დიდი 10 | ხარები 36:29 ყაზბეგი

სტეფანწმინდის ‘ყაზბეგმა’ რუსთავში ‘ხარებთან’ 24-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ თამაშში დაბრუნება მოახერხა და მართალია გამარჯვება ვერ მოახერხა, მაგრამ ხევში ნუგეშის ქულა წაიღო.

ფავორიტმა მასპინძლებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს, 30 წუთში გატანილი 4 უპასუხო ლელოთი დაწინაურდნენ, თუმცა სტუმრებმა ორი ლელო შესვენებამდე გაქვითეს, ორიც მეორე ტაიმში და გარდასახვები რომ გაეტანათ სულაც წინ გავიდოდნენ. ‘ხარებმა’ შეძლო ინიციატივის დაბრუნება და კიდევ ორი ლელოს გატანა, მაგრამ ‘ყაზბეგს’ ბოლომდე ბრძოლა დაუფასდა და გაწითლებულ დროზე გატანილი ლელოთი დიდ 10-ში მეორე ნუგეშის ქულა მოიპოვა.

რუსთავში გამართული მატჩი თვალსასეირო გამოდგა და მაყურებელმაც ჯამში 11 ლელო იხილა. ‘ხარებმა’ ანგარიში დებიუტშივე გახსნა, მეტოქის 22-ში ბურთი მარჯვენა ფრთაზე ბოლომდე ჩაათამაშა და ლელო გიორგი კოშაძემ გაიტანა. ამას გურამ ქანდაურაშვილის ბენეფისი მოყვა. მე-13 წუთზე მან 5-მეტრიანი შერკინების შემდეგ ლამის კარის წინ გაჭრა ხაზი; ტაიმის შუაში ‘ხარებმა’ ხელდახელ კიდევ ერთხელ შეუტია და ქანდაურაშვილმა მცველებს მარჯვენა ფრთაზე შემოურბინა; 30-ე წუთზე რუსთაველმა ცენტრებმა კარგი კომბინაცია გაითამაშეს, გურამმა კარის წინ გაჭრა ხაზი და თავისი მესამე ლელო გაიტანა. გიორგი პეტრიაშვილმა ოთხიდან ორი გარდასახვა გამოიყენა – 24:0 და თამაშმაც თითქოს ინტრიგა დაკარგა.

სტუმრები, რომელთაც მატჩის დებიუტში ტრავმის გამო მერაბ კვირიკაშვილი დაკარგეს, არ გატყდნენ, ტაიმის დასკვნითი წუთები შეტევებში გაატარეს, მეტოქის 22-ში ფეხი მოიკიდეს და ორი ლელოც გაიტანეს. 78-ე წუთზე 5-მეტრიან დერეფანს მოლი და გოგა ხუროშვილის ლელო მოყვა; გაწითლებულ დროზე მოლმა წინ ვეღარ წაიწია, მაგრამ ბურთი ხაზზე გავიდა, გუგუა ხულელიძეს მიზნამდე სანტიმეტრები დააკლდა, რაქთან ლევან ქუშაშვილი გაჩნდა და ბურთი ალამთან გადადო. ორივე გარდასახვა არაზუსტი იყო და შესვენებაზე მასპინძლები 14-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.

მეორე ტაიმში ჯერ ‘ყაზბეგმა’ დაკარგა 10 წუთით ლევან გომიაშვილი, მერე ‘ხარებმა’ ქანდაურაშვილი. სტუმრებმა რიცხობრივი უპირატესობით ბოლოსღა ისარგებლეს, 61-ე წუთზე ლამაზი, ხელდახელ შეტევა განახორციელეს, ოფლოუდების სერიაში ლამის ნახევარმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა და მათე ჩქარეულმა ლელო ალამთან დაამიწა. 68-ე წუთზე სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, როდესაც სტუმართა მოლი საჯარიმო ლელოთი დასრულდა, ანგარიში 24:22 გახდა და თან მასპინძლებმა ყვითელი ბარათით ერეკლე მაჭარაშვილი დაკარგეს.

კაცნაკლულმა ‘ხარებმა’ ჯარიმა კარში მაინც არ დაარტყა და არც შემცდარა, რადგან ლევან ნარიმანიძემ იოლად შეძლო ხაზის გაჭრა და ლელოს გატანა. გარდასახვა ძელმა აისხლიტა და სხვაობა 7 ქულა დარჩა, რამაც თამაშს ინტრიგა შეუნარჩუნა. მაგრამ ‘ხარებმა’ არც ამჯერად დაარტყა ჯარიმა, ბოლოსწინა წუთზე დერეფნიდან სწრაფად გაიტანა ხაზზე ბურთი და გიორგი ნათელაშვილმა მასპინძლებს მოგება დაუბევა, გიორგი ბასილაიამ კი გარდასახა.

დარჩენილ წამებში გუნდები 1 ქულისთვის იბრძოდნენ. ‘ხარებს’ ამისათვის ლელო ჭირდებოდა, მაგრამ საკუთარ ნახევარზე, 10-მეტრიან წყვეტილთან დაკარგა ბურთი, კონტრშეტევაზე ზურა კორკელია გაიქცა, მას ლუკა ჩქარეული მიყვა და ლელო ძელებსშუა დაამიწა. მათე ჩქარეულმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა, სხვაობა 7 ქულამდე დაიყვანა და საკუთარ გუნდს ნუგეშის ქულა არგუნა – 36:29 ‘ხარების’ სასარგებლოდ.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ქანდაურაშვილი გახდა.

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე