ზურა ალანიას სამძიმარი

ქართული რაგბის თემმა და სრულიად საქართველომ ცნობილი მორაგბე და ღირსეული მამულიშვილი დაკარგა. ზურა ალანიას გულისცემა  55  წლის ასაკში შეწყდა…

ზურა ალანიამ რაგბის თამაში ჭაბუკობის ხანაში დაიწყო. გასული საუკუნის  80-იანი წლების დასაწყისში,  ქართველი მორაგბეების  შემართებამ  და თამაშის მიმართ ქცევის დაუწერელმა რაინდულმა კოდექსმა დოლიძელ ბიჭს ოვალის მიმართ გაჩენილი ინტერესი გაუორმაგა. 16 წლის ასაკში რაგბში ჩაბმულმა ზურა ალანიამ სპეციალისტთა ყურადღება უმალ მიიპყრო და 19 წლისამ საბჭოეთის უმაღლესი ლიგაც დააჭაშნიკა.

მორაგბის უნივერსალური თვისებებით დაჯილდოებულ და შრომისმოყვარეობით გამორჩეულ ალანიას  სერიოზული ნდობა პირველმა, ‘შევარდენის’ ლეგენდარულმა დამრიგებელმა რამაზ სანებლიძემ გამოუცხადა. ზურა ალანიამ  ‘შევარდენის’ რიგებში სსრკ-ს პირველობაზე ორი ნაყოფიერი სეზონი გაატარა, რის შემდგომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის გამო, ერთი ხანობა არმიის სპორტული კლუბის (ასკ)  რიგებში იასპარეზა, შემდგომში კი წარმატებით თამაში ‘მიმინოში’ განაგრძო.

ზურა ალანიას მოქმედი სპორტსმენის კარიერული წინსვლა აფხაზეთის ომმა შეაფერხა. ალანია,  უთანასწორო ბრძოლაში მშობლიურ მიწა-წყალს სოხუმის დაცემის ბოლო დღემდე იცავდა და ომში მამაცობისთვის რამდენიმე ჯილდოც მიიღო.

აფხაზეთში განცდილმა მარცხმა ზურა ალანიაზე მძიმედ იმოქმედა. მართალია, ომიდან დაბრუნებულმა ალანიამ კვლავ მოირგო მორაგბის კვართი და 90-იანი წლების შუა პერიოდში თვითმყოფადი ‘გუმარის’ საკულტო გუნდად ქცევის პროცესში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანაც მოახერხა, თუმცა აფხაზეთის ომის მოვლენებით გამოწვეული ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ პერმანენტულად მყოფმა მამულიშვილმა მორაგბის კარიერა 30 წლის ასაკში დაასრულა, რითაც თანაგუნდელებს,სპეციალისტებსა და ქომაგს დიდად დაწყვიტა გული…

საქართველოს რაგბის კავშირი და ქართული რაგბის თემი ზურა ალანიას ოჯახს, მის ახლობლებს უთანაგრძნობს და სამძიმარს უცხადებს.