დიდი 10 | ხარები 28:31 არესი

ქუთაისის ‘არესმა’ რუსთავში ‘ხარებს’ 31:28 სძლია და სატურნირო ცხრილში 13 ქულით მეოთხე ადგილამდე დაწინაურდა.

რუსთაველები საკუთარ მოედანზე უკვე ზედიზედ მეორე თამაშია ვერ იგებენ, თუმცა 15 ქულით მეორე ადგილს ინარჩუნებენ.

მეხუთე ტურის პირველი შეხვედრა სტუმართა იერიშებით დაიწყო და მე-11 წუთზე ლელოთი დასრულდა. ‘არესმა’ მასპინძელთა 22-ში მეტოქის შერკინება მოიგო და მეორე დარტყმით რეზო არჩვაძემ დაცვის ბოლო ზღუდე გაარღვია. გიორგი თევდორაძემ გარდასახვის შემდეგ კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა და საკუთარი გუნდის უპირატესობა 13 ქულამდე გაზარდა, მაგრამ ტაიმი მაინც ‘ხარებმა’ მოიგო.

მას მე-15 წუთზე ვიდეო-რეფერიმ მოლით გატანილი ლელო ბლოკირების გამო გაუუქმა, თუმცა 37-ე წუთზე ყველაფერი წესების დაცვით შესრულდა – მოლის ჩაქცევის შემდეგ ბურთი ხაზზე გავიდა და გიორგი კოშაძემ ბოლო 5 მეტრი ორ მბოჭავთან ჭიდილში დაფარა. ბოლო წუთზე ‘ხარებმა’ უკვე ხაზზე გაშალა ბურთი და ლელო დემურ ეფრემიძემ გაიტანა. გიორგი პეტრიაშვილის გარდასახვები ზუსტი იყო – 14:13.

მეორე ტაიმის დასაწყისში ამირან შვანგირაძემ თავისი ნახევრიდან კარგი კონტრშეტევა წამოიწყო და ის ბადრი დანგაძის ლელოთი დასრულდა. გარდასახვა არაზუსტი იყო და 49-ე წუთზე უკვე თავად ‘არესს’ შეემთხვა თერნოვერი, რომელიც ერეკლე მაჭარაშვილის ლელოთი და პეტრიაშვილის გარდასახვით დასრულდა.

ქუთაისელები არ გატყდნენ და დასკვნით მეოთხედში გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს. 62-ე წუთზე მათ მოლით დაახლოებით 12 მეტრი დაფარეს და ძალისმიერი ლელო ჯაბა ჩეჩელაშვილმა გაიტანა. თევდორაძემ გარდასახა, მომდევნო 10 წუთში კიდევ ორი ზუსტი ჯარიმა შეასრულა და საკუთარ გუნდს გამარჯვება დაუბევა. მასპინძლებმა ბოლომდე იბრძოლეს, კარგი ხელდახელ შეტევის შემდეგ კოშაძემ ხაზი გაჭრა 30-მეტრიანი ინდივიდუალური გარღვევა ლელოთი დაასრულა, გიორგი ბასილაიამ კი გარდასახა.

რუსთაველებმა გამარჯვების იმედად ბოლო შეტევა თავისი ნახევრიდან წამოიწყეს, მაგრამ ცენტრთან დაჯარიმდნენ და მხოლოდ ნუგეშს დასჯერდნენ – 28:31. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘არესის’ მგეზავი გიორგი თევდორაძე გახდა.

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე