დიდი 10 | ხარები 35:12 ყოჩები

რუსთავის ‘ხარებმა’ ბოლნისის ‘ყოჩებს, მეორე ტაიმში სამი უპასუხო ლელო გაუტანა და ბონუსით, 35:12 დაამარცხა.

რუსთავში გამართული მატჩის პირველ ტაიმში ‘ხარები’ ქარის უპირატესობით სარგებლობდა და მეტოქის ნახევარზე დიდი დრო გაატარა. მატჩის დებიუტში მასპინძლებმა მეტოქის 22-ში დიდი დრო გაატარეს და მე-10 წუთზე მოლის შემდეგ ლევან ჭავჭავაძის ლელოთი დაწინაურდნენ. გიორგი პეტრიაშვილს გარდასახვა გაუცუდდა, მაგრამ მალევე ჯარიმა გაიტანა – 8:0.

საპასუხოდ ‘ყოჩებმა’ მეტოქის შეცდომით ისარგებლა და გიორგი მჭედლიშვილმა ლელო გაქვითა. სტუმრები გარკვეული დროით სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და 24-ე წუთზე მოლით საჯარიმო ლელოც მიიღეს, რასაც ირაკლი ჩომახაშვილის სინბინიც მოყვა, მაგრამ კაცნაკლულმა მასპინძლებმა შეტევაში დიდი დრო გაატარეს და ხანგრძლივი ხელდახელ იერიში ჭავჭავაძემ დუბლით დაასრულა. გიორგი პეტრიაშვილმა გარდასახვა ამჯერადაც ვერა, თუმცა შესვენების წინ მეორე ჯარიმა გაიტანა – 16:12.

მეორე ტაიმში ქარი ‘ყოჩების’ სასარგებლოდ ქროდა და 48-ე წუთზე ლაშა მალაღურაძემ 40 მეტრიდან სცადა ჯარიმის გატანა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. 53-ე წუთზე ვაჟა ხუციშვილმა მეტოქის 22-ში გაჭრა ხაზი და მასპინძლები კიდევ უფრო დააწინაურა, ხოლო პეტრიაშვილმა გარდასახა.

‘ყოჩებმა’ სცადა გარდატეხის შეტანა და მეტოქის 22-ში დიდი დრო გაატარა, მაგრამ ‘ხარებმა’ თავი დაიცვა. გიორგი ელოშვილის სინბინის შემდეგ, რუსთაველები მოედანზე კაცნაკლულები დარჩნენ, მაგრამ კიდევ ორი ლელოს გატანა მაინც მოახერხეს და ბონუსი აიღეს. 78-ე წუთზე სტუმრები საკუთარ 22-თან შეცდნენ და ლელო ბაქარ ზედგინიძემ გაიტანა, ხოლო გაწითლებულ დროზე ‘ხარების’ მოლი ერეკლე მაჭარაშვილის ლელოთი დასრულდა და საბოლოო შედეგი დაფიქსირდა – 35:12.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘ხარების’ მოთამაშე ლევან ჭავჭავაძე გახდა.

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე