დიდი 10 | ხარები 30:25 ყოჩები

დიდი 10-ის მე-10 ტურის დასკვნით მატჩში, რუსთავის ‘ხარებმა’ ბოლნისის ‘ყოჩებს’ 30:25 მოუგო და 33 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში დაბრუნდა.

მასპინძლებმა მეტოქეს 5 ლელო გაუტანეს – ლევან ნარიმანიძემ დუბლი შეასრულა, ბაქარ ზედგინიძემ, ლექსო მელიქიშვილმა და ბექა ბებიაშვილმა თავი თითოჯერ გამოიჩინეს, ხოლო კიდევ 5 ქულა გუნდს ვაჟა ხუციშვილმა ჯარიმითა და გარდასახვით შესძინა.

ბოლნისელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პირველი ტაიმის შემდეგ 19-ქულიანი ჩამორჩენა 5-მდე დაიყვანეს და ბონუსი აიღეს.

მატჩის დებიუტში ვაჟა ხუციშვილმა და თემურ სოხაძემ ჯარიმები გაცვალეს. მერე რუსთაველებმა ტემპს უმატეს და 3 წუთის ინტერვალში ორი ლელო გაიტანეს. მე-12 წუთზე ნარიმანიძეზე ბოჭვები გაფუჭდა, მანაც ხაზი გაჭრა და ლელო ხუციშვილმა გარდასახა. მერე ‘ხარებმა’ ფრთაზე გაშალეს ბურთი, ბაქარ ზედგინიძე ბოლო მცველს დაუსხლტა და ანგარიში 15:3 გახადა.

სოხაძემ მალევე მეორე ჯარიმა გაიტანა, თუმცა ‘ყოჩებმა’ ტაიმის მიწურულს კიდევ ორი ლელო გაუშვა. 37-ე წუთზე ბოლნისელთა 22-ის ხაზთან ორივე გუნდმა დაუშვა შეცდომა, სიტუაციაში ყველაზე სწრაფად რუსთაველები გაერკვნენ და ლექსო მელიქიშვილმა ლელო გაიტანა. ორიოდე წუთში მასპინძლებმა სწრაფი, ხელდახელ შეტევა წამოიწყეს და ამჯერად ლელო ბექა ბებიაშვილმა მიითვალა. გარდასახვები არაზუსტი იყო და ტაიმი 25:6 დასრულდა.

მეორე ტაიმი ორივე გუნდმა შეცდომებით დაიწყო და ამით სტუმრებმა იხეირეს. სოხაძე ჯარიმიდან ბურთის აუტში გადატანას ცდილობდა, მცველმა ის ნახტომში, მოედანში დატოვა, თუმცა ოვალი მაღალ სიჩქარეზე ლევან გოგოლაშვილმა აიტაცა და ორ წამში ლელო იზეიმა. გარდასახვა არაზუსტი იყო.

ბოლნისელები მთელი თამაშის განმავლობაში შერკინებაში უპირატესობას ფლობდნენ და 58-ე წუთზე გიორგი გოგოლაძე სინბინით დაისაჯა, ხოლო 66-ეზე ‘ყოჩებმა’ საჯარიმო ლელო გამოიმუშავა. 69-ე წუთზე, სტუმრები ლევან მაღრაძის სინბინის შემდეგ კაცნაკლული დარჩნენ, რითაც მალევე ისარგებლა ‘ხარებმა’, ნარიმანიძე ფრთაზე ბოლო მცველს გაექცა და დუბლი შეასრულა. გარდასახვა კვლავ არაზუსტი იყო.

კაცნაკლულმა ‘ყოჩებმა’ შეძლო შეტევის ორგანიზება და ამას ჟორა მღებრიშვილი სინბინით შეეწირა. სტუმრებმა კვლავ შერკინებით შეუტიეს და გიორგი ნოდიამ ლელო გაიტანა, ხოლო სოხაძემ გარდასახვით სხვაობა 5 ქულამდე დაიყვანა. დარჩენილ დროში ქულების აღების შანსი ‘ხარებს’ ჰქონდა, მაგრამ ხუციშვილს ჯარიმა გაუცუდდა, მისმა გუნდმა 30:25 იმარჯვა და ‘ყოჩებს’ ბონუსი შეხვდა. ბოლნისელები 13 ქულით ჯერჯერობით ბოლო ადგილზე არიან.