დიდი 10 | ხვამლი 39:15 ლოკომოტივი

დებიუტანტმა ‘ხვამლმა’ დედაქალაქურ დერბიში ‘ლოკომოტივი’ ბონუსით, 39:15 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მოწინავე ექვსეულს მიუახლოვდა. მატჩის დასრულებამდე 12 წუთით ადრე ანგარიში საყაიმო იყო, თუმცა მატჩის დასკვნითი წუთები მასპინძლებმა მაღალ დონეზე ჩაატარეს და 4 უპასუხო ლელო გაიტანეს.

მუხიანელებისთვის ეს დიდ 10-ში მოპოვებული მეორე გამარჯვებაა და ორივე ბონუსით მოიგო (პირველი ‘აკადემიასთან’). გარდა ამისა, ‘ხვამლმა’ ხუთიდან ოთხ წაგებულ შეხვედრაში მოახერხა „ნუგეშის“ აღება და ჯამში 14 ქულით მე-8 პოზიციაზე რჩება, თუმცა პირდაპირ გასავარდნ ზონას დაშორდა და მე-6 ადგილზე მყოფ ‘ლელოს’ მხოლოდ ქულით ჩამორჩება. რკინიგზელები აგერ უკვე მე-7 შეხვედრაა მოგებას ვერ ახერხებენ და 1 ქულით ბოლო, მე-10 ადგილზე არიან.

სამკვირიანი შესვენების შემდეგ, დიდი 10 „ხვამლი არენაზე“ დებიუტანტისა და საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის შეხვედრით დაიწყო, რომელსაც ბოლო დროს პრობლემები აქვს. ‘ლოკომოტივმა’ თამაში კარგად დაიწყო და ლუკა სახელაშვილმა ჯარიმით ანგარიში გახსნა, მე-16 წუთზე კი 18-მეტრიანი მოლის შემდეგ რაქიდან გიორგი ჩხარტიშვილმა შეუტია და ლელოთი საკუთარი გუნდის უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდა.

 

‘ხვამლმა’ 26-ე წუთზე უპასუხა, როდესაც ზაურ ლუტიძე ბოჭვის მიუხედავად ფეხზე დარჩა და ფრთაზე ბურთი საბა კურტანიძეს გაატანა, მან კი ლელო ალამთან გაიტანა. ზურა ქობელაშვილის გარდასახვა არაზუსტი იყო, თუმცა 33-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა და წინასწორობა აღადგინა. 3 წუთში ‘ხვამლმა’ მარცხენა ფრთაზე კიდევ ერთხელ გაარღვია ‘ლოკომოტივის’ დაცვა და ამჯერად ლუტიძემ ლელო თავად გაიტანა, ხოლო ქობელაშვილმა გარდასახა. უკვე გაწითლებულ დროზე სტუმართა მორიგი მოლი ნოდარ დოლიძის ლელოთი დასრულდა და სახელაშვილმა გარდასახვით წონასწორობა აღადგინა – 15:15.

მეორე ტაიმის ნახევარზე მეტი ისე მიილია, რომ ანგარიში არ შეცვლილა. ‘ლოკომოტივმა’ 63-ე წუთზე სინბინით თორნიკე ტურაშვილი დაკარგა. ისინი გარკვეული დროით მაინც ახერხებდნენ ლელოს დაცვას, თუმცა 68-ე წუთზე, ხანგრძლივი შეტევის შემდეგ, გიორგი ჯობავამ მოახერხა ხაზის გაჭრა და ‘ხვამლის’ დაწინაურება. ოთხ წუთში ჯობავა მარცხენა ფრთაზე მიყვა ხელდახელ შეტევას და დუბლი შეასრულა.

მალე ნიკა ასათიანი მსაჯმა წითელი ბარათით გააძევა და ‘ხვამლმა’ კიდევ ორი ლელო გაიტანა. 76-ე წუთზე მიხეილ თაყაიშვილმა მძლავრად შეუტია, ის რამდენიმე მცველმა ვერ წააქცია, დაახლოებით 10-12 მეტრი დაფარა და ბონუსის მომტანი ლელო გაიტანა. განახლდა თუ არა თამაში, ზაურ ლუტიძემ თავისი ნახევრიდან დაწყებული დრიბლინგი ლამაზი ლელოთი დაასრულა და საბოლოოდ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ბოლო ოთხი გარდასახვიდან თითო-თითო კლავდო ხუციშვილმა და მიხეილ თაყაიშვილმა გაიტანეს – 39:15.