დიდი 10 | ხვამლი 15:21 ბათუმი

საქართველოს 33-ე ეროვნული ჩემპიონატი „ხვამლი არენაზე“ დიდი 10-ის დებიუტანტ ‘ხვამლსა’ და ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ ‘ბათუმს’ შორის მატჩით გაიხსნა. დებიუტანტებმა ტიტულოვან მეტოქეს დიდი ბრძოლა გაუმართეს და პირველსავე ტურში პირველი საცხრილო ქულა მოიპოვეს მცირე სხვაობით მარცხისთვის – 15:21.

თბილისურ ხვატში თამაში მასპინძელთა შეტევებით დაიწყო. ისინი დერეფნიდან მოლს აყენებდნენ და მერე ხაზზე ბოლომდე ჩათამაშებით ცდილობდნენ უპირატესობის მოპოვებას, მაგრამ სტუმრებმა ყველა ჯერზე დაიცვეს თავი. მე-15 წუთზე ‘ხვამლმა’ საკუთარ ნახევარზე, 10-მეტრიან წყვეტილთან დერეფანში ბურთი ცუდად მოაწოდა, ‘ბათუმი’ უმალ გადაერთო კონტრშეტევაზე, გიორგი ფრუიძეს ოფლოუდის შემდეგ ზურაბ ძნელაძემ ხაზი გაჭრა და კობა ბუჯიაშვილს სეზონის პირველი ლელო ძელებსშუა გაატანინა, მამუკა ნინიძემ კი გარდასახა.

ზღვისპირელები ინიციატივას დაეუფლნენ, ხელდახელ აბურთავდნენ და მართალია ნინიძეს ჯარიმა გაუცუდდა, მაგრამ შესვენებამდე მათი უპირატესობა მაინც გაიზარდა. ხშირი ჯარიმების შემდეგ, ‘ხვამლმა’ 33-ე წუთზე სინბინით გიორგი კვაბზირიძე დაკარგა, 35-ე წუთზე კი ‘ბათუმის’ მოლი დაჩი კოპაძის ლელოთი და ნინიძის გარდასახვით დასრულდა – 14:0 სტუმრების სასარგებლოდ.

მეორე ტაიმის დებიუტში ‘ბათუმმა’ ზედიზედ ორი შეცდომა დაუშვა, ‘ხვამლმა’ მწვავედ შეუტია და 43-ე წუთზე მოლი ლელოთი ლუკა გელაშვილმა დაასრულა. ეს იყო ‘ხვამლის’ პირველი ლელო დიდ 10-ში, რასაც ნიკა ცინცაძემ გარდასახვა მიაყოლა, 56-ეზე კი მეორე ცდიდან ჯარიმა გაიტანა და სხვაობა 4 ქულამდე დაიყვანა.

რადგან შერკინებების მოწყობა პრობლემად იქცა, მსაჯმა საბა აბულაშვილმა მე-60-ე წუთზე ორივე გუნდის კვაჭი გაასინბინა – ვაჟა თაგაური (ბათუმი) და გიორგი ვარდოსანიძე (ხვამლი). შემდეგ შერკინებაში უკვე ‘ხვამლი’ დაჯარიმდა, ‘ბათუმმა’ მოლის შემდეგ ხაზზე გაიტანა ბურთი და სწრაფი მიძალებების მეხუთე მცდელობა ანზორ სიჭინავამ ლელოთი დაასრულა, ნინიძემ კი გარდასახა.

ჯონდი კორტავას სინბინის შემდეგ, სტუმრები მოედანზე კაცნაკლული დარჩნენ და ამით მასპინძლებმა ისარგებლეს. 71-ე წუთზე ‘ხვამლმა’ 5-მეტრიანი დერეფნიდან კარგი კომბინაცია გაითამაშა, ბურთი მოკლე ფრთაზე დაბრუნდა და სინბინიდან დაბრუნებულმა ვარდოსანიძემ ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო. დებიუტანტმა დასკვნითი წუთები შეტევებში გაატარა, მაგრამ ‘ბათუმმა’ თავი დაიცვა, 21:15 გაიმარჯვა თავად 4 საცხრილო ქულა ჩაიწერა, ‘ხვამლს’ კი ნუგეშის ქულა ერგო.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘ბათუმის’ მგეზავი რეზი ჯინჭველაშვილი გახდა.

 

ფოტო: მარიამ გაგნიძე