ზაფხულის ტესტები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად, ბორჯღალოსნები 2 და 9 ივლისს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის – სამხრეთ აფრიკის, ხოლო 17 ივლისს თბილისში, შოტლანდიის წინააღმდეგ გაეროს ქალთა ორგანიზაციის ლოგოიანი კვართებით ითამაშებს.

ინიციატივა საქართველოს რაგბის კავშირისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის პარტნიორობის ნაწილია. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე დაესწრო.

„ეს არის კამპანია, რომლის ფარგლებში საქართველოს უძლიერესი სპორტსმენები გამოდიან ძალადობის წინააღმდეგ. რაგბი გადადის სრულიად სხვა ეტაპზე, რაც გამოიხატება მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ თამაშებში და სწორედ აქ იქნება წარმოდგენილი ეს სლოგანი“ – განაცხადა სოსო გიორგაძემ.

„გადავწყვიტეთ, ეს განსაკუთრებული მოლოდინით სავსე მატჩები გლობალურ გზავნილად გვექცია. უარი ვთქვით სპონსორობაზე, რათა სოციალურ პროგრამებში ჩვენი დიდი ხნის პარტნიორის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერა ახლა უკვე გლობალური ჭრილში გაგვეგრძელებინა. გვინდა, მთელ მსოფლიოს ვუთხრათ, რომ ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის აღმოფხვრა ნებისმიერ თამაშზე მნიშვნელოვანია“ – აღნიშნა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ.

„მრავალი წელია, რაც რაგბის კავშირი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობს, ამ საკითხში ჩვენ თანამებრძოლები ვართ. ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ბორჯღალოსნები ასეთ მნიშვნელოვან მატჩს ქალთა უფლებებსა და მათ გაძლიერებას უძღვნიან“ – განაცხადა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ საბედაშვილმა.

კამპანიის მნიშვნელობაზე წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ისაუბრა ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა:

„ამ კამპანიაში წლებია ჩართულები ვართ. ეს არის მესიჯი მსოფლიოს მიმართ, რომ ქალთა მიმართ ძალადობა მიუღებელია. საქართველოში რაგბი სულ უფრო პოპულარული ხდება, ნაკრების მორაგბეებისგან დამწყები მოთამაშეები მაგალითს იღებენ და იმედს ვიტოვებ, რომ მომავალში ეს თემა აღარ იქნება აქტუალური“.

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე