ილია წულუკიძის სამძიმარი

ქართული რაგბის თემმა და სრულიად საქართველოს სპორტულმა საზოგადოებამ უდიდესი დანაკლისი განიცადა. 71 წლის ასაკში ბათუმის რაგბის კლუბ ‘დათვების’ ექს-პრეზიდენტი ილია წულუკიძე გარდაიცვალა.

ბათუმის ყოფილი მერი, ილია წულიკიძე სპორტის დიდი მოამაგე გახლდათ და გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული აჭარის რეგიონში სპორტის წინსვლისა და განვითარების საქმეში უდიდესი წვლილი მიუძღვის. წულუკიძის სახელს უკავშირდება საფეხბურთო კლუბ ბათუმის ‘დინამოს’ იმ ხანად საერთაშორისო სარბიელზე წარმატებული გამოსვლა და საკალათბურთო კლუბ  ბათუმის ‘ბასკოს’ მიერ 5-ჯერ ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.

სწორედ ილია წულუკიძის თაოსნობით დაედო საფუძველი აჭარაში რაგბის აღორძინებას. მისი ხელმძღვანელობით ბათუმში რაგბის მძლავრი კერა შეიქმნა, რამაც შემდგომში საფუძველი რეგიონში რაგბის პოპულარიზაციასა და მასობრიობას დაუდო. ილია წულუკიძე ერთი ხანობა რაგბის კლუბ ‘დათვების’ პრეზიდენტიც გახლდათ და მისი თავკაცობის პერიოდში ბათუმელებმა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული 2-გზის მოიგეს.

რაგბის კავშირი და ქართული სარაგბო თემი ღრმა მწუხარებას გამოთქვავს ილია წულუკიძის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს წულუკიძეების ოჯახს და სამძიმარს უცხადებს.