დიდი 10 | ჯიქი 0:45 ბათუმი

საქართველოს ჩემპიონმა ‘ბათუმმა’, გორში ადგილობრივ ‘ჯიქს’ 7 უპასუხო ლელო გაუტანა, ბონუსით, 45:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილის სათავეში დაბრუნდა.

სტუმრები სრულ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და პირველ ტაიმში 4 გარდასახული ლელო გაიტანეს. ანგარიში ვანო ფუტკარაძემ მე-12 წუთზე გახსნა, 10 წუთში ნიკა ნინიძემ ხელდახელ გათამაშებული კომბინაცია შორეულ ძელთან დაასრულა, 35-ე წუთზე მორიგი ხელდახელ შეტევა ლელოთი გურამ ქანდაურაშვილმა დააგვირგვინა, ტაიმის მიწურულს კი ქანდაურაშვილმა ფეხით გადაკიდებული ბურთი აიტაცა და ლელომდე ირბინა. გარდასახვები ბექა ურჯუკაშვილმა შეასრულა – 28:0.

დანარჩენი 3 ლელო დასკვნით 20 წუთში გავიდა. თავი ჯერ სანდრო თოდუამ გამოიჩინა, მერე ‘ბათუმი’ მეტოქეს 5-მეტრიანი შერკინებიდან მიაწვა და ფუტკარაძემ დუბლი შეასრულა, თამაშის განახლებისთანავე კი, ზღვისპირელებმა სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს და გიორგი გოგიტიძემ შეხვედრის ბოლო ლელო გაიტანა.

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე