დიდი 10 | ხარები 28:19 აია

რუსთავის ‘ხარებმა’ ქვეყნის ჩემპიონი ქუთაისის ‘აია’ ერთმატჩიან ფლეი ოფში 28:19 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

რეგულარულ გათამაშებაში ‘ხარებმა’ მესამე, ხოლო ‘აიამ’ მეექვსე ადგილი დაიკავა და დებულების თანახმად, თამაში რუსთავში გაიმართა. სტუმრებმა ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა მასპინძლებმა პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნეს და შემდეგ ეტაპზე დამსახურებულად გავიდნენ.

ბონდო აბაშიძემ ‘აია’ დებიუტშივე ჯარიმით დააწინაურა, თუმცა 10 წუთის შემდეგ ‘ხარებმა’ შეძლო მეტოქის 22-ში შესვლა, 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი ააგორა და ლევან ჭავჭავაძემ თავისი და შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა. 5 წუთში რუსთაველებმა მოლით უკვე 22-ის გარედან შეუტიეს და 8-10 მეტრი მოიგეს, მერე ბურთი ხაზზე გავიდა, რაქის შემდეგ ვაჟა ხუციშვილმა არეულ დაცვას თავად შეუტია და ლელო ძელებსშუა გაიტანა, გიორგი პეტრიაშვილმა კი გარდასახა.

26-ე წუთზე რუსთაველებმა თავისი 22-იდან ფეხით გამოსვლისას ცუდად ითამაშეს და მარჯვენა ფრთაზე სწრაფი კონტრშეტევა მიიღეს, ბურთი მარცხნივ ბოლომდე ჩათამაშდა, გიორგი აბრამიძემ ოვალი ფეხით გადაიკიდა და ერთი ლელო გაქვითა, მაგრამ მალევე ‘ხარებმა’ მოლის შემდეგ კიდევ ერთი ლელო გაიტანა. ბურთი ამჯერადაც ჭავჭავაძემ დაამიწა, რომელსაც მიმდინარე სეზონში უკვე 16 ლელო დაუგროვდა და 6-ით უსწრებს უახლოეს მდევარს. ის მოგვიანებით მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. პეტრიაშვილმა გარდასახვის შემდეგ ჯარიმაც გაიტანა, აბაშიძემ ჯარიმით 38-ე წუთზე უპასუხა და ტაიმი 22:11 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში პეტრიაშვილმა ჯარიმით მასპინძელთა უპირატესობა გაზარდა. 64-ე წუთზე ‘აიას’ მოლს საბა ხონელიძე მოწყდა და ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო, თუმცა გუჯა მახარეიშვილმა 72-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა და სხვაობა 6 ქულამდე დაიყვანა. მაგრამ ‘ხარებმა’ შეძლო დასკვნითი წუთების მეტოქის ნახევარზე გატარება, პეტრიაშვილმა მატჩის მიწურულს ჯარიმა გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 28:19.

‘ხარები’ ფლეი ოფის მეორე ეტაპზეც (22 მაისს) საკუთარი მოედნის უპირატესობით ისარგებლებს, მისი მეტოქე კი დღეს, „ლელო არენაზე“ ‘ლელოსა’ და ‘აკადემიის’ შეხვედრაში გაირკვევა.

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე