დიდი 10 | ხვამლი 27:29 ლელო

დიდი 10-ის მე-4 ტურის პირველი შეხვედრა სანახაობრივი გამოვიდა. „ხვამლი“ და „ლელო-სარასენსი“ ერთმანეთს ბურთაობაში „ხვამლი არენაზე“ ეჯიბრებოდნენ და მაყურებელმა ჯამში 8 ლამაზი ლელო იხილა.

დინამიური შეხვედრა ‘ლელოს’ გამარჯვებით დასრულდა – 29:27. სტუმრებმა 5 ლელო გაიტანეს და 3 გაუშვეს. ‘ხვამლს’ ბრძოლისა და კარგი თამაშისთვის ბონუსი შეხვდა.

შეხვედრა ორივე გუნდმა ხელდახელ შეტევით დაიწყო, ამას ფეხით თამაში მოყვა, დიტო კიკნაძემ ბურთი საკუთარ 10-მეტრიან წყვეტილთან მოხსნა და ლუკა არჩვაძეს გადააწოდა, მან კი გაგა ქევხიშვილს გააყოლა, მანაც სისწრაფეში ხაზი გაჭრა და 60-მეტრიანი ინდივიდუალური ლელო გაიტანა. თამაში ორმხრივ ხელდახელ შეტევებით გაგრძელდა და მე-16 წუთზე ‘ლელომ’ გასატან პოზიციაში ჯარიმა გამოიმუშავა. ირაკლი ყიასაშვილის დარტყმული ორივე ძელმა აისხლიტა და თამაშში დაბრუნდა, არჩვაძემ ამჯერად დიმიტრი კიკნაძეს გააყოლა ბურთი და მანაც მეორე ლელო გაიტანა. ყიასაშვილმა ორივე გარდასახა.

მალევე იოანე მეტრეველმა და შალვა აფციაურმა თავისი ნახევრიდან კონტრშეტევა წამოიწყეს, აფციაურმა დაახლოებით 60 მეტრი ირბინა და მეტრეველს ლელომდე სულ ცოტა დააკლდა. 27-ე წუთზე ‘ხვამლვმა’ შერკინებიდან შეტევით უპასუხა, ფრთაზე გიორგი ჯობავა ორ მცველს გასცდა და ლამაზი ლელო გაიტანა. ზურა ქობელაშვილმა გარდასახვით ჩამორჩენა 7 ქულამდე დაიყვანა. 35-ე წუთზე ‘ლელომ’ მოლების სერიით შეუტია და რატი ჟორჟოლიანმა ლელო გაიტანა – 7:19.

45-ე წუთზე ‘ხვამლის’ ხანგრძლივი შეტევის შემდეგ გიორგი ჯობავამ კიდევ ერთხელ გაჭრა ხაზი და მეორე ლამაზი ლელო გაიტანა. ქობელაშვილმა გარდასახვის შემდეგ ჯარიმაც გაიტანა და სხვაობა 2 ქულამდე დავიდა. ‘ლელომ’ სწრაფად უპასუხა, 61-ე წუთზე მოლი ააგორა და ნიკა ბაბუნაშვილმა ლელო გაიტანა. 72-ე წუთზე სტუმრებმა შერკინების შემდეგ ხაზზე გაიტანეს ბურთი და ლამაზი კომბინაცია დიტო კიკნაძის ლელოთი დასრულდა.

გაშვებულ ‘ლელოებს’ შორის ‘ხვამლმა’ ჯარიმა გაიტანა, 77-ე წუთზე კი ზურა ლუტიძემ ბურთი ლაშა კაკაურიძეს გაატანა, რომელმაც მბოჭავები ფინტებით ჩამოიშორა და ლელო გაიტანა. გივი ცინცაძემ გარდასახვით დარჩენილ წუთებს დაძაბულობა შეუნარჩუნა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა და ‘ლელომ’ 29:27 გაიმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გაგა ქევხიშვილი გახდა.