დიდი 10 | ხარები 7:20 აია

ქუთაისის ‘აიამ’ ლიდერ ‘ხარებს’ 20:7 სძლია და „სარბიელის სინი“ გადაიბარა. „ხარები არენაზე“ განცდილი საშინაო მარცხის შემდეგ რუსთაველებმა ლიდერობაც დაკარგეს.

სეზონის სტარტმა და ქარმა მატჩზე გავლენა აქაც იქონია. ხშირი იყო ტექნიკური წუნი და მორაგბეებმა ქულების აღების რამდენიმე შანსი გაანიავეს. ქუთაისელებმა უფრო უკეთ შეძლეს კომბინაციების გათამაშება და დიდი 10 გამარჯვებით განაახლეს, რითაც საფლეიოფო ექვსეულში პოზიციები გაიმყარეს.

თამაში მასპინძლების შეტევით დაიწყო, მაგრამ ანგარიშის გახსნის შანსი სტუმრებმა მიიღეს. გიორგი ბაბუნაშვილს კარის წინ 40 მეტრიდან ჯარიმა გაუცუდდა, მერე კი თემურ კოხოძეს ორჯერ შეეძლო ალამთან ლელოს გატანა, მაგრამ თითქოს გარდაუვალი ლელოებისგან მასპინძლებმა თავი დაიცვეს. რუსთაველები ხშირად ჯარიმდებოდნენ და 27-ე წუთზე ლევან ჭავჭავაძე სინბინთ დაისაჯა, ბაბუნაშვილმა კი პირველ 40 წუთში ერთადერთი 3 ქულა მოიხვეჭა – 0:3.

მეორე ტაიმის დასაწყისში ‘აიამ’ უპირატესობა გაზარდა. ძალისმიერი შეტევა ლელოთი გიორგი ქიმუცაძემ დაასრულა, ბაბუნაშვილმა კი გარდასახვის შემდეგ ჯარიმაც გაიტანა. ‘ხარებმა’ 5-მეტრიანი დერეფნიდან საპასუხოდ შეუტია და 53-ე წუთზე ნაპოლიონი მზეკევა სინბინით დაისაჯა, მომდევნო ჯერზე კი ლევან ჭავჭავაძემ ლელო გაიტანა და გიორგო პეტრიაშვილმა გარდასახა. კაცნაკლულმა ‘აიამ’ თამაშის სადავეები არ დაკარგა, 69-ე წუთზე სწრაფი, კარგი შეტევა განახორციელა და ის მბეკევას ლელოთი დასრულდა. ბაბუნაშვილის გარდასახვამ საბოლოო შედეგი დააფიქსირა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი საბა ერემეიშვილი გახდა.