თაგ რაგბის ფესტივალი 2020

გუშინ დიღომში მდებარე თბილისის ‘ლოკომოტივის’ ბაზაზე უკონტაქტო, თაგ რაგბის ფესტივალი 2020 გაიმართა, რომლის მიზანს რაგბისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია წარმოადგენდა.

ტურნირ-ფესტივალის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს რაგბის კავშირი, საქართველოს რაგბის ასოციაცია, ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

 

 

ფესტივალი, რომელშიც რვა გუნდი მონაწილეობდა თითქმის ოთხი საათი გაგრძელდა. გუნდები დაკომპლექტებული იყვნენ მოქმედი და ვეტერანი მორაგბეებით, ასევე ყველა მათგანს შემადგენლობაში ყავდა მინიმუმ ერთი ბავშვი და გოგონა.

„ღონისძიება თაგ რაგბი შერეული ტურნირია, სადაც არ გვაქვს ასაკობრივი და გენდერული შეზღუდვა. გვიხარია სპორტული ღონისძიების ჩატარების საშუალება რომ მოგვეცა და მას ამდენი მონაწილე ყავს“ – განაცხადა „სპორტი ყველასათვის“ პრეზიდენტმა მაია აზარიაშვილმა.

 

 

რაგბის ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კაჭარავა, რომელიც შეხვედრებზე თავად მსაჯობდა, ფესტივალით კმაყოფილი დარჩა:

„რაგბის ასოციაცია მსგავს ფესტივალებს სკოლებსა და რეგიონებში ბავშვებისთვის ატარებს, ეს კი იყო ერთჯერადი ტურნირი, სადაც გაერთიანებული იყვნენ სამი თაობის წარმომადგენლები. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მონაწილე კმაყოფილი დარჩა. ყველამ მოახერხა ადაპტირება თაგ რაგბისთან, ბავშვებმა გაიცნეს უფროსი ასაკის მორაგბეები. კარგი იქნება, თუ მსგავს ფესტივალებს კლუბები თავადაც მოაწყობენ და სხვადასხვა თაობის მოთამაშეები ერთმანეთს გაიცნობენ“.

 

 

აღსანიშნავია, რომ ფესტივალში ჩართული იყვნენ ის ბავშვები, რომლებიც სასკოლო რაგბის პროგრამის – „ჩერთე რაგბში“-ს „პირველი მერცხლები“ იყვნენ და მათმა გუნდმა ნახევარფინალში ითამაშა, სადაც მომავალ ჩემპიონ „მხატვრებთან“ ერთი ლელოთი დამარცხდა.

„სასკოლო რაგბის პროგრამა ოთხი წლის წინ დავიწყეთ და პირველი ფესტივალების ჩემპიონებმა დღეს დიდი 10-ის მორაგბეების მხარდამხარ ითამაშეს. სავალდებულო იყო, რომ ყველა გუნდს ყოლოდა მინიმუმ ერთი ვეტერანი, ბავშვი და გოგონა, რამაც გაამართლა. ეს არის ჯაჭვი, რისთვისაც გვიყვარს რაგბი. მადლობა ყველას, ვინც მოვიდა, მხარში დაგვიდა და ვისთან ერთადაც შევქმენით თაგ რაგბის ეს ფესტივალი“ – დაამატა რაგბის ასოციაციის პროექტების მენეჯერმა და ამ ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზუკა შენგელიამ.

 

 

პანდემიით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, სპორტული აქტივობით და მოედანზე გასვლით ბედნიერები იყვნენ მოქმედი მორაგბეები, რომელთა გვერდით თამაში დიდი გამოცდილება იყო ახალგაზრდებისთვის:

„პოზიტიურ განწყობაზე ვარ. ძალიან კარგი ღონისძიებაა, სადაც ჩართულები არიან როგორც ბავშვები, ასევე ვეტერანი და მოქმედი მორაგბეები. თაგ რაგბის თამაში ყველა რაგბის მოყვარულს შეუძლია. ის კარგად ანვითარებს ბავშვის სარაგბო უნარებს. ყველამ დიდი სიამოვნება მიიღო და რაც უფრო ხშირად ჩატარდება მსგავსი ფესტივალები, მით უფრო კარგი იქნება ყველასათვის“ – ამბობს ირაკლი გეგენავა, რომელიც დიდი 10-ის კლუბის მოქმედი მორაგბეა.

 

 

ფესტივალის დასრულების შემდეგ, გამარჯვებულ გუნდს, ასევე გამორჩეულ მოთამაშეებს გადაეცათ სპეციალური პრიზები. მათ შორის იყო თინათინ გამცემლიძე, რომელსაც თაგ რაგბის ფესტივალზე რაგბში დებიუტი ჰქონდა:

„აქამდე რაგბის თამაში არც კი მიცდია, რადგან ის რთული და ძალისმიერი სპორტი მეგონა. ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე და იმედი მაქვს მსგავს ფესტივალებში მონაწილეობის მიღების შანსი კიდევ მომეცემა. რაგბი ენერგიული თამაშია, რომელიც საუკეთესო ხასიათზე გაყენებს. ყველას ვურჩევ, რომ იყვნენ აქტიურები და ჩაერთვნენ რაგბში. ძალიან მესიამოვნა, როდესაც ფესტივალის შემდეგ ჩემი სახელი გამოაცხადეს და სამახსოვრო პრიზი გადმომცეს“.

 

 

ფესტივალს ბორჯღალოსნები ლაშა ხმალაძე და დავით კაჭარავაც ესწრებოდნენ.

„თაგ რაგბი მომეწონა, სახალისო თამაშია. თუ რაგბის წესების გაგება მაყურებლისთვის ძალიან რთულია, აქ ყველაფერი მარტივდება, თანაც ისე, რომ რაგბის პრინციპები დაცულია. არის უკონტაქტო თამაში, სადაც მეტი ბურთაობაა და მოყვარულებისთვის ძალიან საინტერესოა. ამ ფესტივალზე იყვნენ გუნდები, რომლებმაც თაგ რაგბს მარტივად აუღეს ალღო და სიამოვნება მიიღეს, ბევრი ლელოც დაიდო. რაც უფრო მეტი გულშემატკივარი ჩაერთვება მსგავს თამაშში, მით უფრო მარტივი გახდება მერე მათთვის რაგბის ყურება“ – თქვა ლაშა ხმალაძემ.

„ეს არის ძალიან კარგი, გასართობი აქტივობა, რომელიც პანდემიის შემდეგ სპორტული აქტივობების დაბრუნებას შეუწყობს ხელს. მონაწილეობას იღებდნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც აქამდე რაგბი არ უთამაშიათ და კარგი იქნება მსგავსი ღონისძიებები ხშირად თუ ჩატარდება. რაგბი ცხოვრების წესია და ვისაც აქვს სურვილი, რომ იყოს ამ ოჯახის ნაწილი, მას ეძლევა შესაძლებლობა სრულიად უსაფრთხოდ ჩაერთოს მსგავს აქტივობებში“ – დაამატა დავით კაჭარავამ.