მეორე გატანილი ლელოა, სულ კი ტოპ 14-ში თავი მეოთხედ გამოიჩინა.

‘ლიონმა’ ‘პერპინიანს’ 28:23 სძლია. დავით ნინიაშვილმა თამაში ძირითადში დაიწყო და მოედანზე 1 საათი გაატარა. 44-ე წუთზე მან ფრთაზე გრძელი გადაცემა შეირგო და ლელოში მაღალ სიჩქარეზე შეიჭრა. ზუსტი გარდასახვის შემდეგ ‘ლიონი’ 16:13 დაწინაურდა და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა. ნინიაშვილისთვის ეს ამ თვეში გატანილი მესამე ლელოა. მან ‘პერპინიანი’ ორჯერ დაამწუხრა – ერთხელ ტოპ 14-ში და ერთხელ ჩელენჯ ქაფზე. მასპინძელთა რიგებში თამაშში 58-ე წუთიდან ჩაერთო დუდუ ქუბრიაშვილი.

‘პომ’ ‘კლერმონი’ მიიღო და 28:20 გაიმარჯვა. ბექა გორგაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და ფლანკერის პოზიციაზე კარგი თამაში ჩაატარა. 69-ე წუთზე მან ‘პოს’ ფაზური შეტევა ლელოთი დაასრულა და საკუთარი გუნდი 21:20 დააწინაურა. ბექასთვის ეს მეორე ლელოა მიმდინარე სეზონში.

ლიდერმა ‘ბორდომ’ ‘კასტრს’ უმასპინძლა და 23:10 დაამარცხა. სტუმართა შორის შეცვლაზე 62-ე წუთიდან ითამაშა ლევან ჩილაჩავამ.

‘ბრივმა’ ‘ბიარიცი’ მიიღო და ბონუსით – 33:10 დაამარცხა. ორივე გუნდის რიგებში სამ-სამმა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა. ‘ბრივის’ ძირითადში იყვნენ ვასილ ლობჟანიძე (58-ე წუთზე შეცვალეს) და ლუკა ჯაფარიძე, რომლის ნაცვლად 63-ე წუთზე თამაშში სოსო ბეკოშვილი ჩაერთო. სტუმართა შორის პირველიდან 74-ე წუთამდე გაისარჯა თორნიკე ჯალაღონია, რომელმაც მე-19 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ძირითადში იყო ლუკა აზარიაშვილი და შესვენების შემდეგ ის გიორგი ნუცუბიძემ შეცვალა.

‘რასინგ 92’-მა ‘ტულუზს’ სტუმრად 20:15 მოუგო. გამარჯვებულთა შორის შეცვლაზე დასკვნითი 25 წუთი ითამაშა გურამ გოგიჩაშვილმა.

ტურის დასკვნით შეხვედრაში ბექა გიგაშვილის ‘ტულონი’ ‘სტად ფრანსეს’ ეწვია და ტაიმი 17:10 მოიგო, მაგრამ საბოლოოდ 24:26 დამარცხდა. ქართველი ბურჯი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 49-ე წუთზე შეცვალეს.

ინგლისის პრემიერშიფის მე-14 ტურში ‘გლოსთერმა’ ‘ნიუკასლს’ სტუმრად 32:22 სძლია. გამარჯვებულთა შორის შეცვლაზე 4 წუთი ითამაშა გიორგი კვესელაძემ.

პრო დე2 – შეყლაშვილმა ლიდერს გაუტანა

მე-19 ტურში ‘კოლომიემ’ ლიდერ ‘ოიონას’ უმასპინძლა და 29:17 დაამარცხა. გამარჯვებაში საკუთარი წვლილი ბექა შეყლაშვილმაც შეიტანა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო, მოედანზე 52 წუთი გაატარა და 25-ეზე ლელო გაიტანა. სტუმართა განაცხადში იყო და დასკვნითი 5 წუთი ითამაშა ბექა კაკაბაძემ.

‘მონტობანი’ ‘კარკასონთან’ მეორე ტაიმის დებიუტში კაცნაკლული დარჩა და მასპინძლებთან 6:31 დამარცხდა. სტუმართა რიგებში მირიან ბურდული 49-ე წუთზე გამოჩნდა და 64-ეზე ყვითელი ბარათი მიიღო.

‘ბეზიემ’ ‘აჟენს’ უმასპინძლა და ბონუსით, 29:3 მოუგო. სტუმართა ძირითადში იყო და 49-ე წუთზე შეცვალეს ჯაბა ბრეგვაძე. მასპინძელთა რიგებში 47-ე წუთიდან ითამაშა გიორგი ახალაძემ, ჟორჟ სალდაძე კი შეცვლაზე 57-ე წუთზე შევიდა.

‘გრენობლმა’ ‘რუანი’ მიიღო და მხოლოდ ნუგეშის ქულას დასჯერდა – 14:15. მასპინძელთა ძირითადში იყო ილია კაიკაციშვილი და ის 49-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ლუკა გოგინავა თამაშში 70-ე წუთიდან ჩაერთო.

‘ვანთან’ სტუმრად 10:33 დამარცხდა ‘მონ-დე-მარსანი’, რომლის რიგებში მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა ლაშა მაჭარაშვილმა.

‘ბეიონმა’ ფრედ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ (13:13), ‘ნევერს’ სტუმრად ბონუსით, 41:13 მოუგო. სამწუხაროდ, მე-9 წუთზევე დაშავდა და შესაცვლელი შეიქმნა ‘ბეიონის’ მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე. მასპინძელთა ძირითადში იყო და 48-ე წუთზე შეცვალეს თორნიკე მატარაძე, ხოლო გია ხარაიშვილი შეცვლაზე 56-ე წუთზე შევიდა.

 

ფოტო: XAVIER LEOTY, Patrice Martins de Barros