დიდი 10 2 სექტემბერს იწყება, პირველი ლიგა – 16 სექტემბერს

2022-2023 წლების დიდი 10-ის გათამაშება 2 სექტემბერს დაიწყება, ხოლო პირველი ლიგა – 16 სექტემბერს.

რაგბის კავშირის გამგეობის 2022 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით, 2023-2024 წლების დიდი 10-ის გათამაშებისთვის მონაწილეთა რაოდენობა 8 გუნდამდე შემცირდება, რისი მიზანიც შიდა ჩემპიონატის დონის ამაღლებაა.

დიდი 10

2022-2023 წლების დიდი 10-ის გათამაშებაში შემდეგი გუნდები მიიღებენ მონაწილეობას: ბათუმი (ბათუმი), ყოჩები (ბოლნისი), ხარები (რუსთავი), ლელო-სარასენსი (თბილისი), აკადემია (თბილისი), აია (ქუთაისი), ლოკომოტივი (თბილისი), არესი (ქუთაისი), ყაზბეგი (სტეფანწმინდა), ხვამლი (თბილისი).

ჩემპიონატი გაიმართება ორ ეტაპად. პირველი ეტაპი, რეგულარული გათამაშება გაიმართება ორ წრედ, მიმოსვლით (18 ტურად). რეგულარული გათამაშების დასრულების შემდეგ, ექვსი მოწინავე გადის საჩემპიონო ფლეი ოფში, რომელიც გასული ჩემპიონატის მსგავსად, ოთხ ტურად ჩატარდება.

პირველ ტურში (მესამედფინალი) მესამეადგილოსანი მეექვსეს, ხოლო მეოთხეადგილოსანი მეხუთეს მასპინძლობს და გამარჯვებულები გადიან მეორე ეტაპზე, დამარცხებულები კი ჩემპიონატს ემშვიდობებიან. პირველ ტურში ორი მოწინავე გუნდი ისვენებს.

ფლე ოფის მეორე ტურში, შესარჩევ ფინალში, რეგულარული გათამაშების პირველადგილოსანი მეორეადგილოსანს მასპინძლობს და გამარჯვებული დიდ ფინალში გადის (და ისვენებს მესამე ტურში), წაგებული კი წინასწარ ფინალში ითამაშებს. ამავე ტურში (გასავარდნ ფინალში) მესამედფინალის გამარჯვებულები ერთმანეთს უკეთესი ნომრის მქონე გუნდის მოედანზე შეხვდებიან და მოგებული წინასწარ ფინალში გადის, წაგებული კი ჩემპიონატს ემშვიდობება.

მესამე ტურში, შესარჩევ ფინალში წაგებული გუნდი გასავარდნ ფინალში მოგებულს მასპინძლობს და გამარჯვებული ფინალის საგზურს იღებს, ხოლო დამარცხებული ჩემპიონატს მესამე ადგილზე ასრულებს. დიდი ფინალი რაგბის კავშირის მიერ წინასწარ შერჩეულ სტადიონზე გაიმართება.

რაც შეეხება დაქვეითებას, დიდ 10-ს პირდაპირ ტოვებენ რეგულარულ გათამაშებაში X და IX ადგილზე გასული გუნდები. 2023-2024 წლების დიდი 10-ის საგზურისთვის, VIII ადგილოსანი პირველი ლიგის გამარჯვებულს, ხოლო VII ადგილოსანი პირველი ლიგის მეორეადგილოსანს ეთამაშება. თამაშები ერთრაუნდიანია და ის პირველ ლიგელთა მოედანზე გაიმართება.

პირველი ლიგა

2022-2023 წლების პირველ ლიგაში შემდეგი გუნდები მიიღებენ მონაწილეობას: იუნკერები (კიკეთი), ტაო (სამცხე-ჯავახეთი), არმია (თბილისი), არწივები (ოზურგეთი), არმაზი (მარნეული), ბაგრატი (ქუთაისი), ვეფხვები (პატარძეული), ბორჯომი (ბორჯომი), ჯიქი (გორი), მათე (ჭიათურა).

შეჯიბრი ტარდება ორ ეტაპად. პირველი ეტაპი, რეგულარული გათამაშება გაიმართება ორ წრედ, მიმოსვლით (18 ტურად). მეორე ეტაპზე (ფლეი ოფში) გადის რეგულარული გათამაშების ოთხი მოწინავე გუნდი. ერთმატჩა ნახევარფინალში პირველადგილოსანი მასპინძლობს მეოთხედგილოსანს, ხოლო მეორეადგილოსანი მესამეადგილოსანს. გამარჯვებულები გადიან ფინალში, სადაც მასპინძელი უკეთესნომრიანი გუნდი იქნება. ფინალის გამარჯვებული ხდება პირველი ლიგის ჩემპიონი, დამარცხებული კი მეორეადგილოსანი.

პირველი ლიგის პირველადგილოსანი, 2023-2024 წლების დიდი 10-ის საგზურისთვის, ერთმატჩა დუელში ეთამაშება 2022-2023 წლების დიდი 10-ის VIII ადგილოსანს, ხოლო პირველი ლიგის მეორეადგილოსანი, დიდი 10-ის VII ადგილოსანს.

რეგულარული გათამაშების X და IX ადგილოსანი გუნდები პირდაპირ ტოვებენ პირველ ლიგას. VIII ადგილოსანი, 2023-2024 წლების სეზონისთვის პირველ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად, ერთმატჩა დუელს გამართავს რეგიონული ლიგის გამარჯვებულთან, ხოლო პირველი ლიგის VII ადგილოსანი რეგიონული ლიგის მეორეადგილოსანს ეთამაშება. ფლეი ოფების მასპინძლები რეგიონული ლიგის წარმომადგენლები იქნებიან.