დიდი 10 | ხარები 34:14 ლოკომოტივი

რუსთავის ‘ხარებმა’ თბილისის ‘ლოკომოტივს’ 34:14 სძლია და ორი საათით დაკარგული მეორე ადგილი დაიბრუნა.

„რუსთავი არენაზე“ გამართულ შეხვედრაში მასპინძლები გიორგი პეტრიაშვილის ჯარიმით დაწინაურდნენ. მე-14 წუთზე სტუმრებმა კარგად გაშალეს ბურთი და მეტობის გამოყენებით ლელოსაც გაიტანდნენ, მაგრამ გურამ ქანდაურაშვილმა ოვალს ხელი წაკრა და ისიც წინ წავიდა. ვიდეო-რეფერიმ ეპიზოდი რუსთაველთა გარემარბის სინბინით და საჯარიმო ლელოთი შეაფასა.

კაცნაკლულმა ‘ხარებმა’ იქით შეუტია, ‘ლოკომოტივი’ დაცვაში ზედიზედ რამდენჯერმე დაჯარიმდა და მსაჯმა რამაზ ბენდელიანი გააყვითლა, პეტრიაშვილმა კი, შესვენებამდე სამი ჯარიმა გაიტანა – 12:7.

44-ე წუთზე წიკლაურს კარის წინ 15 მეტრიდან გასატანი ჯარიმა გაუცუდდა, მალე კი ‘ხარებმა’ თავისი პირველი ლელო მიითვალა. მათ მაღალ ტემპში, ხელდახელ შეუტიეს, ლაშა გოგიაშვილმა ხაზი გაგლიჯა, რაქიდან ბურთი მარცხენა ფრთაზე სწრაფად ჩათამაშდა და ლევან ჭავჭავაძემ ლელო გაიტანა. პეტრიაშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახა და 56-ე წუთზე თავისი მეხუთე ჯარიმაც გაიტანა. ერთ წუთში სტუმრებს ფარნავაზ გასვიანი გაუსინბინეს და ‘ხარებმა’ მეტობა გამოიყენა – დერეფნიდან აგორებულ მოლს ერეკლე მაჭარაშვილის ლელო მოყვა – 27:7.

69-ე წუთზე ‘ლოკომოტივს’ გიორგი კერვალიშვილი გაუსინბინეს და ‘ხარები’ მეტოქის 5-მეტრიანს იყო მიმდგარი, თუმცა გიორგი გაზდელიანმა პასი ჩაჭრა და თამაში მეტოქის 22-თან გადაიტანა. 75-ე წუთზე კაცნაკლულმა სტუმრებმა კარგად გაშალეს შეტევა და ნიკა ჩიღვინაძემ ლელო გაიტანა, ვახტანგ კავთიძემ კი გარდასახა და „რკინიგზელებს“ ბონუსის მოპოვების შანსი გაუჩნდათ. მაგრამ თამაში რომ განახლდა ‘ხარებმა’ კარგი ხელდახელ შეტევით მეტოქის დაცვა მოქანცა და ჟორა მღებრიშვილმა ლელო გაიტანა, ხოლო მატჩის საუკეთესო მოთამაშე პეტრიაშვილმა გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 34:14.

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე