ზვიად მაისურაძე | 40 წელი რაგბისა და ‘ლოკომოტივის’ სიყვარულში

„ჩემი სახლიდან „ვარკეთილის“ მეტრომდე დაახლოებით 2 კილომეტრს ფეხით მივდიოდი, მერე კი „რუსთაველის“ მეტროდან ფიზკულტურის ინსტიტუტამდე ისევ ფეხით. არ იყო გასახდელები, საშხაპეები და ვარჯიშის შემდეგ იგივე გზა უკან იყო გასავლელი. ხშირად შუქი ქრებოდა და მეტრო ითიშებოდა, მაგრამ ვარჯიში არასდროს გამიცდენია, რადგან რაგბის მიმართ უდიდესი სიყვარული მქონდა! ვფიქრობ, ჩვენმა თაობამ წინამორბედების დაწყებული საქმე ღირსეულად გააგრძელა და ქართველ ხალხს რაგბი შეაყვარა“ – ამბობს თბილისის ‘ლოკომოტივის’ ვეტერანი კაპიტანი ზვიად მაისურაძე.

„ცხოველა“, როგორც მას პირველი მწვრთნელი განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემების გამო ეძახდა, რაგბზე 9-10 წლის ასაკში მივიდა და სულ მალე ქვეყანაში არეულობა დაიწყო. გასული საუკუნის 90-იან წლებში არათუ სპორტისთვის, არსებობისთვისაც გაუსაძლისი პირობები იყო, თუმცა ვისაც რაგბი უყვარდა, სპორტის ამ ვაჟკაცურ სახეობას ბოლომდე მიყვა და საქართველოს ნაკრები ნაბიჯ-ნაბიჯ მსოფლიო რეიტინგში მე-12 საფეხურამდე აიყვანა.

„9-10 წლის ვიყავი, როდესაც გია ჯავახიშვილმა რაგბის კლუბ ‘ქორებში’ მიმიყვანა. მის წინადადებას მხოლოდ იმ პირობით დავთანხმდი, რომ ჩემს უფროს ძმასთან და მის კლასელებთან ერთად ვივარჯიშებდი, თუმცა მერე თანატოლებთან მომიწია ვარჯიში. რაგბზე მისვლიდან 3 დღეში ფესტივალები დაიწყო, რომლებიც მაშინ დღევანდელისგან განსხვავებული სისტემით ტარდებოდა. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ბურთი ლელოს ხაზს იქით უნდა დამემიწებინა და პასი უკან გამეკეთებინა, მაგრამ თანატოლებისგან ფიზიკური მონაცემებით გამორჩეული, „დიდი კაცი“ ვიყავი, თან სირბილიც შემეძლო და პირველსავე სეზონში საუკეთესო მელელოვე გავხდი. გადმომცეს თასი და სიგელი, რამაც ძალიან გამახარა რაგბი განსაკუთრებით შემაყვარა“ – იხსენებს რაგბზე მისვლის პირველ დღეებს ზვიად მაისურაძე, რომელსაც ოქტომბერში 40 წელი შეუსრულდება:

„რაგბს ჯერ კიდევ ვერ ვეშვები და მინდა ჩემი შვილიც მორაგბე იყოს“ – ამბობს დიდი 10-ის კაპიტნებს შორის ყველაზე ასაკოვანი და სტაჟიანი მორაგბე.

 

 

„ჰიმნზე რომ დგახარ, ცრემლები თავისით მოდის“

„90-იანი წლების ბოლოს, რაგბზე ბევრი ახალგაზრდა არ დადიოდა. ვაზისუბანში იყო ასეთი გუნდი – ‘ივერია’, რომელთანაც ‘ქორები’ გაერთიანდა და ასე ჩაერთო კაცთა ჩემპიონატში. მერე ჩვენზე პასუხისმგებლობა არმიამ აიღო და არმიას სპორტული კლუბის სახელით ვთამაშობდით. ძალიან ძლიერი შემადგენლობა გვყავდა და ბევრმა მორაგბემ ეროვნულ თუ ახალგაზრდულ ნაკრებში ითამაშა. ჩვენი მწვრთნელი ლევან მგელაძე იყო და მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდები ვიყავით, ჩემპიონატში მე-3 ადგილი დავიკავეთ“ – გვიყვება ზვიად მაისურაძე, რომელიც მალე ‘ლოკომოტივის; ნაწილად იქცა:

„ეს იყო უდიდესი სიხარული, რადგან ‘ლოკომოტივი’ ქართული რაგბის ფლაგმანი იყო, სადაც ნაკრების ბირთვი თამაშობდა“.

ჯერ კიდევ ასკ-ს მოთამაშე, 1997 წელს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში მოხვდა და გუნდთან ერთად სამ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა, 2004 წელს კი, ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი შედგა:

„პირველ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 1997 წელს, ჩილეში ვითამაშე. იქ 1978/79 წელს დაბადებულები თამაშობდნენ, თუმცა მეც წამიყვანეს და „გ“ დივიზიონი მოვიგეთ. 1998 წელს საფრანგეთში უკვე „ბ“ დივიზიონი მოვიგეთ, 1999 წელს კი, უძლიერესთა შორის უელსში ვითამაშე. პირველ ორ ჩემპიონატზე მარჯვენა ბურჯი ვიყავი, უელსში კი მესამე ხაზში გადამიყვანეს, რადგან 8 ნომრის პოზიციაზე პრობლემები გვქონდა. როგორც ჩანს, პოზიციის შეცვლა კარგად „გადავიტანე“, რადგან ამის შემდეგ კლუბშიც 8 ნომერზე დამაყენეს. ასე გავხდი მესამეხაზელი“.

ისევე, როგორც ყველა მორაგბისთვის, მაისურაძესთვის ნაკრების სახელით თამაში განსაკუთრებული მოტივაცია და მიზანი იყო. მან 2007 წლის მსოფლიო თასზეც ითამაშა და საფრანგეთის ნაკრებს ჯერჯერობით ერთადერთი ქართული ლელო გაუტანა:

„მსურდა ქართული რაგბის წინსვლაში ერთი აგური მეც დამედო. როდესაც ქვეყნის დროშის ქვეშ თამაშობ, ყველაფერი იცვლება. ასე იყო ახალგაზრდულ ნაკრებში და განსაკუთრებით, ეროვნულ გუნდში. დღევანდელი დღესავით მახსოვს სადებიუტო მატჩი პორტუგალიასთან. პირველი თამაშის წინ მთელი ღამე არ მეძინა და ჰიმნზე რომ დავდექი ცრემლები თავისით მოდიოდა. ამ დროს გული სხვანაირად გიცემს, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ბრძოლის ველზე გადიხარ“ – იხსენებს მაისურაძე, რომლისთვისაც ნაკრების კვართით ჩატარებული ყველა თამაში განსაკუთრებულია.

 

 

სანაკრებო დებიუტიდან მალევე, მის კარიერაში დადგა მომენტი, რომელსაც შეიძლებიდა ბევრი რამ შეეცვალა. თბილისს სამხრეთ აფრიკული ფრანჩაიზი ‘ბლუ ბულზი’ ეწვია, რომელსაც „ცხოველა“ ჯერ ‘ლოკომოტივის’ შემადგენლობაში ეთამაშა, მერე ნაკრების და როგორც ჩანს, სტუმართა მწვრთნელების დიდი მოწონება დაიმსახურა:

„მატჩის შემდეგ მწვრთნელი მოვიდა, ‘ბლუ ბულსის’ სრული ეკიპირება გადმომცა და მითხრა – იმედია მალე ერთმანეთს პრეტორიაში შევხვდებითო. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. სამხრეთ აფრიკაში ვერ წავედი, თორემ შეიძლებოდა ჩემი კარიერა სხვაგვარად განვითარებულიყო“.

 

ჩემპიონატის რეკორდსმენი

მაისურაძეს კიდევ ერთ მსოფლიო თასზე უნდა ეთამაშა – 2011 წელს, მაგრამ საფრანგეთში, მოსამზადებელ თამაშზე ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, ოპერაცია დაჭირდა და ახალ ზელანდიაში ვეღარ გაემგზავრა. მან მომდევნო წელს ნაკრებში კიდევ ორი თამაში ჩაატარა, კარიერის უმეტესი ნაწილი კი, საკლუბო რაგბს დაუთმო.

თუ გავითვალისწინებთ „ცხოველას“ ასაკს, ის შიდა ჩემპიონატში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენი იქნება და ამ რეკორდს დიდხანს ვერავინ მოხსნის. არის კიდევ ერთი რეკორდი – ზვიად მაისურაძე 10-ჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, მათგან 8-ჯერ ‘ლოკომოტივის’ შემადგენლობაში და 2-ჯერ ‘ლელოსთან’ ერთად, სადაც შუალედში, ‘ლოკომოტივში’ დაბრუნებამდე თამაშობდა. ის რამდენჯერმე გახდა საქართველოს თასის მფლობელი, რომელიც 2011 წლის შემდეგ აღარ გათამაშებულა.

 

 

მაგრამ ახლა ‘ლოკომოტივს’ რთული დრო უდგას. „კონტინენტის ფარზე“ თამაშის შემდეგ, გუნდში ფინანსური კრიზისი დაიწყო და გასულ ზაფხულს ‘ლოკომოტივი’ მორაგბეთა დიდმა ჯგუფმა დატოვა, რაც შედეგებზეც აისახა. 2019/2020 წლების ჩემპიონატში ჩატარებული 14 მატჩიდან, „რკინიგზელებმა“ მხოლოდ 4 თამაში მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 20 ქულით ბოლოსწინა, მე-9 ადგილზე არიან.

„სპორტსმენობამ ჩემი პიროვნებად ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ითამაშა. ფინანსები კარგია, მაგრამ ამან რაგბის ღირებულებები არ უნდა დაგვაკარგინოს. „კონტინენტის ფარზე“ თამაშის შემდეგ, გუნდში დაიწყო ფინანსური პრობლემები და 15-მა მოთამაშემ დაგვტოვა. მე ჩემს გუნდში დავრჩი და მაქსიმალურად ვეცდები მას ამ რთული სიტუაციიდან გამოსვლაში დავეხმარო. ვირუსის ფონზე სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა. ბიჭები ელემენტარულად ვარჯიშზე ვერ მოდიან და ყველანი ინდივიდუალურად ვემზადებით. სიტუაცია გვაჩვენებს რა იქნება, თუმცა ამ გადასახედიდან, როდესაც არც გასახდელების გამოყენების უფლება გვაქვს და მოედანზეც მცირე ჯგუფებად თუ გავალთ, მომზადება პრაქტიკულად შეუძლებელია“ – ამბობს მაისურაძე, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად, კარიერის დასრულებაზეც ფიქრობს, მაგრამ ამ ნაბიჯს მხოლოდ მაშინ გადადგამს, როდესაც გუნდი გასაჭირიდან გამოვა:

„2011 წელს, ოპერაციის გაკეთების შემდეგ, სულ ვამბობ, რომ ბოლო სეზონს ვატარებ. აგერ უკვე 40 წლის ვხდები და ამ სეზონის წინაც ასე ვამბობდი, მაგრამ გუნდს ასეთ გასაჭირში ნამდვილად ვერ მივატოვებ. მინდა ‘ლოკომოტივი’ კუთვნილ ადგილს დაუბრუნდეს და მერე წასვლაც შეიძლება“.