დიდი 10 | ხვამლი 41:17 აკადემია

დიდი 10-ის დებიუტანტმა ‘ხვამლმა’ უძლიერესთა შორის პირველი გამარჯვება მოიპოვა. მეორე ტურში მან დედაქალაქურ დერბიში ‘აკადემიას’ უმასპინძლა და 41:17 დაამარცხა.

‘ხვამლმა’ მეტოქეს ორის წილ 6 ლელო გაუტანა და ბონუს-ქულაც მოიპოვა. ის „მხატვრებს“ ჯაბნიდა როგორც ძალისმიერ, ასევე ხელდახელ თამაშში და წარმატებასაც დამსახურებულად მიაღწია.

მასპინძლებმა თამაში თავიდანვე აქტიურად დაიწყეს. ისინი მაღალ ტემპში, ხელდახელ შეტევებით ცდილობდნენ უპირატესობის მოპოვებას მე-6 წუთზე ზურა ქობელაშვილის ჯარიმით დაწინაურდნენ. ‘აკადემიამ’ შეტევების სერიით უპასუხა და რადგან ‘ხვამლი’ ხშირად ჯარიმდებოდა, მსაჯმა საბა ჯღარკავა გაასინბინა, დავით მოძღვრიშვილმა კი წონასწორობა აღადგინა. ტაიმის შუაში გიორგი ჭუაძემ მეტოქის სწრაფი შეტევა წესების დარღვევით შეაჩერა და სინბინით დაისაჯა, მასპინძლებმა კი 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლით შეუტიეს და ბექა არველაძის ლელო ქობელაშვილმა გარდასახა.

მოძღვრიშვილს 24-ე წუთზე ჯარიმით შეეძლო ჩამორჩენის შემცირება, მაგრამ გასატანი პოზიციიდან მიზანმა უმტყუნა. მალე სტუმრებს ლელოს გატანის შანსი ჰქონდათ, მას შემდეგ რაც დათა იმნაძემ ხაზი გაჭრა და კოტე იაშვილს ბურთი გაატანა, მაგრამ ის ლელოდან ორ მეტრში შეაჩერეს. საპასუხოდ, 28-ე წუთზე ფრიდონ წიკლაურმა მოლიდან გაიტანა ბურთი, მოკლე ფრთაზე გიორგი ჯობავას გაატანა და მანაც ბოლო მცველი სისწრაფეში ჩამოიცილა. ქობელაშვილს გარდასახვის შემდეგ ჯარიმაც გაუცუდდა, ტაიმის მიწურულს კი დავით მოძღვრიშვილმა თავის ნახევარზე, 22-ის ხაზთან სწრაფად გაითამაშა ჯარიმა, ‘აკადემიამ’ ხელდახელ შეტევით 75 მეტრი დაფარა და იაშვილის პასის შემდეგ ლელო-გარდასახვა მოძღვრიშვილმა გაიტანა – 15:10 ‘ხვამლის’ სასარგებლოდ.

მეორე ტაიმში მასპინძლების უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. 44-ე წუთზე მოლი გიორგი ვარდოსანიძის ლელოთი დასრულდა, შემდეგ ჯერზე ‘აკადემიამ’ სინბინით ვანო ბერიკაშვილი დაკარგა, 49-ე წუთზე კი, ‘ხვამლმა’ მოლი აღარ დააყენა, მოკლე ფრთაზე ბექა არველაძემ შეუტია და თავისი მეორე ლელო გაიტანა. ქობელაშვილმა ამ ორიდან ერთი გარდასახა. 54-ე წუთზე ‘ხვამლმა’ ნაცად ხერხს კიდევ ერთხელ მიმართა და სტუმრები მისი ჩაქცევისთვის საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ – 34:10.

ლელოს ეპიზოდში კოტე ნახუცრიშვილმა ყვითელი ბარათიც მიიღო, მისი დაბრუნებისას კი 10 წუთით უკვე ‘ხვამლის’ კვაჭი გივი მაწკეპლაძე დაისაჯა. 67-ე წუთზე დათა იმნაძემ ცენტრში გაჭრა ხაზი და 50-მეტრიანი ინდივიდუალური გარღვევა ლელოთი დაასრულა, რასაც მოძღვრიშვილის გარდასახვა მოყვა. სტუმრებს ნუგეშ-ქულისთვის ბრძოლის შანსი გაუჩნდათ, თუმცა ‘ხვამლმა’ მეტოქე თავისსავე ლელოს ხაზთან წნეხში მოაქცია, შეცდომა დააშვებინა და ჰამლეტ გოგიამ მასპინძელთა მეექვსე ლელო გაიტანა, ხოლო ქობელაშვილმა გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 41:17.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘ხვამლის’ კაპიტანი, ორი ლელოს ავტორი ბექა არველაძე გახდა.

 

ფოტო: თაკო კიკალიშვილი