ერთი წელი ზალიკოს გარეშე

ერთი წელი გავიდა, რაც ვერაგმა ვირუსმა ქართულ რაგბს მემატიანე, ზაალ გიგინეიშვილი, მეგობრებისთვის უბრალოდ ზალიკო, 60 წლის ასაკში გამოაცალა…

მანამდე ზალიკომ ქართულ რაგბს უამრავი სიკეთე გაუკეთა: რამდენჯერმე გამოსცა ქართული რაგბის ისტორიის და წესების წიგნი, აწარმოებდა ფასდაუდებელ სტატისტიკას, შექმნა სარაგბო ტერმინოლოგია, ტელე-რეპორტაჟებით გვაზიარა წესებს, შეგვაყვარა და გვაქცია ერად, რომლისთვისაც „რაგბი ჩვენი თამაშია“.

განგებამ ისე ინება, რომ ზალიკოს წლისთავი გერმანიასთან გასამართ რაგბი ევროპის ჩემპიონატის შეხვედრას ემთხვევა, იმ გერმანიის, რომელსაც პირველად 1995 წელს ვძლიეთ. აი როგორ აღწერს 28 წლის წინანდელ მატჩს ზაალ გიგინეიშვილი თავის წიგნში – „რაგბის მატიანე“:

„თამაში, ნოემბერში, „დინამოზე“ გაიმართა და ის ტელევიზიითაც გადაიცა. ნაკრები შავ-თეთრი „პუმით“ შეიმოსა. გრილ ნიავში ბურთაობა ვერ აეწყო.

იდგა აკადემიური სიჩუმე! თუ რამეს გავახერხებდით, ხალხი ტაშს მაშინღა უკრავდა, კარს-აცდენილ ჯარიმათა შემდეგ კი ყიჟინა კარგა ხანს არ ცხრებოდა, რაღაი განუსწავლელმა პუბლიკამ ჯერ ვერ იცოდა, რომ თუ ბურთი კარში გავა, თანა-მსაჯები ალამს აწევენ.

ჩვენები ღელავდნენ და გერმანიის დარად, უცხო გარემოში თამაშობდნენ, რადგან ეროვნულზე არცკი ევარჯიშათ. მეტოქე მოსალოდნელზე ძლიერად დაგვიდგა დერეფანში, მოლსა და რაქში. ერთადერთი ლელოც შეცდომიდან გავიდა – ნიკო იურინმა ვიზავს ბურთი აართვა, ფეხით ორჯერ გაიგორა და ხაზს იქეთ დაეწია.

შოუ წაახდინა ზორზოხმა ფრანგმა რეფმა, ვინც ხეირს არ ცნობდა და ისე ბევრს უსტვენდა, რომ შეტევის მეორე ფაზა სულ სამჯერ გავახერხეთ. ვცადეთ ოთხი კიკერი, იმათგან კი კოხერმა სამჯერ ააცილა გადამწყვეტ მომენტებში. გაგვიჭირდა ბოლო მეოთხედის დადგომისას, როცა ბურთი კიდეზე ვერ მოვიგერიეთ, მაგრამ დროზე ჩავაბით ბრძოლაში ქავთარაშვილი და კახა კობახიძე, ვის რეიდსაც გადამწყვეტი ჯარიმა მოყვა.

ბოლოსკენ ატყდა დიდი ჩხუბი. აყალმაყალმა ოთხ წუთს გასტანა. ამ დროს  ბიჭ-ბუჭობა მოედანზე შევარდა. ესენი კრივში ისეთი გულით ჩაებნენ, თითქოს მატჩის მონაწილეთაგან ვისმე ცემის შნო ჰქონოდათ. დიდი სკანდალისა და ქართული რაგბის დიდი ხნით მოკვეთისგან კი საზრიანმა ქასაშვილმა გვიხსნა – კომისარი დააჯერა, გადაცმულმა უშიშროებამ დაიკავა ასპარეზიო.

საბოლოოდ გადავრჩით შერცხვენასაც და გავიმარჯვეთ კიდეც – 14:3“.