დიდი 10 | ხვალ მეორე ეტაპი იწყება

დიდი 10-ის ექვსეულები ხვალ 2020/21 წლის გარდამავალი ჩემპიონატის მეორე ეტაპს იწყებენ

შეგახსენებთ, პირველი ეტაპის შემდეგ, თითოეული ჯგუფის სამ-სამმა მოწინავემ ზედა ექვსეული შეადგინეს და ისინი ჩემპიონობისთვის აგრძელებენ ბრძოლას, ხოლო ქვედა ექვსეულში ჯგუფებში 4-6 ადგილზე გასული გუნდები გაერთიანდნენ და მათი მიზანი უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებაა.

როგორც ზედა, ასევე ქვედა ექვსეულში, გუნდებს გადაყვათ პირველ ეტაპზე თანაჯგუფელებთან ჩატარებული თამაშების შედეგები (4 მატჩი) და მეორე ეტაპზე მეორე ჯგუფიდან გამოსულ გუნდებს შინ და გარეთ ერკინებიან (სულ 6 ტური)

ზედა ექვსეულის ყველა გუნდი, მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ ფლეი ოფში ჩაერთვება.

ხვალ ‘ბათუმი’ თბილისის ‘აკადემიას’ 14 საათზე მასპინძლობს, ხოლო თბილისის ‘ლოკომოტივი’ ქუთაისის ‘აიას’ მარტყოფში, 16 საათზე დაუხვდება. 27 მარტს ბოლნისის ‘ყოჩები’ კიკეთის ‘იუნკერებს’ უნდა დახვედროდა, მაგრამ მატჩი გადაიდო.

ქვედა ექვსეულში ფლეი ოფი არ გაიმართება. მისი დასრულების შემდეგ ბოლო სამ ადგილზე გასული გუნდი, მომავალ სეზონს პირველ ლიგაში დაიწყებს, ხოლო მეოთხედგილოსანი პირველი ლიგის მეორეადგილოსანს შინ და გარეთ, დიდი-10-ის საგზურისთვის ერკინება.

26 მარტს გორის ‘ჯიქი’ რუსთავში ‘ხარებს’ მასპინძლის რანგში, 16 საათზე ეთამაშება. 27 მარტს პატარძეულის ‘ვეფხვები’ ქუთაისის ‘არესს’ ასევე რუსთავში, 14 საათზე მიიღებს. ამავე დღეს ‘ლელოს’ მარნეულის ‘არამაზისთვის’ უნდა ემასპინძლა, თუმცა შეხვედრა გადაიდო.