თამაზ ოდიშარიას სამძიმარი

კოვიდის მსახვრალმა ხელმა გამოჩენილი ქართველი მორაგბის თამაზ ოდიშარიას გულისძგერა 57 წლის ასაკში შეაჩერა. ქუთაისის მკვიდრი, „ოდოდ“ ცნობილი თამაზ ოდიშარია ამაგდარ  სპორტსმენთან ერთად, პოზიტიური პიროვნული თვისებებით გაჯერებული რიონისპირელთა კოლორიტი და რაგბის ქართული თემის ერთ-ერთი გამორჩეული პიროვნება გახლდათ.

მრავალმხრივ ნიჭიერ და სპორტსმენის უნივერსალური თვისებების მქონე თამაზ ოდიშარიას კრივიდან რაგბში ადაპტაცია არ გაჭირვებია. „ოდომ“ ‘აიას’ ძირითადში თავის სადებიუტო სეზონშივე, 1983 წელს მყარად მოიკიდა ფეხი და 14 სეზონის განმავლობაში რიონისიპირელთა ერთ-ერთი საუკეთესო მორკინალიც გახლდათ. ჯანიან, სწრაფ თამაზ ოდიშარიას კარიერის მანძილზე უამრავი ეფექტური ლელო აქვს გატანილი. „ოდომ“ სსრკ-ს ჩემპიონატი 3-გზის მოიგო, თითოჯერ ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა და ერთხელ საბჭოეთის თასიც შემართა.

თამაზ ოდიშარიამ ქართული რაგბის დამოუკიდებლობის ხანაშიც ისახელა თავი. ზიმბაბვესთნ, ბორჯღალოსანთა ისტორიული მატჩის მონაწილე ოდიშარიამ მშობლიური ‘აიას’ რიგებში ქვეყნის ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულები მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ რაგბში ოდიშარიების დინასტიას წარმატებით აგრძელებს „ოდოს“ ვაჟი ზვიად ოდიშარია, ვინაც ამჟამად ქუთაისის ‘ბაგრატის’ ღირსებას იცავს.

ქართული სარაგბო თემი ღრმა მწუხარებას გამოთქვავს თამაზ ოდიშარიას გარდაცვალების გამო, „ოდოს“ ოჯახს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს.