დიდი 10 | ხარები 28:30 ლელო

თბილისის ‘ლელომ’ ‘ხარებს’ რუსთავში გადამწყვეტი ლელო მატჩის მიწურულს გაუტანა, გარდასახვაც ზუსტი იყო და უმნიშვნელოვანეს, დაძაბულ მატჩში 30:28 იმარჯვა.

მასპინძლები თითქმის მთელი შეხვედრა ლიდერობდნენ, თუმცა გამარჯვება ხელიდან გაუშვეს და პოზიციები დათმეს. 15 თამაშის შემდეგ, ‘ლელო’ 43 ქულით მესამე ადგილზე დაწინაურდა, ‘ხარები’ კი ნუგეშ-ქულას დასჯერდა და ჯამში 39 ქულით, მეხუთე პოზიციაზეა, ოღონდ ერთი გამოტოვებული შეხვედრა აქვს.

პირველ ტაიმში მაყურებელმა მხოლოდ ორი შედეგიანი შეტევა იხილა. თამაში ‘ხარების’ ძალისმიერი შეტევებით დაიწყო, მათ ჯარიმა კარში არ დაარტყეს და მე-7 წუთზე აგორებული მოლით, ლელო გიორგი გოგუაძემ გაიტანა, გიორგი პეტრიაშვილმა კი გარდასახა. გიორგი ასათიანმა მე-15 წუთზე ჯარიმით უპასუხა და ტაიმი 7:3 დასრულდა.

მეორე ტაიმი უფრო შედეგიანად დაიწყო. დებიუტში ასათიანმა ჯარიმით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა; 45-ე წუთზე ‘ხარებმა’ 5-მეტრიანი დერეფნიდან კიდევ ერთი მოლი ააგორა და გოგუაძემ დუბლი შასრულა, პეტრიაშვილმა კი გარდასახა. განახლდა თუ არა შეხვედრა, გაგა ქევხიშვილმა თავისი ნახევრიდან ბურთი წამოიღო და 22-ში შევიდა, ორი პასის შემდეგ კი, ლაშა ციხისთავმა ლელო ალამთან გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო.

51-ე წუთზე რუსთაველებმა 10-მეტრიან წყვეტილთან დერეფანში გაითამაშეს კომბინაცია, გიორგი ნარიმანიძემ ხაზი სუფთად გაჭრა და პეტრიაშვილმაც მისი ლელო რთული პოზიციიდან გარდასახა. ‘ლელომ’ ჩამორჩენა 62-ე წუთზე შეამცირა – მოლმა მიზანს ვერ უწია, თუმცა იქიდან გამოსული ბურთი ბექა მამუკაშვილმა მიიღო, ცრუმოძრაობით მცველი დააბნია და ლელო გაიტანა, ასათიანმა კი გარდასახა. ‘ხარებს’ 10-ქულიანი უპირატესობის დასაბრუნებლად 5 წუთი დაჭირდა. ასათიანის შეცდომის შემდეგ, რუსთაველებმა 5-მეტრიანი შერკინება მიიღეს, ბურთი მარჯვენა ფრთაზე ბოლომდე ჩათამაშდა და ლელო გიორგი კოშაძემ გაიტანა, პეტრიაშვილმა კი რთული პოზიციიდან კვლავ გარდასახა.

მასპინძლები გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ პირველი ბურთი ვერ აიღეს, გიორგი მარგალიტაძემ კონტრშეტევა წამოიწყო და საქმეში თორნიკე კახოიძე ჩართო, რომელმაც გიორგის ოფლოუდით ბურთი დაუბრუნა და მას ლელოს გატანის გარდა აღარაფერი დარჩენოდა. გარდასახვა არაზუსტი იყო, თუმცა ‘ლელოს’ მოგების შანსი გაუჩნდა და 75-ე წუთზე მიზანსაც მიაღწია – თანმიმდევრული შეტევა სოსოს ჭყოიძის ლელოთი დასრულდა და ანგარიში გათანაბრდა, ასათიანმა კი გარდასახვიდან გაიტანა.

სტუმრებმა დარჩენილი წუთები გაიყვანეს და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანეს – 30:28. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი მარგალიტაძე გახდა.

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე