დიდი 10 | ჯიქი 3:102 ლელო-სარასენსი

თბილისის ‘ლელო-სარასენსმა’ კრიზისში მყოფ გორის ‘ჯიქს’ ერთ საათში 16 ლელო გაუტანა, 102:3 დაამარცხა და დაგეგმილი ბონუსიც უპრობლემოდ აიღო.

‘ჯიქი’ თამაშზე 13 კაცის ამარა გამოცხადდა და 30-ე წუთზე ერთი, ხოლო 59-ეზე მეორე მოთამაშე დაკარგა. რადგან თამაშის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა, გუნდები მის დასრულებაზე 61-ე წუთზე შეთანხმდნენ…

ლელოელთაგან 5 ლელო მატჩის საუკეთესო მოთამაშე ნიკა ბაგაშვილმა გაიტანა, თორნიკე ზაქარიაძემ დუბლი შეასრულა, ხოლო ნიკა სვიმონიშვილმა, ლევან პაპიძემ, დიტო კალანდაძემ, არჩილ აბესაძემ, ბექა მამუკაშვილმა, ვასილ ზღუდაძემ, დავით ლაზვიაშვილმა, გიორგი მარგალიტაძემ და საბა ჯღარკავამ თითოჯერ გამოიჩინეს თავი. 10 გარდასახვა მამუკაშვილის ანგარიშზეა, ერთი კი კობა ირემაშვილის.

‘ჯიქის’ ერთადერთი ჯარიმა 56-ე წუთზე გიგი გიგინეიშვილმა გაიტანა.

‘ლელო-სარასენსი’ ჯერ კიდევ გასავარდნ მე-4 ადგილზე რჩება, მაგრამ 16 ქულა აქვს და მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება ‘არმაზს’, რომელთანაც გამოტოვებული თამაში აქვს ჩასატარებელი. ქუთაისის არესს ამ გუნდებზე თამაშით მეტი აქვს ჩატარებული და 19 ქულა აქვს.

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე