თამაშის დღის ექიმი – ახალი სტანდარტი შიდა ჩემპიონატის ყველა დონეზე

საქართველოს რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურისა და საშეჯიბრო კომიტეტის საერთო ძალისხმევით, საქართველოს შიდა პირველობებზე დაინერგა ახალი სტანდარტი, კერძოდ ყველა თამაშზე იქნება სასწრაფო დახმარების მანქანა და ასევე, თამაშის დღის ექიმი.

თამაშის დღის ექიმის მოვალეობაა:

  • თამაშის დღის ექიმი არის ნეიტრალური პირი, რომლის მოვალეობაა შეასრულოს სამედიცინო საკითხების სრული მონიტორინგი და მენეჯმენტი.
  • თამაშის ექიმი უნდა გამოცხადდეს თამაშზე ერთი საათით ადრე
  • სამედიცინო ოთახის აღჭურვილობის შემოწმება
  • სამედიცინო ოთახის მომზადება თამაშისათვის
  • ტვინის შერყევის ოთახის მომზადება
  • გუნდების სამედიცინო სტაფთან შეხვედრა  თამაშის დაწყებამდე 30 წუთით ადრე
  • თამაშის განმავლობაში მოედანთან ყოფნა და თამაშის დაკვირვება
  • ტვინის შერყევის აღმოჩენის შემთხვევაში მოთამაშის გამოყვანის მოთხოვნა, თუ გუნდის ექიმს არ გამოყავს დაშავებული მოთამაშე
  • ტვინის შერყევის ტესტის ჩატარება (გუნდის ექიმთან შეთანხმებით)
  • სამედიცინო პროცედურის ჩატარება (გუნდის ექიმთან შეთანხმებით)
  • გამომყვანი გუნდის მართვა (თუ გამომყვან გუნდს არ ყავს ლიდერი)
  • მოთამაშის სასწრაფო დახმარების ბრიგადისთვის გადაბარება (თუ არის ამის საჭიროება)
  • თამაშის დამთავრების შემდეგ უნდა კითხოს გუნდის ექიმებს ჭირდებათ თუ არა დახმარება და სამედიცინო ოთახის გამოყენება და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვოს მოედანი.
  • აწარმოოს გახარჯული სახარჯი მასალის დოკუმენტაცია
  • აწარმოოს თამაშის სამედიცინო ოქმი (დაშავებული მოთამაშეების ინფორმაცია, ტრავმები)

სიახლის მნიშვნელობასთან დაკავშირებით რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის უფროსი, ბორჯღალოსნების მთავარი ექიმი ნუცა შამათავა ამბობს:

„მატჩის ექიმის პრაქტიკა საქართველოში პირველად დაინერგა და ის წარმოდგენილი იქნება ყველა თამაშზე, როგორც კაცთა და ჭაბუკთა ლიგებში, ასევე ფესტივალებზე. მისი ფუნქციაა, რომ აკონტროლოს და მართოს ტრავმები გუნდის ექიმებთან ერთად, ასევე ყურადღება მიაქციოს ტვინის შერყევის აღმოჩენის პროცედურას. სამწუხაროდ, გვქონდა შემთხვევები, როდესაც თამაშები სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლის გარეშე ტარდებოდა, რაც დაუშვებელია განსაკუთრებით კონტაქტური სპორტისთვის. მატჩის ექიმი ასევე აღრიცხავს ტრავმებს და ინფორმაციას სამედიცინო სამსახურს მიაწვდის. ანალიზის შედეგად მივიღებთ სურათს, რა ტრავმებია ყველაზე ხშირი და რა არის მისი გამომწვევი მიზეზი, რაც სამომავლოდ ტრავმების პრევენციაში დაგვეხმარება“.

„ეს სიახლე მოთამაშეთა კეთილდღეობას ემსახურება, რათა ტრავმებს არ მოყვეს გართულებები. გარდა ამისა, ყველა თამაშზე იქნება სასწრაფო დახმარების ბრიგადა“.

რაგბის კეთილდღეობის კოორდინატორის, ნონო ანდღულაძის თქმით, თამაშის დღის ექიმის პოზიციაზე 20 სპეციალისტია მომზადებული და უახლოეს პერიოდში მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება:

„რაგბის კავშირისა და პირადად ჩვენი სამსახურისთვის მოთამაშეთა კეთილდღეობა უმთავრესია. მოთამაშეები რაგბის მთავარი აქტივია და მათ გაფრთხილება ჭირდებათ. აქამდე თამაშის დღის ექიმის პრაქტიკას მხოლოდ საერთაშორისო შეხვედრებში ვიყენებდით, ახლა კი მას შიდა ტურნირებშიც დავნერგავთ. მატჩის ექიმის პოზიციისთვის უკვე გადამზადებული გვყავს 20 სპეციალისტი, რაც ამ ეტაპზე საკმარისია. მუშაობა გრძელდება და მომავალში მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენის მხრივ, დავაკვირდებით მათ მუშაობას და წარმატებულ სპეციალისტებს გავუწევთ რეკომენდაციას კლუბებსა და სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში“.