თვიქენჰემამდე მარიფილდზე | 23 ოქტომბერს ბორჯღალოსნები შოტლანდიას ერკინებიან

‘შემოდგომის ერთა თასი 2020’-ის პირველ ტურში ბორჯღალოსნები ინგლისს, ლეგენდარულ „თვიქენჰემზე“ 14 ნოემბერს ერკინებიან (იხილე ტურნირის შესახებ აქ).

ხოლო გათამაშების პირველ ტურამდე საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებები ედინბურგში,ასევე ლეგენდარულ „მარიფილდზე“ წინა სატურნირო გასახურებელ ტესტ-მატჩს გამართავენ. ეს თამაში 23 ოქტომბერსაა ჩანიშნული, 1 ნოემბერს კი, ბორჯღალოსნები 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადადებულ მატჩში რუსეთს უმასპინძლებენ.

მეხუთედ შოტლანდიასთან

უკანასკნელ ათწლეულში ბორჯღალოსნებს შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ოთხჯერ უთამაშიათ. პირველ ჯერზე გუნდები ერთმანეთს ახალ ზელანდიაში, 2011 წლის მსოფლიო თასზე ინვერქარგილში გადაეყარნენ. საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს ლელო არ გაატანინა, თუმცა შოტლანდიამ გამარჯვება ჯარიმების წყალობით მოიპოვა. ეს არის ჯერჯერობით ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ტიერ1-ის გუნდთან ლელო ხელუხლებლად შევინახეთ.

2016 წლის ნოემბერში სქოთებმა კილმარნოკში, შემოდგომის ტესტ-მატჩში გვიმასპინძლეს და 43:16 იმარჯვეს, თუმცა ბორჯღალოსნებთან თამაში ისე მოეწონათ, რომ თბილისში სტუმრობა მაშინვე დაადასტურეს.

2019 წლის მსოფლიო თასის წინ, შოტლანდიამ სიტყვა შეასრულა და გახდა პირველი (და ჯერჯერობით ერთადერთი) გუნდი ტიერ1-ის ქვეყნების ნაკრებებიდან, რომელიც საქართველოს ეწვია. მსოფლიო თასის წინა გასახურებელი თამაში „დინამო არენაზე“ 31 აგვისტოს გაიმართა. ქომაგმა უმაღლესი დონის შემსრულებლების ცოცხლად ხილვით ისიამოვნა, თამაში კი სტუმრებმა 44:10 მოიგეს.

ერთი კვირის თავზე იმავე მეტოქეს ედინბურგში, „მარიფილდზე“ შევხვდით. ბორჯღალოსნების თამაშის ხარისხი ერთი კვირის წინანდელზე უკეთესი იყო, თუმცა ობიექტურად ძლიერმა მეტოქემ მეოთხედაც გაიმარჯვა – 36:9.

აქვე გეტყვით, რომ შემოდგომის ერთა თასის პირველ მატჩში შოტლანდია იტალიას ეთამაშება.