დიდი 10 | ხარები 38:7 ჯიქი

მატჩის ფოტოები | © გოგიტა ბუხაიძე

რუსთავის ‘ხარებმა’ სხვა ლიდერების მსგავსად, დიდი 10-ის მე-12 ტურში თავისი მატჩი ბონუს ქულით მოიგო და სატურნირო ცხრილის თავში სტატუსქვო შეინარჩუნა.

მასპინძლებმა გორის ‘ჯიქს’ უმასპინძლეს, ექვსი ლელო გაუტანეს და 38:7 იმარჯვეს. ექვსიდან სამი ლელო დავით თაბუკაშვილის ანგარიშზეა, თითო-თითოჯერ თავი უჩა აღაშვილმა, ბექა ბებიაშვილმა და გიორგი პეტრიაშვილმა გამოიჩინეს, გიორგი ნათელაშვილმა კი ოთხი გარდასახა.

‘ხარები’ თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და პირველ ტაიმში 4 ლელო გაიტანა. ანგარიში მე-11 წუთზე აღაშვილმა გახსნა, სანდრო ილურიძემ 22-ის წინ ხაზი გაჭრა და ზედ ლელოსთან შეაჩერეს, საქმეში მორკინალები ჩაერთვნენ და ბურჯმა მესამე ჯერზე მიზანს უწია. 5 წუთში რუსთაველებმა დერეფნიდან ხაზზე გაიტანეს ბურთი, თაბუკაშვილმა ხაზი გაჭრა, ბოლო მცველი ერთი მოძრაობით ჩამოიცილა და თავისი პირველი ლელო ძელებსშუა გაიტანა.

28-ე წუთზე ბებიაშვილის ჯერი დადგა, რომელიც მარჯვენა ფრთაზე ორ მბოჭავს გაექცა და ბურთი ალამთან დაამიწა. მერე კვლავ თაბუკაშვილის ჯერი დადგა. შესვენებამდე მან სუფთად გაჭრა ხაზი და ლელომდე ხელიც ვერავინ დააკარა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი, მან კონტრშეტევისას ლამაზი მოძრაობით კიდევ ერთხელ გაჭრა ხაზი და მესამე ლელო მიითვალა. გიორგი ნათელაშვილმა ოთხი გარდასახა და ანგარიში 33:0 გახდა.

დასკვნით 10 წუთში კიდევ ორი ლელო გავიდა. თავდაპირველად ‘ჯიქმა’ თავისი 22-დან კონტრშეტევა წამოიწყო, ბურთაობით ლელომდე მანძილი დაფარა და 5 ქულა ლაშა ნადირაძემ მიითვალა, ხოლო რეზი ჯინჭველაშვილმა გარდასახა. ბოლო სიტყვა კვლავ ‘ხარებმა’ თქვა, დერეფნიდან რამდენიმე მიძალების შემდეგ, ბურთი გიორგი პეტრიაშვილმა აიტაცა და საკუთარ გუნდს 38:7 მოაგებინა.