ექვს ერთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ბოლო დროს, სხვადასხვა მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შემოდგომაზე გასამართ, ეგრეთ წოდებულ 8-ერის ტურნირში, იაპონიის ნაცვლად საქართველო მიიღებს მონაწილეობას.

ამ ეტაპზე მხოლოდ იმის დადასტურება შეგვიძლია, რომ საქართველოს რაგბის კავშირი, საქართველოს პრემიერ მინისტრის და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს, როგორც მსოფლიო რაგბის, ასევე 6 ერის წარმომადგენლებთან.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ როგორც ქართული რაგბისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისთვის, 8 ერის ტურნირში ბორჯღალოსნების მონაწილეობა ისტორიული მიღწევა იქნება.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფოს ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდით და აღსანიშავია ფონდი ‘ქართუს’ უპრეცედენტო მხარდაჭერა, რამაც დიდი წვლილი შეიტანა ქართული რაგბის განვითარებაში.

ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნულ ტურნირში საქართველოს მონაწილეობის შესახებ, ოფიციალურ სიახლეებს მალე გაცნობებთ.