დიდი 10 | ხარები 30:42 ლელო-სარასენსი

დიდი 10-ის მე-14 ტურში, ლიდერების დაპირისპირება უხვქულიანი გამოდგა. გუნდებმა ჯამში 11 ლელო გაიტანეს, საიდანაც 6 სტუმრების, თბილისის ‘ლელო-სარასენსის’ ანგარიშზეა და მათ რუსთავში ‘ხარები’ 42:30 დაამარცხეს.

‘ლელოს’ 14-იდან 11 თამაში აქვს მოგებული, 49 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. მიუხედავად იმისა, რომ ‘ხარებმა’ ქულა ვერ აიღო, ჯამში 44 ქულით მეორე ადგილზეა და მდევარ ‘აიას’ 5 ქულით უსწრებს.

სტუმრებმა ნელ-ნელა უმატეს ტემპს, მეთოდურად მოიპოვეს უპირატესობა და 24-ედან მე-40-ე წუთამდე ხაზით ოთხი ლელო გაიტანეს. მაღალი წნეხის მიუხედავად, ‘ლელომ’ ბურთი შეინარჩუნა და საპირისპირო ფრთაზე შალვა აფციაურამდე ჩაათამაშა, მან ერთი მბოჭავი კონტაქტით მოიცილა, მეორეს გვერდი აუარა და ანგარიში გახსნა. ირაკლი ყიასაშვილის გარდასახვას 34-ე წუთზე ჯარიმით გიორგი პეტრიაშვილმა უპასუხა, თუმცა შესვენებამდე დარჩენილ დროში პრაქტიკულად მატჩის ბედი გადაწყდა.

თამაში რომ განახლდა იოანე მეტრეველმა რაქში ამოიღო ბურთი, სწრაფ კონტრშეტევას კარგი მიყოლა მოყვა და არჩილ აბესაძისა და გიორგი მარგალიტაძის კარგი თამაშის შემდეგ, ბექა მამუკაშვილმა ლელო ძელებსშუა გაიტანა. 38-ე წუთზე სტუმრებმა მეტოქე მისსავე 22-ში წნეხში მოაქციეს და ბურთი აართვეს, ის სწრაფად ჩაათამაშეს აფციაურამდე და მანაც დუბლი გაიფორმა. გაწითლებულ დროზე სწრაფი, ხელდახელ შეტევა, რომელშიც ფაქტობრივად მთელმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა გაგა ქევხიშვილის ლელოთი დასრულდა, ირაკლი ყიასაშვილმა კი ყველა გარდასახვა გამოიყენა – 28:3.

შეხვედრა რომ განახლდა სანდრო ილურიძემ ხაზი გაჭრა და მასპინძლებს ლელოს გატანის კარგი შანსი გაუჩნდათ, თუმცა მცველებმა შემტევს ბურთი ხელიდან ამოაცალეს, ყიასაშვილმა ის ქევხიშვილამდე ჩაიტანა, რომელმაც ხაზი გაჭრა, სიჩქარე აკრიფა და 95-მეტრიანი რეიდი ლელოთი დაასრულა, ყიასაშვილმა კი გარდასახა. ‘ლელო’ ლელოებით 5:0 დაწინაურდა და თითქოს ბონუსის აღებაც აღარ უნდა გაჭირვებოდა, მაგრამ ‘ხარები’ არ გატყდა და ქომაგს ბრძოლით დაამახსოვრა თავი.

მასპინძელთა შეტევებს 48-ე წუთზე მოლის შემდეგ თორნიკე აქუბარდიას მიერ გატანილი ლელო მოყვა და პეტრიაშვილმა გარდასახა. გავიდა 10 წუთი და ‘ხარების’ გააფთრებული შეტევები სანდრო ილურიძის ლელოთი დასრულდა; 64-ე წუთზე მარცხენა ფრთაზე ჟორა მღებრიშვილი გაიქცა და ბურთი გიორგი ნათელაშვილს ამოუგდო, რომელიც შემტევს კარგად მიყვა. 71-ე წუთზე მოლი ირაკლი ქვათაძის ლელოთი დასრულდა და რომ არა სამი აცილებული გარდასახვა, სხვაობა სტუმრებისთვის სახიფათო გახდებოდა.

‘ლელომ’ შეძლო მცირე შოკიდან გამოსვლა, 75-ე წუთზე მოლის შემდეგ მოკლე ფრთაზე შეუტია და დიტო ბურაიას ლელო ყიასაშვილმა გარდასახა. ბოლო წერტილი მასპინძლებმა დასვეს, როდესაც გურამ ქანდაურაშვილი ლელოში შევიდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 42:30 სტუმრების სასარგებლოდ. მატჩის საუკეთესო მოთამაშე შალვა აფციაური გახდა.