დიდი 10 | ხვამლი 14:17 ყაზბეგი

სტეფანწმინდის ‘ყაზბეგმა’ თბილისის ‘ხვამლს’ ბოლოსწინა წუთზე გატანილი ლელოთი 17:14 სძლია და მოწინავეთა შორის პოზიციები გაიმყარა.

ორივე გუნდს ეტყობოდა, რომ ხანგრძლივი შესვენების შემდეგ საუკეთესო სათამაშო ფორმისგან შორს იყვნენ. თამაშმა დაბალ ტემპში ჩაიარა და გუნდები მხოლოდ ეპიზოდურად ახერხებდნენ შეტევებში გაბრწყინებას. ორივე ტაიმის დასაწყისში ‘ხვამლი’ აქტიურობდა, თუმცა ‘ყაზბეგმა’ ორივეჯერ შეძლო გარდატეხის შეტანა და ეს საბოლოო შედეგზე აისახა.

ანგარიში დებიუტშივე გაიხსნა. 10-მეტრიან წყვეტილთან მოგებული დერეფნის შემდეგ ზურა ლუტიძემ ხაზი სუფთად გაჭრა, ბოლო მცველი აიყვანა და დროული გადაცემით ლელო ფრიდონ წიკლაურს გაატანინა, ზურა ქობელაშვილმა კი გარდასახა. ამის შემდეგ ტემპი დაეცა და ‘ყაზბეგმა’ შეძლო მეტოქის ნახევარზე დამკვიდრება. 28-ე წუთზე კლავდო ხუციშვილს ფეხით თამაშისას დაუფარეს და ლევან ქუშაშვილმა საპასუხო ლელო გაიტანა, მაგრამ ვიდეო რეფერიმ ბურთის დამიწებამდე ფეხის გვერდით ხაზთან შეხება დააფიქსირა…

რამდენიმე წუთში ‘ყაზბეგმა’ მაინც მოახერხა საპასუხო ლელოს გატანა, როდესაც 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი დააყენა და ის 5 ქულით გელა მახარაშვილმა დაასრულა, ოთარ ტალახაძემ კი გარდასახვით წონასწორობა აღადგინა. განახლდა თუ არა შეხვედრა ბაჩანა მონიავა ფეხით შეცურებულ ბურთს მიყვა და მასპინძლებს ლელოთი ლიდერობა დაუბრუნა. ქობელაშვილის გარდასახვას ტალახაძემ ჯარიმით უპასუხა და ტაიმი 14:10 დასრულდა.

მეორე ტაიმის პირველ ორ წუთში ‘ხვამლს’ ორჯერ შეეძლო ჯარიმით უპირატესობის გაზრდა, მაგრამ დარტყმები არაზუსტი აღმოჩნდა. ამასობაში დროც მიილია, ‘ყაზბეგმა’ 78-ე წუთზე კიდევ ერთი მოლი ააგორა და მახარაშვილმა დუბლით სტუმრები დააწინაურა, რევაზ ბროძელმა კი გარდასახა. ბოლო წუთზე ‘ხვამლმა’ ჯარიმა კარში არ დაარტყა, თუმცა ვერც გამარჯვების ლელო გაიტანა და მხოლოდ ნუგეშ-ქულას დასჯერდა – 14:17.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე სტეფანწმინდელთა ბურჯი გიორგი ზაგაშვილი გახდა.