დიდი 10 | ხვამლი 55:17 ყოჩები

დებიუტანტმა ‘ხვამლმა’ ბონუსით მიჯრით მეორე თამაში მოიგო. დიდი 10-ის მე-8 ტურის პირველ შეხვედრაში მუხიანელებმა ვიცე-ჩემპიონ ‘ყოჩებს; უმასპინძლეს, 7 ლელო გაუტანეს და 55:17 სძლიეს.

‘ხვამლისთვის’ ეს მესამე მოგება იყო და 19 ქულით ‘ლელო-სარასენსს’ გაუტოლდა, ოღონდ მეტოქეს ამ ტურში ჯერ არ უთამაშია, უკეთესი დამატებითი მაჩვენებლები აქვთ და დავით ცხვედიანის შეგირდები მე-7 პოზიციაზე არიან. სამაგიეროდ, ისინი უკვე 11 ქულით დაშორდნენ გასავრდნ ზონას. ზედიზედ მეორე, სულ კი მესამე თამაში დათმო ‘ყოჩებმა’ და 22 ქულით მე-4 ადგილზეა.

„ხვამლი არენაზე“ მასპინძლებმა უპირატესობა პირველივე წუთებიდან მოიპოვეს და 12 წუთში 3 ლელო გაიტანეს. დებიუტში მოლის შემდეგ წარმოქმნილი რაქიდან ანგარიში ლუკა გელაშვილმა გახსნა, მე-8 წუთზე საკუთარი ნახევრიდან ხელით დაწყებული შეტევის შემდეგ ხაზი სუფთად გიორგი ჯობავამ გაჭრა და ბურთი ძელებსშუა დაამიწა, მერე კი მოლი დავით ხიდეშელის 5 ქულით დასრულდა. ზურა ქობელაშვილმა ყველა გარდასახა.

ერთ წუთში ‘ყოჩებმა’ ლამაზი ლელოთი უპასუხა. გიორგი კურტანიძემ ხაზი გაჭრა და 22-ში შევიდა, მისი ოფლოუდი ნიკოლოზ რეხვიაშვილმა შეირგო და ხელუკუღმა ოფლოუდით შეტევის ტემპი არ დააგდო, საქმეში რატი ქურასბედიანი ჩაერთო და შეტევა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა. მასპინძლებმა იქვე უპასუხეს ხელდახელ შეტევით, ლაშა კაკაურიძემ ხაზი გაჭრა, დაცვის მეორე ეშელონი ცრუმოძრაობებით გაიარა და ინდივიდუალური ლელო გაიტანა. ქობელაშვილმა ესეც გარდასახა და შესვენებამდე ჯარიმაც გაიტანა – 31:5.

დერეფნიდან კარგად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, ხაზი უკვე ნიკა ჩხიკვაძემ გაჭრა და მისი ლელო სანდრო ფურცხვანიძემ გარდასახა, მაგრამ ‘ხვამლმა’ მალევე შეძლო სტატუსქვოს აღდგენა. მოლის შემდეგ ჯობავამ კიდევ ერთხელ შეძლო ხაზის სუფთად გაჭრა და ლელოს გატანა. მომდევნო ორი ლელოც მასპინძლების იყო. 71-ე წუთზე ქობელაშვილმა ხელდახელ შეტევა დაასრულა ლელოთი. თამაში რომ განახლდა მან საკუთარი ნახევრიდან ფინტებით აუარა გვერდი რამდენიმე მცველს და ლელოში კლავდო ხუციშვილი დაგეზა. ქობელაშვილმა ორი და ხუციშვილმა ერთი გარდასახვა შეასრულა.

ნიკა ბიწაძის კარგი თამაშის შემდეგ, ნიკა თეზელაშვილმა ბოლნისელთა მხრიდან კიდევ ერთი საპასუხო ლელო გაიტანა, ქობელაშვილმა კი გაწითლებულ დროზე საბოლოო შედეგი დააფიქსირა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი ჯობავა გახდა.